ბრძანება N 3703

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.03.2023
№ დოკუმენტი 3703
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

დღგ-ით დაბეგვრის ობიექტიდასაბეგრი იმპორტიოპერაცია, რომელიც არ განეკუთვნება საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევასსაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევადასაბეგრი ოპერაციის თანხამიღებული/მისაღები ანაზღაურება (მ.შ. სუბსიდია)საბაზრო ფასი (მ.შ. შესყიდვის ფასი და თვითღირებულება)თანხა იმპორტისასდასაბეგრი ოპერაციის კორექტირებადასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის განსხვავებული შემთხვევებიდასაბეგრი ოპერაციის დრორეგულარულის და უწყვეტი ოპერაციების დაბეგვრაავანსების დაბეგვრასაქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის დროის განსაზღვრის სხვა შემთხვევები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3703

27.02.2023

შპს „------- “ (ს/ნ --------)

(ფაქტ. მის.: -------- ;

იურ. მის.:--------)

2022 წლის 23 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 23 სექტემბრის №74957/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 აგვისტოს №024-49 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ მყიდველები ახორციელებდნენ ანგარიშსწორებას წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რის დასტურადაც წარმოადგენს მყიდველების ნოტარიულად დამოწმებულ ახსნა-განმარტებებს, იმის შესახებ, თუ როდის და რა ფასად შეიძინეს მათ უძრავი ქონება და რა პერიოდში გადაიხადეს თანხები;

2. არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდას და განმარტავს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით, ბინების რეალიზაციის დაბეგვრის პერიოდად განისაზღვრა საკუთრების რეგისტრაციის მომენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ხოლო ის ფაქტი, რომ კომპანიამ საკომპენსაციო თანხა მიიღო შესამოწმებელ პერიოდს მიღმა და დაბეგრა შესაბამისი წესით, არ იქნა გათვალისწინებული იმ მიზეზით, რომ თანხების მიღება არ დასტურდება დოკუმენტურად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 მაისის №11707 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 აგვისტოს №22422 ბრძანება და 30 აგვისტოს №024-49 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 421 975 ლარი, მათ შორის, გადასახადი 252 953 ლარი, ჯარიმა 106 657 ლარი და საურავი 62 365 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომერციული და საოფისე ფართების გაქირავება. ხოლო 2019 წლამდე საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა/რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმებით, იმ ფიზიკური პირებისგან, რომლებზეც საკუთრების უფლების გადაცემა განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „--------“ ფაქტობრივად გადახდილი თანხების შესახებ. ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა, რომ კომპანიას ბინის ღირებულება გადაუხადა ხელზე ან ბანკით 2018 წელს, ხოლო ბინები გადაიფორმეს მოგვიანებით 2019-2021 წლებში, ხოლო ნაწილმა არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ცნობის გათვალისწინებით, იმ პირებისგან მიღებული შემოსავლები, ვინც არ ადასტურებს, რომ ბინის ღირებულება გადაიხადეს 2019 წლამდე, ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელდა 14 ბინის და 1 ავტოსადგომის რეალიზაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში დაბეგრილია მხოლოდ 1 ბინის რეალიზაცია, ხოლო დანარჩენ ბინებთან მიმართებაში გადამხდელი აცხადებს, რომ ფიზიკური პირების მხრიდან საკომპენსაციო თანხების წინასწარ გადახდა 2017-2018 წლებში ხორციელდებოდა, რაც ასახული და დაბეგრილია შესაბამის პერიოდებში. საწარმოს მიერ ფართების ფიზიკურ პირებზე რეალიზაციისას (მათ შორის, მიღებულ ავანსებზე) არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

შემოწმებით, არ დასტურდება ფიზიკური პირებისგან საკომპენსაციო თანხის მიღება არც სალაროს ორდერით და არც საბანკო ამონაწერით. ამავდროულად, არ დგინდება ავანსების სრულად და სწორად დაბეგვრის ფაქტი. შემოწმების მიერ ბინების რეალიზაციის დაბეგვრის პერიოდად განისაზღვრა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2019 წლამდე საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა/რეალიზაცია. შემოწმების მიერ იმ მყიდველი ფიზიკური პირებისგან, რომლებზეც საკუთრების უფლების გადაცემა განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპანიისთვის ფაქტობრივად გადახდილი თანხების შესახებ. ზოგიერთმა მყიდველმა დაადასტურა, ბინის ღირებულების 2018 წელს გადახდა, ხოლო ზოგიერთმა არ წარმოადგინა ინფორმაცია. შემოწმებით, იმ პირებისგან მიღებული შემოსავლები, ვინც არ დაადასტურა, რომ ბინის ღირებულება გადაიხადა 2019 წლამდე, ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიამ შემოწმებას წარუდგინა შესამოწმებელი პერიოდის საბუღალტრო აღრიცხვა და პირველადი დოკუმენტაცია სრულყოფილად, მათ შორის, უძრავი ქონების მყიდველებთან გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდებოდა ანგარიშსწორება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მომჩივნის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილია ფიზიკური პირების ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები უძრავი ქონების შეძენისა და თანხის გადახდასთან დაკავშირებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, 8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელდა 14 ბინის და 1 ავტოსადგომის რეალიზაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში დაბეგრილია მხოლოდ 1 ბინის რეალიზაცია. შემოწმებით, არ დასტურდება ფიზიკური პირებისგან საკომპენსაციო თანხის მიღება არც სალაროს ორდერით და არც საბანკო ამონაწერით. ამავდროულად, არ დგინდება ავანსების სრულად და სწორად დაბეგვრის ფაქტი. ამდენად, შემოწმების მიერ ბინების რეალიზაციის დაბეგვრის პერიოდად განისაზღვრა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით).

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ფიზიკური პირების მხრიდან საკომპენსაციო თანხების წინასწარ გადახდა ხორციელდებოდა 2017-2018 წლებში, რაც ასახული და დაბეგრილია შესაბამის პერიოდებში. მომჩივანი მიუთითებს საჩივართან ერთად წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ ახსნა-განმარტებების მიხედვით დგინდება, თუ როდის და რა ფასად შეიძინეს მესაკუთრეებმა უძრავი ქონება და რა პერიოდში განახორციელეს ბინების ღირებულების გადახდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.