გადაწყვეტილება №25321/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25321/2/2025
23 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 13.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25321/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19634 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-689 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მარტის №006-14 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10271 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-689 საგადასახადო მოთხოვნით - 228 445.70
ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 133 705
დღგ - 61 474
მოგების გადასახადი - 56 284
საშემოსავლო გადასახადი - 15 947
ჯარიმა - 53 192
საურავი - 41 548.70
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მარტის №006-14 საგადასახადო მოთხოვნით - 257 631.84 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 133 705
დღგ - 61 474
მოგების გადასახადი - 56 284
საშემოსავლო გადასახადი - 15 947
ჯარიმა - 53 192
საურავი - 70 734.84
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19634 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14068 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2018 წლის თებერვლის თვეში „--------“ - მ მომჩივანი საწარმოს კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება (ს/კ „--------“ მდებარეობა: ქ. „------“, „------“, სავაჭრო ფართი 65 კვ.მ), რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 100 000 ლარის ოდენობით (წარდგენილია ახსნა-განმარტება, ქონება ექსპერტების მიერ შეფასებული არ ყოფილა). 2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება „--------“ -მ გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან (საჯარო რეესტრის მონაცემებით მიიღო პირად საკუთრებაში), რომლის ღირებულებაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებით განისაზღვრა 82 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ზემოთხსენებული უძრავი ქონება შეფასდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ და კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებად დადგინდა 403 000 ლარი. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და 165-ე მუხლის პირველის ნაწილის საფუძველზე, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 23 მარტი და დაერიცხა დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32875 ბრძანება და №006-689 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 228 445.70 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანება 29.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 12.07.2024 წლის №22982/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის დასკვნა, 26.07.2024 წლის №17509 ბრძანება და №006-391 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 11 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.08.2024 წლის №19634 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19634 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2025 წლის დასკვნა, 7.03.2025 წლის №4001 ბრძანება და №006-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 2 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 21 მაისის №10271 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეიტანა პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (რომელიც მის საკუთრებაშია 2007 წლიდან) ს/კ „------“ მდებარე ქ. „------“, „------“ , ფართი 65 კვ.მ, შეტანა მოხდა ფორმალურად იმ მოტივით, რომ ბანკი კომპანიაზე სესხის გაცემისთვის დამატებით სთხოვდათ შესაბამის უზრუნველყოფას კომპანიის უძრავი ქონებით (რადგან სესხის უზრუნველყოფა მისი როგორც ფიზიკური პირის ქონებით შეუძლებელი იყო, ამიტომ განხორციელდა მისი ფორმალურად შეტანა კაპიტალში). აღნიშნული სესხი შეთანხმებული იყო ფონდ აწარმოე საქართველოსთან და მიზნად ისახავდა კომპანიის გაფართოვებას და უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, რამაც შესაძლებლობა მოიცათ კოვიდ-19 პანდემიის დროსაც ემუშავათ და გადაეხადათ გადასახადები ბიუჯეტში. წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტებით პირდაპირ დასტურდება კომპანიის მიერ კრედიტის აღება და შემდგომ მისი დაფარვა (დოკუმენტაცია თანდართულია საჩივარზე). მოცემულიდან გამომდინარე, საწესდებო კაპიტალში შეტანილია და შემდეგ გამოტანილია ერთიდაიგივე უძრავი ქონება ცვლილებების გარეშე (უძრავ ქონებაში არ ჩატარებულა რემონტი და ის არანაირი ფორმით არ გაუმჯობესებულა), შეფასების ღირებულებით ნაწილში (შეტანაგატანის) არ უნდა იწვევდეს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობას. ექსპერტის მიერ შეფასებული უძრავი ქონების კაპიტალში შეტანა-გატანის საბაზრო ფასში არსებული სხვაობა გამოწვეულია ბაზარზე უძრავი ქონების ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია აუდიტორის დაშვებული შეცდომები, უყურადღებობა და გულგრილობა, რომელიც გამოიხატება შემდეგ საკითხში:
1. აუდიტორი ასკვნის, რომ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის მიწოდებად განიხილება: საწარმოოს ან/და ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორებისათვის ან ამხანაგობის წევრებისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში მიღება. გავიხსენოთ რა წერია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის ბრძანება №14068-ში, დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდეს 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდში იურიდიული პირის კაპიტალში შენატანის დაბრუნების (და არა გასანაწილებელი მოგების სანაცვლოდ მიღებული არაფულადი უძრავი ქონების გადაცემა) საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარაციის სისწორე. ბრძანებაშიც ნათლად ჩანს, რომ შენატანის დაბრუნებასთან არის საქმე და არა წილის განაწილების სანაცვლოდ არაფულადი სახით უძრავი ქონების მიღებასთან და ფაქტიურადაც ასე მოხდა. მან მის მიერ კაპიტალში შეტანილი ქონება დაიბრუნა უკან არა მოგების განაწილების სანაცვლოდ და არც წილის სანაცვლოდ, მისი წილი კომპანიაში უცვლელი დარჩა როგორც იყო 100% ისევ 100% -ია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი არ შეესაბამება ფაქტიურად განხორციელებულ ოპერაციას. ასევე, აღნიშნული არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც საქონლის მიწოდება და შესაბამისად არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით.
2. აუდიტორმა მიიღო მისგან ახსნა-განმარტება ქონების კაპიტალში შეტანაზე და გატანაზე, ასევე მიცემულ დოკუმენტში მითითებული იყო ქონების შეტანის და გატანის ღირებულებები, აუდიტორი რატომღაც დაეთანხმა ქონების შეტანის ღირებულებას და ქონების გატანის ღირებულება გადააფასა, რის შედეგადაც მივიღეთ აბსურდული ფასნამატი შეტანასა და გატანას შორის. აუდიტორი ვერ მიხვდა ან შესაძლებელია არ მიხვდა, რომ ქონების შეტანის ფასიც უნდა გადაეფასებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, ისედაც დაზარალებული როგორც ფინანსურად ასევე ემოციურად და მორალურად, კიდევ უნდა გაწიოს ხარჯი ქონების შეფასებისთვის და ამტკიცოს, რომ 2018 წლის ოქტომბერში შეტანილი ქონების ღირებულების და 2022 წლის მარტში გატანილი ქონების ღირებულებებს შორის განსხვავება 400% ვერანაირად ვერ იქნება, ანუ აუდიტორი “ამტკიცებს“, რომ 4 წელიწადში 400%-ით გაძვირდა აღნიშნული ქონება, მითუმეტეს კორონა ვირუსის პერიოდში და მსოფლიო კრიზისი დროს, ნუთუ აუდიტორი არ უნდა დაინტერესებულიყო ამ ფაქტით? აუდიტორი აღნიშნულ ოპერაციას უკავშირებს შემდეგ მუხლს და განმარტავს, საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტის საწარმო. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტია: ა) განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არა ფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლი ნათლად აღნიშნავს, რომ ეს მუხლი ეხება გასანაწილებელი მოგების ნაცვლად მიღებული არაფულადი ფორმით დასაბეგრ საკითხს. მერამდენედ შეიძლება ამის აღნიშვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არანაირი მოგების განაწილება არ ყოფილა, სად დაასკვნა აუდიტორმა, რომელი დოკუმენტები გამოიყენა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ოპერაცია იყო მოგების განაწილება, მან დაიბრუნა მის მიერ შეტანილი ქონება უცვლელად (არ ჩატარებულა არანაირი რემონტი, არ გაუმჯობესებულა ქონების მდგომარეობა არანირი თვალსაზრისით) და არა გასანაწილებელი მოგების სანაცვლოდ მიიღო იგი. კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ აღნიშნული მუხლი არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ ოპერაციას. ასეც რომ არ იყოს როგორც ზემოთ აღინიშნა, აუდიტორმა გადააფასა ქონება მხოლოდ გატანის დროს და შეტანის ღირებულებას არ შეეხო. აუდიტორის შეცდომის გამოსასწორებლად მოწვეული იქნა ექსპერტი და შეაფასა მის მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულება, რომელმაც შეადგინა 482 956 ლარი, ხოლო აუდიტორის შეფასებამ შეადგინა 403 000 ლარი. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, „--------“ -მ 2018 წლის თებერვალში შეიტანა ქონება კაპიტალში 482 956 ლარად და 2022 წლის მარტში გაიტანა 403 000 ლარად, აღნიშნულ ოპერაციას არანირი ფასთა შორის სხვაობა ან ფასნამატი არ მოჰყოლია და მას სარგებელი არ მიუღია. მის მიერ შეტანილი მისივე ქონება დაიბრუნა უკან უცვლელად.
გაუგებარი მიზეზების გამო შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ მოეწონა. შემოსავლების სამსახურმა შეფასებაში არაკომპეტენტურობა და შეუსაბამობა შეამჩნია. აუცილებელი იყო რომ დამოუკიდებელ ექსპერტს იგივე ფასად შეეფასებინა უძრავი ქონება როგორც ვალის მართის დეპარტამენტმა შეაფასა? აღნიშნული დასკვნის გაუთვალისწინებლობის შემდეგ მან მიმართა შემოსავლების სამსახურს თხოვნით, რომ მათვე შეეფასებინათ აღნიშნული ქონება 2018 წლის მდგომარეობით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაცია ექსპერტის შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ პასუხიც კი არ გასცეს აღნიშნულ საკითხზე და მხოლოდ ბოლო განხილვის დროს მისი დაჟინებული მოთხოვნის მერე, მათ უთხრეს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტს 2018 წლის მდგომარეობით არ შეუძლია აღნიშნული ქონების შეფასება. გაუგებარი რჩება ის ფაქტი, რომ თუ სხვა დამოუკიდებელ ექსპერტს შეუძლია აღნიშნული ქონების 2018 წლის მდომარეობით შეფასება, რატომ არ შეუძლია აღნიშნული ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტს? ყველა უძრავი ქონების შემფასებელი ექსპერტი ერთნაირ სწავლის კურსს და სერტიფიცირებას გადის. რადგანაც აუდიტის დეპარტამენტმა მისი წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ გაითვალისწინა, მისცეს 15 დღიანი ვადა, რომ სხვა „კომპეტენტური“ ექსპერტის მიერ შეეფასებინა უძრავი ქონება კაპიტალში შეტანის და გატანის მდგომარეობით. ძალა აღმართს ხნავს და დაეთანხმა შემოსავლების სამსახურს, რომ მისი ინიციატივით მიემართა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარედგინა. 29.07.2024 წელს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეიტანა განცხადება (თანდართულია საჩივარზე) უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით. დაკვეთის შესრულების ვადა განისაზღვრა 30 სამუშაო დღე. ვინაიდან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დროულად ვერ შეასრულა აღებული ვალდებულება და სიტყვიერად უპასუხეს რომ 2018 წლის შეფასებას სავარაუდოდ ვერ გააკეთებდნენ, აუდიტორთან ჰქონდა სიტყვიერი კონსულტაცია, ვინაიდან სამხარაულის ეროვნული ბიურო არღვევდა ვადას და ვერ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას, შეიძლებოდა თუ არა რომ გამოსულიყო მათთან არსებული შეთანხმებიდან და სხვა ექსპერტთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, აუდიტორმა უთხრა რომ შეეძლოთ სხვა ექსპერტთან გაეფორმებინა შეფასების მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება, აუდიტორთან კომუნიკაციის შემდეგ მოიძია სხვა ექსპერტი, კერძოდ, მოიძია შპს „N2-ის“, რომლის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია აუდიტორს, მან დაუდასტურა, რომ აღნიშნული ფირმა მისთვის მისაღები იყო, აუდიტორთან კომუნიკაციის შემდეგ, მან 1.10.2024 წელს დაწერა განცხადება (თანდართულია საჩივარზე), ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების გაუქმებაზე. მის მიერ დაწერილ განცხადებებს შორის არის 65 კალენდარული დღე განსხვავება. ამის შემდგომ, 2024 წლის 17 ოქტომბერს ხელშეკრულება გააფორმა შპს „N2-თან“ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომელიც 2024 წლის 17 ოქტომბერს წარადგინა შემოსავლების სამსახურში. წარდგენის შემდეგ ამ დოკუმენტის ვარგისიანობაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მაშინვე რატომ არ შეატყობინა თუ არ აკმაყოფილებდა აღნიშნული ქმედება, ამის მერე გავიდა 1 თვე და დეკემბრის თვეში შემოსავლების სამსახურს წარუდგინა შპს „N2-ის“ ექსპერტიზის დასკვნა. არც ამის შემდეგ ყოფილა რაიმე რეაგირება. შემოსავლების სამსახურში განხილვისას აუხსნეს და განუმარტეს ყველა ზემოთ მოცემული, მაგრამ 2025 წლის 21 მაისის შემოსავლების სამსახურის №10271 ბრძანებით საჩივარი კვლავ არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს საჩივარზე დართული აქვს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო შემდგომ წარდგენილი აქვს სხვა ექსპერტიზის დასკვნა. არსად არ არის არც ერთ ბრძანებაში მითითებული, რომ დაევალათ აუცილებლად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარდგენა და რატომაც არ წარადგინეს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, მიზეზი ზემოთ აღნიშნა. 2025 წლის 21 მაისის №10271 ბრძანებაში შემოსავლების სამსახური თავად აღნიშნავს, რომ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მათგან 2025 წლის 2 მაისს მიიღო წერილი, რომელშიც ბიურო ადასტურებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების თარიღი იყო 2024 წლის 29 ივლისი, ხოლო გაუქმების თარიღი არის 2024 წლის 1 ოქტომბერი. რატომ არ მოსთხოვა შემოსავლების სამსახურმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს განემარტა ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი, რომ მათ სამუშაოს შესრულებისთვის გათვალისწინებული 30 სამუშაო დღის მაგივრად 47 სამუშაო დღეშიც კი ვერ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება. ვინაიდან ისინი ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებას, მან შემოსავლების სამსახურთან ზეპირი კონსულტაციის შემდეგ (საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წარადგინოს აღნიშნული პირების ახსნა-განმარტება, რომ ნამდვილად შედგა კომუნიკაცია აუდიტორთან ექსპერტის შეცვლასთან დაკავშირებით), აუდიტორთან კომუნიკაციის შემდეგ გააფორმა სხვა ექსპერტთან ხელშეკრულება. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ შემოსავლების სამსახურს აქვს გარკვეული დაინტერესება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ.
მის მიერ მომჩივანის კაპიტალიდან ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების გატანა განხორციელდა ახალი ფირმის გახსნიდან გამომდინარე, კერძოდ, როდესაც მომჩივანის კაპიტალიდან გაიტანა უძრავი ქონება, რომელიც მის სახელზე დარეგისტრირდა 29.03.2022 წელს, მის მიერ 29.03.2022 წელს შეტანილი იქნა განცხადება იუსტიციის სახლში ახალი კომპანიის, კერძოდ, შპს „N1“-ის დასარეგისტრირებლად. შპს „N1-ის“ იუსტიციის სახლში დარეგისტრირდა 30.03.2022 წელს, იმავე დღეს ანუ 30.03.2022 წელს, მან მომჩივანის კაპიტალიდან გამოტანილი უძრავი ქონება შეიტანა შპს „N1-ის“-ის კაპიტალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანის კაპიტალიდან ქონების გამოტანა და შემდგომ მისი შპს „N1-ის“-ის კაპიტალში შეტანა წარმოადგენს ერთ ოპერაციას და კაპიტალში შეტანა-გატანა არ უნდა იწვევდეს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობას და ის უნდა განიხილებოდეს როგორც ერთი ოპერაცია.
აუდიტორის ქმედებით მან მიიღო როგორც ფინანსური, ასევე მორალური ზიანი. მასზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიბარეს და დაკითხეს ფინანსურ პოლიციაში, როგორც ფინანსური თაღლითი და გადასახადის თავის ამრიდებელი. არის კეთილსინდისიერი ბიზნესმენი და მისთვის აღნიშნული წარმოუდგენელია და მიუღებელია, მან აუდიტორის არაკვალიფიციურობის გამო გაწია საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯი სამი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენაზე. მას აღარ აქვს ფინანსური შესაძლებლობა კიდევ გაწიოს დამატებითი ხარჯები ექსპერტიზის დასკვნის წარდგენასთან დაკავშირებით.
აუდიტის მიმდინარეობის დროს და მას მერე წარმოშობილი არსებითი კითხვები:
1. აღნიშნული საკითხი ოთხჯერ გაასაჩივრეს დ არც ერთ შემთხვევაში არ მიუღიათ პასუხი საჩივრებში დასმულ არც ერთ შეკითხვებზე, რატომ ხდება გადასახადის გადამხდელისთვის მნიშვნელოვანი კითხვების იგნორირება?
2. რატომ შეაფასა აუდიტორმა მხოლოდ საწარმოს კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანის მდგომარეობით?
3. რატომ უნდა შეფასდეს მესამედ უძრავი ქონება, საწარმოს კაპიტალიდან მისი გატანის მდგომარეობით, როდესაც ვალის მართის დეპარტამენტს ის უკვე შეფასებული აქვს? არასწორად მოხდა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების შეფასება?
4. განემარტოს და დაკონკრეტდეს თუ რატომ არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა და რა არსებითი შეუსაბამობები აღმოაჩინა მის მიერ პირველად წარდგენილ 2018 წლის ექსპერტიზის დასკვნაში?
5. აუდიტორი რატომ არ იყენებს კაპიტალში შეტანის პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ 168-ე მუხლს, რომელიც განმარტავს დღგ-ის გადასახადისგან განთავისუფლებას. მუხლი 168 - 1) ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან განთავისუფლებულია ო) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ზემოთ მოყვანილი მუხლი განმარტავს შემდეგს მაგალითად: კომპანიამ შეიტანა სავაჭრო ობიექტზე საქონელი, რომელიც განთავისუფლებულია დღგ-სგან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კომპანიამ თავისი საქონელი უკან დაიბრუნა უცვლელად. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია არ იბეგრება დღგ-ით, ეს ოპერაცია ითვლება კორექტირებად, შეტანილის უკან დაბრუნებად.
6. რატომ არ დგება აუდიტორის კომპეტენციის საკითხი?
მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.06.2025 წლის წერილი, სადაც მითითებულია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2025 წლის 5 ივნისს წარდგენილია განცხადება №"------", რომლითაც ფიზიკური პირი ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, რამდენად არის შესაძლებელი 8 წლის წინანდელი მდგომარეობის ფართის გამოკვლევა და ფასის დადგენა, რომლის სურათებიც არ გააჩნიათ. ასევე, რომელი წლის მდგომარეობით შეიძლება შეფასების დადგენა ფართზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ფიზიკურ პირს ეცნობა, რომ საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად აუცილებელია ექსპერტისთვის ცნობილი იყოს შეფასების თარიღისთვის შესაფასებელი ქონების მდგომარეობა, ამისთვის საჭიროა დამკვეთმა ექსპერტებს წარუდგინოს შეფასების თარიღის მდგომარეობით სარწმუნო ფოტო ან ვიდეო მასალა, რომლითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების მდგომარეობის დადგენა მითითებულ პერიოდში. ასევე, ექსპერტმა უნდა შეძლოს შეფასების თარიღისთვის მსგავსი ტიპის უძრავი ქონების შეთავაზება/გაყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19634 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შპს „N2-თან“ გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული კონკრეტული მითითება, კერძოდ, წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხების შემცირებას არ დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 11 აგვისტოს საჩივარზე თანდართულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება/კონტრაქტი საექსპერტო მომსახურების შესახებ, მომჩივანის კაპიტალის შეფასებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური 2025 წლის 21 მაისის №10271 ბრძანებაში ასევე ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ პოზიციაზე, რომლითაც მომჩივანი უარს აცხადებს ზემოაღნიშნული დასკვნის წარდგენაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადება დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან და ითხოვს შემოწმების მიერ შპს „N2-ის“ მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, დავის წარმოების პროცესში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომჩივანის მიმართვის საფუძველზე გაფორმებული 2024 წლის 29 ივლისის № „--------“ კონტრაქტის მიხედვით მომზადდა თუ არა უძრავი ქონების ს/კ „------“ ექსპერტიზის დასკვნა მისი საბაზრო ღირებულებების შესახებ (2018 და 2022 წლების მდგომარეობით), ხოლო თუ აღნიშნული კონტრაქტით ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა მომზადებული ან/და შეწყდა ხელშეკრულება, მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნულის მიზეზების შესახებ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 2 მაისის საპასუხო წერილით ირკვევა, რომ 2024 წლის 29 ივლისს მომჩივანის დირექტორის მიერ დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებში იმავე დღეს გაფორმდა კონტრაქტი № „--------“ , ხოლო 2024 წლის 1 ოქტომბერს, საექსპერტო კვლევის დასრულებამდე, მომჩივანის დირექტორის მხრიდან დაყენებულ იქნა მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. ამასთან, ზემოაღნიშნულ წერილში დამატებით მითითებულია, რომ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით „------“) საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საექსპერტო კვლევის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №19634 ბრძანებით გადასახადის გადამხდელისთვის დავალებულ იქნა მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, ხოლო დავის წარმოების პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შეწყდა სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება. ამდენად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ შპს „N2-ის“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შემოწმებისთვის წარდგენა სცდება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №19634 ბრძანებით დავალებულ კონკრეტულ მითითებას, შემოსავლების სამსახურს, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებისას, მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინება.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარზე დართული აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №19634 ბრძანების შემდგომ წარდგენილი იქნა სხვა ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული კონკრეტული მითითება, საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დავის ეტაპზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის დავალებას იყო შემდეგი, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნას თუ წარმოადგენდა მომჩივანი, დასკვნაში ასახული შედეგების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ვინაიდან აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილი არ არის მომჩივნის მიერ, შესაბამისად არ მომხდარა გადაანგარიშება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მომჩივანმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მაგივრად წარმოადგინა შპს „N2-ში“ დასაქმებული პირის შეფასება. აღნიშნული წარმოდგენილია არა დავების ეტაპზე, არამედ შემდგომ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე თანდართულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება, შემოსავლების სამსახურმა, მიიღო გადაწყვეტილება რომ სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, აღსანიშნია, რომ შპს „N2-თან“ ხელშეკრულება გაფორმებულია 2024 წლის ოქტომბერში, შემოსავლების სამსახურის ბრძანების (30.08.2024 წელი) გამოცემის შემდეგომ, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალების განსაზღვრის დროს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19634 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-689 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 29.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2024 წლის №22982/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-689 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას და ითხოვა დავის განახლება და შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, თუმცა ვერ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს ან მტკიცებულებებს, რომლებიც გადასახადის გადამხდელმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დავის განახლების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
2.მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.
ფაქტობრივი გარემოებები
1.2018 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურმა პირმა საწარმოს კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება ,რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 100 000 ლარის ოდენობით.2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება ფიზიკურმა პირმა გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან,რომლის ღირებულებაც გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებით განისაზღვრა 82 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში უძრავი ქონება შეფასდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ და კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებად დადგინდა 403 000 ლარი.სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და 165-ე მუხლის პირველის ნაწილის საფუძველზე, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 23 მარტი და დაერიცხა დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 29.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2024 წლის №22982/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-689 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
1.საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19634 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დავის განახლების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
299(7).