გადაწყვეტილება №22992/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2024
№ დოკუმენტი 22992/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22992/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------------- 30.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22992/2/2024).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №ELC28825 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №ELC28826 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4459 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 27.04.2021 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქის ------------ის (პასპ/ნ -------------) წარმომადგენლის ------------ (პ/ნ ------------) მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანის №------------, შასის №----------------) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 26.06.2021 წელი.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 27.04.2021 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქის ---------------ის (პასპ.№--------------) წარმომადგენლის ---------- (პ/ნ -----------) მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო №------------, ავტომანქანის №-------------) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანა, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრა 26.06.2021 წელი.

აღნიშნულ ვადაში ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, ასევე არ განხორციელებულა მათი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.

გამოვლენილ ფაქტებზე, საბაჟო დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №------------- და №----------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით (თითოეული ოქმით 1 000 ლარი).

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2024 წლის №4459 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებზე, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 165-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სატრანსპორტო საშუალებების (ვინ კოდი ------------ და -----------, ტრანზიტული რეგისტრაციის №----------- და №------------) მართვა განახორციელა მინდობილობის საფუძველზე. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, ისინი ეკუთვნოდა სულ სხვა პიროვნებას. აქედან გამომდინარე, მომჩივანმა განახორციელა მხოლოდ მძღოლის ფუნქცია და სატრასპორტო საშუალებების მიმართ საკუთრების ინტერესი არ გააჩნია. შესაბამისად, დეკლარირების ვალდებულებაც უნდა გავრცელებულიყო სხვა პირზე, რომელიც დაინტერესებული იყო ან/და არის აღნიშნული სატრასპორტო საშუალებებით.

იმ პირის მონაცემები, რომლის სასარგებლოდაც მომჩივანმა განახორციელა მითითებული სატრასპორტო საშუალებების ფაქტობრივი მართვა, აღნიშნული არის მინდობილობაში, რომელიც უნდა იყოს შენახული წარდგენის შედეგად საბაჟო ორგანოებში.

მომჩივანს მიაჩნია, რომ გასაჩვრებული საბაჟო სამართლადარღვევის ოქმები არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ასევე, მათში არასრულყოფილადაა მითითებული გასაჩვრების წესი, რაც წარმოადგენს კანონდარღვევას. არასწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და ისე იქნა გამოცემული ბრძანება.

ზომოაღნიშნულზე მიმთითებით, მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის მიერ ბრძანებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.

2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2.05.2024 წელს მოწოდებული №--------- წერილით დგინდება, რომ მომჩივანი არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანაზე პასუხისმგებელი პირი და მისი მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

მომჩივნის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებების (ვინ კოდი -------------- და -------------- , ტრანზიტული რეგისტრაციის №---------- და №------------) მართვა განახორციელა მინდობილობის საფუძველზე. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, ისინი ეკუთვნოდა სულ სხვა პიროვნებას. აქედან გამომდინარე, მომჩივანმა განახორციელა მხოლოდ მძღოლის ფუნქცია და სატრასპორტო საშუალებების მიმართ საკუთრების ინტერესი არ გააჩნია. შესაბამისად, დეკლარირების ვალდებულებაც უნდა გავრცელებულიყო სხვა პირზე, რომელიც დაინტერესებული იყო ან/და არის აღნიშნული სატრასპორტო საშუალებებით.

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებები დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სატრანსპორტო საშუალებები დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტებს.

 

გადაწყვეტილება

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 14(4,5);71(2);73(1);163(1);165;71(1,2);