გადაწყვეტილება №83902/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2024
№ დოკუმენტი 83902/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№83902/1/2023

09 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ს 4.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №83902/1/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №006-318 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №22784 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 206 185.36 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 772 138

დღგ - 154 326

მოგების გადასახადი - 523 707

საშემოსავლო გადასახადი - 94 105

ჯარიმა - 386 069

საურავი - 47 978.36

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა "----"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 28.03.2023 წლის №"------" წერილის შესაბამისად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6452 და 26 ივნისის №14617 ბრძანებები და ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 20 ოქტომბრიდან 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 3 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

- შემოწმებულ პერიოდში საწარმოს საქონელი სრულად იყო იმპორტირებული, იმპორტი ხორციელდებოდა, როგორც ჩინეთიდან, ასევე თურქეთიდან. საწარმოს უმეტეს შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელებული აქვს საბანკო გადარიცხვებით სხვა იურიდიულ პირებთან, თუმცა იმპორტიორი ორგანიზაციები არიან სხვა იურიდიული პირები. ამასთან არის შემთხვევები, როდესაც ბანკით გადარიცხულია იმ იურიდულ პირებთან, რომელიც ფიქსირდება იმპორტიორ ორგანიზაციებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ბანკით გადარიცხული თანხები ბევრად აღემატება იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს იმპორტირებული საქონელთან დაკავშირებით გარკვეულ ნაწილზე არ აქვს ანგარიშსწორება განხორციელებული. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის განმარტებული თუ რა გზით და როგორ მოხდა ანგარიშსწორება. გადასახადის გადამხდელს იმპორტირებულ საქონელთან (გარკვეული ნაწილი, რომლის ანგარიშსწორებაც არ ფიქსირდება ბანკში) დაკავშირებით არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტები არ იქნა წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელის მხრიდან ასევე არ არის წარმოდგენილი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისათვის სრულად გადახდის თაობაზე.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანებით განსაზღვრული დანართი №8-ის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, თუმცა არც ახსნა-განმარტება და არც რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისი №15741 ბრძანება და ამავე თარიღის №006-318 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2023 წლის 2 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 18 სექტემბრის №22784 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-5 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს გადაუვადდეს შემოწმების პერიოდი, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაგროვებლად.

მომჩივნის მიერ დაფიქსირებული პოზიცია ასევე კუთვნილებისამებრ გადმოგზავნილია შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 13.11.2023 წლის №"------" წერილით, რომელშიც მომჩივანი უთითებს შემდეგს:

დავალიანება, რომელიც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით პასივის სახით ერიცხება, მის მიერ სრულად არის მიჩნეული არაღიარებულად, შესაბამისად ითხოვს კორექტირების შეტანა მოხდეს და სრული თანხა, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებაშია მითითებული, მიჩნეულ იქნეს არაღიარებულად, რადგან არ ეთანხმება დარიცხულ თანხას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა რომ, საწარმოს საქონელი შემოწმებულ პერიოდში სრულად იყო იმპორტირებული, იმპორტი ხორციელდებოდა, როგორც ჩინეთიდან, ასევე თურქეთიდან. საწარმოს უმეტეს შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელებული აქვს საბანკო გადარიცხვებით სხვა იურიდიულ პირებთან, თუმცა იმპორტიორი ორგანიზაციები არიან სხვა იურიდიული პირები. ამასთან არის შემთხვევები, როდესაც ბანკით გადარიცხულია იმ იურიდულ პირებთან, რომელიც ფიქსირდება იმპორტიორ ორგანიზაციებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ბანკით გადარიცხული თანხები ბევრად აღემატება იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებას.

საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული საქონელთან დაკავშირებით გარკვეულ ნაწილზე არ აქვს ანგარიშსწორება განხორციელებული. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის განმარტებული თუ რა გზით და როგორ მოხდა ანგარიშსწორება. გადასახადის გადამხდელს იმპორტირებულ საქონელთან (გარკვეული ნაწილი, რომლის ანგარიშსწორებაც არ ფიქსირდება ბანკში) დაკავშირებით არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტები არ იქნა წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელის მხრიდან ასევე არ არის წარმოდგენილი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისათვის სრულად გადახდის თაობაზე.

მომჩივანი არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს/არგუმენტებს, რაც 2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გადაუვადდეს შემოწმების პერიოდი.გადამხდელი ითხოვს კორექტირების შეტანა მოხდეს და სრული თანხა, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებაშია მითითებული, მიჩნეულ იქნეს არაღიარებულად, რადგან არ ეთანხმება დარიცხულ თანხას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებულ პერიოდში საწარმოს საქონელი სრულად იყო იმპორტირებული.საწარმოს უმეტეს შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელებული აქვს საბანკო გადარიცხვებით სხვა იურიდიულ პირებთან, თუმცა იმპორტიორი ორგანიზაციები არიან სხვა იურიდიული პირები. ამასთან არის შემთხვევები, როდესაც ბანკით გადარიცხულია იმ იურიდულ პირებთან, რომელიც ფიქსირდება იმპორტიორ ორგანიზაციებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ბანკით გადარიცხული თანხები ბევრად აღემატება იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებას.შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),97,982,101,154.