ბრძანება N 6095
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6095
28.03.2023
სპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.:---------------)
2022 წლის 13 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა სპს „----------“ (ს/ნ ----------) №76336/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ოქტომბრის №067-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ:
1. არ ეთანხმება საწარმოს მიერ მის მუდმივ კლიენტებზე, ფიზიკურ პირებზე დაგროვების ბარათის საშუალებით გაცემული თანხის (შეძენილი საქონლის ღირებულების 2%) დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს რეკლამას, აღნიშნული ქმედებით იზიდავს მეტ კლიენტს და საწარმო იღებს უფრო მეტ მოგებას, რაც არ წარმოადგენს უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებას და ისეთი სახის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის, აღნიშნულით განსაზღვრულ ფასნამატს და გამოვლენილი სხვაობის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, ინფორმაცია არაბრენდირებული აფთიაქების შესახებ, თუცა მათ მიერ არ მომხდარა საკითხის დეტალური შესწავლა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №298 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 სექტემბრის №067-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით სპს „----------“ (ს/ნ ----------) 2020 წლის 20 სექტემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. სპს „----------" (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს" №2609 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებაზე და შესწავლის/ანალიზის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება;
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №298 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 20 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 25 ოქტომბრის №067-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოწმების მიერ განხილულ იქნა N2609 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაგროვების ბარათის საშუალებით ფიზიკურ პირებზე თანხის გაცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ფულადი სახსრების გაცემას და იბეგრება მოგების გადასახადით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება) არ განხორციელდა.
2. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია. არასაკმარისი მტკიცებულებებიდან გამომდინარე აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება და დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია საგადასახადო ორგანოს პოზიცია/მსჯელობა, იმის თაობაზე, რომ საწარმოს მიერ დაგროვების ბარათზე საქონლის რეალიზაციისას დარიცხული თანხა წარმოადგენს ისეთ ხარჯს, რომლის მიზანი შემოსავლის მიღება არ არის. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საწარმოს მიერ დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის ფასის 2% წარმოადგენს სარეკლამო მიზანს და შემდგომში მეტი კლიენტის მოზიდვას ემსახურება. რომ არა ზემოაღნიშნული მიზანი გადამხდელს არანაირი ინტერესი არ ექნებოდა თანხის გაცემის. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2019 წლის 19 აგვისტოს №2609 სიტუაციური სახელმძღვანელო სწორედ მსგავს გარემოებათა მიმართ, რათა არ მოხდეს სარეკლამო ხარჯების დაბეგვრა. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, მომხმარებელზე გადაცემული 2% ფასდაკლება არის მიღებული ავანსი და არა მომხმარებელზე გადაცემული სარგებელი, მომჩივანი განმარტავს, რომ 2% არის მომხმარებელზე გაკეთებული ფასდაკლება, რომელსაც მომხმარებელი არ ანაღდებს მიღებისთანავე, არამედ აგროვებს ბარათზე და სანაცვლოდ მომავალში იღებს აღნიშნული ფასდაკლებით მიღებული ბენეფიტის შედეგს. შინაარსობრივად აღნიშნული იგივეა მომხმარებლისთვის, რომ საწარმოს გაეკეთებინა 2%-იანი ფასდაკლება, ნავაჭრი თანხის 2% დანაზოგის სახით შეენახა და მომავალში ამ დანაზოგით ობიექტში შეეძინა პროდუქცია.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სარეკლამო აქციის მიზანს წარმოადგენს შემდგომში მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, ასევე, აღნიშნული არ წარმოადგენს ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის შეძენის ფასის 2% უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა არ არის დასაბუთებული და აღნიშნულის საფუძველზე დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.
მე-2 საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ „დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისმე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №298 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ არ გამოიკვლია და შეისწავლა სადავო საკითხი, შესაბამისად უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის შეძენის ფასის 2% უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ განხილულ იქნა N2609 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაგროვების ბარათის საშუალებით ფიზიკურ პირებზე თანხის გაცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ფულადი სახსრების გაცემას და იბეგრება მოგების გადასახადით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება) არ განხორციელდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:97(1);983;61(3);8(22);73(5);101(1);154(1);