ბრძანება N 16313

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.07.2025
№ დოკუმენტი 16313
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16313

21 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------------ს“ (ს/ნ ---------------)

(მის.: ------------------------------------)

2025 წლის 2 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „-------------ს“ (ს/ნ ---------------) 2025 წლის 2 ივნისის №--------/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №094-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. სალაროს არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოში წარდგენილია საბანკო ამონაწერები, რომლითაც დასტურდება სალაროში არსებული თანხის უდიდესი ნაწილის საბანკო ანგარიშზე შეტანის ფაქტი, კერძოდ სალაროდან გატანილია ზუსტად ის თანხები, რაც აღნიშნულ დღეებში შეტანილია საბანკო ანგარიშზე. აგრეთვე, აცხადებს, რომ 100 000 ლარის დივიდენდად აღიარების გამო, დამფუძნებლის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, სალაროს ნაშთი გაწითლდება აღნიშნული თანხით. მიუთითებს, რომ კომპანიას ჰქონდა ზედმეტად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რაც შემოწმებამ არ შეამცირა. ასევე, მომჩივანი ითხოვს, დროში გადანაცვლებული სახელფასო განაცემების გამო დარიცხულ 49 319 ლარის საშემოსავლო გადასახადზე დარიცხული ჯარიმის პატიებას ან/და მისი განაკვეთის შეცვლას 50% დან 10% მდე.

2. დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით, მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმებამ დასაბეგრი ბაზიდან ამოიღო მხოლოდ ის დებიტორები, რომელთა დავალიანება აღემატებოდა 100 ლარს, მაშინ როდესაც შეეძლო ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და საერთოდ ჩამოეწერა უიმედო დავალიანების თანხები, ვინაიდან ეს თანხები 100 დან 400 ლარამდეა და თითოეულ დებიტორზე სასამართლოში სარჩელის შეტანაზე გაწეული ხარჯი აჭარბებს მისაღები სარგებლის ოდენობას. აგრეთვე, მიუთითებს, რომ დებიტორების ნაწილი გასულია ქვეყნიდან და შეუძლებელია დებიტორული დავალიანების არსებობის ნოტარიულად დადასტურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №926 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ივლისის №094-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 27 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ბუღალტრული პროგრამის მონაცემები თანხის დაფარვის თაობაზე);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №926 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 30 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 47 634 ლარი, მათ შორის გადასახადი 31 756 ლარი, ჯარიმა 15 878 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 6 მაისის №094-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადაანგარიშების ფარგლებში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები 2023 წლის ივნისის და ივლისის თვეების და სალაროს მოძრაობის უწყისი 2023 წლის ივნისის თვის ჩათვლით. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც შეეხება გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს ზედმეტად დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი მასალების მიხედვით (ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, საბანკო ამონაწერები და სხვა ხელთ არსებული მასალები), კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რიგ თვეებში გაცემული და დეკლარირებული იყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ხელფასები, რომელიც გათვალისწინებული იყო სალაროს მოძრაობის ანალიზის დროს, შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული გაცემული ხელფასებით შემცირებული იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ანალიზი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით, აღნიშნულ თემაში ასევე გათვალისწინებულ იქნა დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხი, სადაც გათვალისწინებულია საკასო შემოსავლის 10%. შემოწმების მიერ ასევე ჩატარდა ანალიზი საბანკო ანგარიშზე შეტანილ თანხებთან დაკავშირებით 2023 წლის ივლისის თვის ჩათვლით, რომლის მიხედვით საწარმოში მუდმივად ხორციელდება სალაროდან ბანკში ნავაჭრი თანხების შეტანა და თვის ბოლოს ისევ ფიქსირდება არაგონივრული ნაშთი, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შეუძლებელია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში იმ ანალიზის ჩატარება, თუ რეალურად რომელი თანხის შეტანა განხორციელდა საბანკო ანგარიშზე, წინა პერიოდში მიღებული შემოსავლის, თუ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ წარმოშობილი თანხებიდან გამომდინარე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა (კორექტირებას) შემცირებას.

2. გადაანგარიშების ფარგლებში, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა: სალაროს შემოსავლის ორდერები, ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები დებიტორულ დავალიანებებთან მიმართებაში, აღნიშნულ ფიზიკურ პირების შესაბამისი ბუღალტრული ბარათები დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით, ბუღალტრული პროგრამის მონაცემები თანხის დაფარვის თაობაზე, ბუღალტრული პროგრამა „ორისი“. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სალაროს მოძრაობა სალარო აპარატში ამორტყმული ჩეკების ანალიზის მიხედვით, სულ ჯამურად როგორც ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებების, ასევე სხვა ჩატარებული ანალიზით, დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით შემცირებას დაექვემდებარა სულ 141 139 ლარი. შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით, ასევე დაკორექტირებულ იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი 31 756 ლარით, ასევე ჯარიმა 15 878 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები, საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, კომპანიას აქვს გაწეული ხარჯები, რომლებიც არ არის შემოწმების მიერ გათვალისწინებული და შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მ.შ კომპანიის სატელეფონო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და გადახდებზე გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხთან, კერძოდ სალაროს არაგონივრული ნაშთის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები; თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმის პატიებასთან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული 50%-იანი ჯარიმის ნაცვლად 10%-იანი ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №926 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმებამ დასაბეგრი ბაზიდან ამოიღო მხოლოდ ის დებიტორები, რომელთა დავალიანებაც აღემატებოდა 100 ლარს, მაშინ როდესაც შეეძლო ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და საერთოდ ჩამოეწერა უიმედო დავალიანების თანხები, ვინაიდან ეს თანხები 100 დან 400 ლარამდეა და თითოეულ დებიტორზე სასამართლოში სარჩელის შეტანაზე გაწეული ხარჯი გადააჭარბებს მისაღები სარგებლის ოდენობას. აგრეთვე, მიუთითებს, რომ დებიტორების ნაწილი გასულია ქვეყნიდან და შეუძლებელია დებიტორული დავალიანების არსებობის ნოტარიულად დადასტურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, შემოსავლების სამსახურის №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოს და გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფიზიკური პირების 1 000 ლარამდე დებიტორული დავალიანებების მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა არამართლზომიერია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან მიმართებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკური პირებზე 1 000 ლარამდე არსებული დებიტორული დავალიანებების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, სალაროს არაგონივრული ნაშთის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირებზე 1 000 ლარამდე არსებული დებიტორული დავალიანებების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება :

1. სალაროს არაგონივრულ ნაშთის განსაზღვრას.ითხოვს, დროში გადანაცვლებული სახელფასო განაცემების გამო დარიცხულ 49 319 ლარის საშემოსავლო გადასახადზე დარიცხული ჯარიმის პატიებას ან/და მისი განაკვეთის შეცვლას 50% დან 10% მდე.

2. დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №926 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №094-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 27 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ხოლო, დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცას წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ბუღალტრული პროგრამის მონაცემები თანხის დაფარვის თაობაზე). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №926 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 47 634 ლარი, მათ შორის გადასახადი 31 756 ლარი, ჯარიმა 15 878 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №094-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხთან, კერძოდ სალაროს არაგონივრული ნაშთის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები; თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმის პატიებასთან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული 50%-იანი ჯარიმის ნაცვლად 10%-იანი ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №926 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან,მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან მიმართებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკური პირებზე 1 000 ლარამდე არსებული დებიტორული დავალიანებების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 82(1 „თ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);