ბრძანება N 19048
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19048
27 აგვისტო 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.: „-------“)
2025 წლის 18 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 18 ივლისის №96944/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №006-201 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად ასახვას. განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დანაკლისად განხილული საქონელი ამოღებულ იქნა 2020 წლის 22 იანვარს, „-------"-ის რაიონის სოფელ „-------"-ში, ფ/პ „-------"-ს (პ/ნ „-------") საცხოვრებელი სახლიდან საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის №058220120001 საქმის გამოძიების ფარგლებში. გადამხდელი აცხადებს, რომ ფ/პ „-------"-საგან ამოღებული მაინერები წარმოადგენს შპს „------- -ის“ საკუთრებას, რაც დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებით და დოკუმენტებით:
1. 2019 წლის განმავლობაში შპს „-------" მიერ „-------"-ის რაიონში შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდულია მაინერები/სერვერები 177 ცალი;
2. ზემოთ აღნიშნული საქონელი შენახული იყო ფ/პ „-------"-სთან, რასაც ადასტურებს ფ/პ „-------" ახსნა-განმარტებით;
3. 2020 წლის 22 იანვარს სს „------- -ს“ მიერ ფ/პ „-------"-ს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ „-------"-ს მიერ „-------"-ის რაიონის, სოფელი „-------"-ში, ტრანსფორმატორზე უკანონოდ დაერთებული იყო 410 ცალი მაინერი. „-------"-ის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ფ/პ „-------", რომელსაც ბრალი ედებოდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებაში, გამართლებული იქნა საქმეზე №„-------" ანუ ბრალი არ დადასტურდა, სასამართლოს მიერ დამდგარი გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე „-------"-სგან ამოღებული მაინერები ექვემდებარება უკან დაბრუნებას. შესაბამისად, მაინერები დაუბრუნდება შპს „----- -ს “.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი განმარტავს, რომ სამსჯელოა დანაკლისად განხილული საქონელი წარმოადგენს თუ არა არსებული საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დანაკლისს. ამასთან გადამხდელი აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგებში გათალისწინებული არ ყოფილა საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული მაინერების რაოდენობა, რამაც გამოიწვია კომპანიის დაჯარიმება.
2. მომჩივანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №15824 ბრძანების საფუძველზე შპს „------- -ს “ (ს/ნ „-------“) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №14099 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-201 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 134 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 38 089 ლარი, ჯარიმა 19 045 ლარი და საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №26401 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად 2024 წლის 20 მარტს შედგენილ იქნა №CB1602908 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით საწარმოს გამოუვლინდა 983 205 ლარის საბაზრო ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით და 0% ფასნამატის გათვალისწინებით) სმფ-ების დანაკლისი და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 მარტის №CB1602908 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 98 320 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის შედეგებს და საჩივრის გზით დავა განაგრძო შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, შემდგომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით. შესწავლის შედეგად დაკორექტირდა ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 983 205,52 ლარისა შეადგინა 113 640,29 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 , 97-ე, 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტში განხილული იქნა მიწოდებად და ასახულ იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში, ამასთან საწარმო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 983 205 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი, რაზეც შედგენილ იქნა 2024 წლის 20 მარტის №CB1602908 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის შედეგებს და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. დავის შედეგების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, დაეწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეესწავლა სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სანქციის კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სმფ-ების (მაინერები და სხვა) ექსპერტიზის დასკვნების და ინვენტარიზაციის მასალების დამატებით შესწავლის შედეგად დაკორექტირდა ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 983 205.26 ლარისა შეადგინა 113 640.29 ლარი.
ყოველივე აღნიშნულიდან გადმომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტში განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად ასახვას.
2.მომჩივანი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად საწარმოს გამოუვლინდა 983 205 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 98 320 ლარის ოდენობით.
გადამხდელი არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის შედეგებს და საჩივრის გზით დავა განაგრძო შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, შემდგომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით. შესწავლის შედეგად დაკორექტირდა ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 983 205,52 ლარისა შეადგინა 113 640,29 ლარი.სსკ-ის 983 , 97-ე, 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტში განხილული იქნა მიწოდებად და ასახულ იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში, ამასთან საწარმო დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
983,163,286.