გადაწყვეტილება №19791/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.07.2023
№ დოკუმენტი 19791/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19791/2/2023

07.07. 2023

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:---- -----------ი (ს/ნ ----------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- -----------ის 27.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19791/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №21-11/15059 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10143 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 52 632 ლარი.

მათ შორის:

ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 34 000

საურავი - 18 632

 

სადავო საკითხები:

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

მომსახურების დეპარტამენტის 26.04.2021 წლის №42243-21-11 დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა, საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლიცენზიაზე №-------, 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე 17 000 ლარის, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე 17 000 ლარის, 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე 2 833 ლარის ოდენობით.

საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, მომჩივანი 1.07.2015-13.02.2020 წწ. პერიოდში ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას №-------, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები წარდგენილი არ იყო. შესაბამისად, 26.04.2021 წელს განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა 2018-2020 წწ. პერიოდებზე. სავარაუდო დარიცხვის შესახებ მომჩივანს ეცნობა ელექტრონული შეტყობინებით 4.05.2021 წელს, რომელსაც გაეცნო 24.01.2023 წელს.

საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, ---- -------ე (ს/ნ ---------) 2.07.2013 წელს გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №1001241 ბაზალტის ჯამური მოპოვებით 340 000 მ 3 . ---- --------ს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში ანგარიშგება არ განუხორციელებია და 1.07.2015 წელს აღნიშნული ლიცენზია მთლიანად საკუთრებაში გადასცა შვილს - -----ა ------ს, რის შედეგად გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა №1002809 ბაზალტის ჯამური მოპოვებით 340 000 მ 3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 7.09.2015 წელს. ასევე,---- ------აც არ განუხორციელებია ანგარიშგება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში. №------ ლიცენზიაზე გაცემულია დუბლიკატი სალიცენზიო მოწმობები: 31.05.2017 წელს №------ და 24.12.2019 წელს №-------, რომელზეც განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა. №-------- ლიცენზია 3.02.2020 წელს საკუთრებაში გადაეცა კვლავ ---- --------ს და გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა №------ ბაზალტის ჯამური მოპოვებით 340 000 მ 3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 9.03.2020 წელს. ----------ი №----- ლიცენზიაზეც არ ახდენდა ანგარიშგებას, ამიტომ განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა ლიცენზიის საკუთრებაში ყოფნის პერიოდზე. 27.03.2020 წელს აღნიშნული ლიცენზია მთლიანად საკუთრებაში გადასცა ---- ------ას (ს/ნ -------), რის შედეგად გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა №-------- ბაზალტის ჯამური მოპოვებით 340 000 მ 3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 29.09.2020 წელს. ----- -----ი გარდაცვლილია 14.08.2022 წელს. სამკვიდრო მოწმობა გაცემულია 21.02.2023 წელს. ---- -----ის მიმართ დარიცხულია სავარაუდო 2020 წლის პერიოდზე 84 ლარი. გარდაცვალების თარიღისთვის პირს ერიცხება დავალიანება 84 ლარი და საურავი - 24 ლარი. მიმართეს --- ------ს, რომ წარედგინა სამკვიდრო მოწმობა.

6.02.2023 წელს ---- -----ის მიერ წარდგენილია 6 თვიანი გაანგარიშება 2020 წლის პერიოდზე ნულოვანი ფორმით, ხოლო 20.02.2023 წელს შესულია --- ----ის განცხადება №31038/21, რომლითაც მოთხოვნილია სავარაუდო დარიცხვის გაუქმება იმ მოტივით, რომ არ განხორციელებულა ბუნებრივი რესურსის მოპოვება. 21.02.2023 წელს შედგენილია დასკვნა №14881-21-11, რომლის საფუძველზე მომჩივანს შეუმცირდა 2020 წლის პერიოდზე სავარაუდო დარიცხვა, ხოლო 2018-2019 წწ. პერიოდზე დარიცხული სავარაუდო არ შემცირებულა, ვინაიდან პერიოდი ხანდაზმულია. ---- ------ს პასუხი ეცნობა 23.02.2023 წლის №21-11/15059 წერილით.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 6 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 10 მაისის №10143 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10143 ბრძანება 27.05.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 661 , მე-4, 61-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 , 106-ე მუხლებზე, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ 2018-2019 წლები წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №21- 11/15059 გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელთა ვებ პორტალზე შესვლა პირველად განხორციელდა 2019 წლის 23 აპრილს, ხოლო 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის იანვრამდე პორტალით არ უსარგებლია, რაც ჩანს მისი აქტივობის ჟურნალშიც. აღნიშნულს ადასტურებს მომსახურების დეპარტამენტიც - „სავარაუდო დარიცხვის შესახებ პირს ეცნობა ელექტრონული შეტყობინებით 4.05.2021 წელს, რომელსაც გაეცნო 24.01.2023 წელს“. შესაბამისად, დარიცხვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, არ ჩაბარებია დარიცხვის შესახებ ცნობა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნების თანახმად. აღნიშნულ დარიცხვასთან დაკავშირებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს, რაზეც მიიღო განმარტება, რომ ხსენებული შეიძლება შეიცვალოს შესწორებითი დარიცხვით: მომჩივნის მიერ საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების წარდგენის გზით. ვინაიდან 2018-2019 წლებზე განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის შესახებ ეცნობა მისი ხანდაზმულობის ვადის დადგომის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის მიერ ხსენებული ქმედების განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია, ხანდაზმულობიდან გამომდინარე. გამომდინარე აქედან, მომჩივანი რეაგირების სამართლებრივ, ტექნიკურ რესურსს მოკლებული იყო.

ამასთან, ფლობდა შესაბამის ლიცენზიას №----, რომელიც მოქმედებდა ხსენებულ პერიოდებზე. არ ეწეოდა და არც ეხლა არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ამ ლიცენზიით მომჩივნის მიერ შესაბამისი მოპოვებითი სამუშაოების წარმოება ვერ განხორციელდა, ადგილობრივი მოსახლეობის ფაქტორის გამო. მიმართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სალიცენზიო ადგილის მონაცვლეობის თაობაზე, რაზეც მიიღო უარი. საბოლოოდ, ხსენებული ლიცენზიის მფლობელი გახდა სხვა პირი (ახალი ლიცენზიის №-----) და მასაც, ისევე როგორც მომჩივანს, განესაზღვრა მოპოვების გრაფიკი (იგივე კოორდინატებზე) ფაქტობრივად ხელუხლებელ რესურსზე (იგივე ოდენობაზე, ლიცენზიის დასრულების პერიოდიც იგივეა) და რაც მთავარია იგივე თანხაზე - 340 000 ლარი. აღწერილი მოვლენებიდან გამომდინარე, ერთი და იგივე რესურსზე სახელმწიფოს მიერ ხდება თანხის ორმაგად მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მოთხოვნილი იყო მომჩივნის მიერ წარდგენილიყო 14.08.2022 წელს გარდაცვლილი ი/მ ---- ------ის (პ/ნ -------) დანაშთი ქონების თაობაზე სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გაცემულია 2023 წლის 21 თებერვალს და ინფორმაცია იმის შესახებ ეწეოდა თუ არა იგი ეკონომიკურ საქმიანობას და მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ გაგრძელდა თუ არა მისი ეკონომიკური საქმიანობა. იმ დროისთვის არ იყო ეს მოთხოვნა შესრულებული. ხსენებული ინფორმაცია გადაგზავნილია მომსახურების დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის ვებ პორტალის კომუნიკატორის საშუალებით 2023 წლის 23 მაისს, წერილის რეგისტრაციის №495143.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ითხოვს მომდეს სავარაუდო დარიცხვების კორექტირება.

მოთხოვნის ძირითადი საფუძველია:

1. ხსენებული სავარაუდო დარიცხვის შესახებ ინფორმირებული გახდა, როდესაც მისი დეკლარაციით დაზუსტება შეუძლებელი იყო ხანდაზმულობის ვადის დადგომის გამო.

2. აღწერილი მოვლენებიდან გამომდინარე, ერთი და იგივე რესურსზე სახელმწიფოს მიერ ხდება თანხის ორმაგად მოთხოვნა. მომჩივნის მიერ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხდა რესურსის მოპოვება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ: ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება. ამ შემთხვევაში სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემცირებული გადასახადის თანხის ოდენობით; ბ) გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ:

ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება;

ბ) პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სავარაუდო დარიცხვა შეიძლება შეიცვალოს შესწორებითი დარიცხვით:

ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 106-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას წარუდგენს საგადასახადო ორგანოს და იხდის კუთვნილ მოსაკრებელს: სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგით) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ (იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაზე, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა) – 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით და ამავე ვადაში საგადასახადო ორგანოში წარადგინოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გაანგარიშება.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს შეუმცირდა სავარაუდო დარიცხვა 2020 წლის პერიოდზე, ხოლო 2018-2019 წლების პერიოდზე დარიცხული სავარაუდო არ შეუმცირდა, ვინაიდან აღნიშნული პერიოდი არის ხანდაზმული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო

ფაქტების აღწერა

დარიცხული საურავი 2023 წლის 6 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 10 მაისის №10143 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საურავთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის თუ მისი დარიცხვის საფუძველია დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია. სავარაუდო დარიცხვა მათ გაუთანაბრეს ამ მუხლის მოთხოვნებს, რის საფუძველიც მომჩივნისთვის გაუგებარია.

მომჩივანი ითხოვს, აღნიშნული დარიცხვა, რომელიც გამოწვეულია ადამიანური ფატორით, შეცდომით/არცოდნით, ჩაითვალოს საპატიოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით და მოეხსნას დამატებით დარიცხული სანქცია - საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ დარიცხული საურავი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის №42243-21-11 დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა, საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით.სავარაუდო დარიცხვის შესახებ მომჩივანს ეცნობა ელექტრონული შეტყობინებით 4.05.2021 წელს, რომელსაც გაეცნო 24.01.2023 წელს.აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №10143 ბრძანებით ,ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის №10143 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ამასთან,დარიცხული საურავი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №10143 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა,ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულ სავარაუდო დარიცხვაზე შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთნ,საბჭომ მიიჩნია, რომ დარიცხული საურავის ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:4 (1,2 ); 8 (5 „ა“ );61(1,2 „ა“ ); 661 (1 ); 269(7); 301(„ლ“);

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 (1,2,3); 106(3 „ე“);

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის 6(1 „ზ“,2 )

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი;