ბრძანება N 23603
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23603
26 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 15 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №82333/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №068-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დაფიქსირებული ფასნამატი ბევრად აღემატება რეალურ ფასნამატს. განმარტავს, რომ თამბაქოს მაღაზია, რომელიც ერთი წელია უკვე დახურულია, შესამოწმებელ პერიოდში ფუნქციონირებდა მხოლოდ 4 თვის განმავლობაში, მეწარმემ ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა ქვეყანა და სასწრაფოდ დახურა მაღაზია. თამბაქოს ძირითადი ნაწილი გაიყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. რეალიზაციის მცირე ნაწილზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც ჩანს, რომ ფასნამატი 0.5%-ია. ვინაიდან, დიდი რაოდენობით თამბაქო რეალიზებული იქნა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, პროდუქციის ფასნამატი გამოვიდა 0.2%. აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ფასნამატის გამოყენებით. ზემოაღნიშნულისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6699 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 ივლისის №16281 ბრძანება და 7 ივლისის №068-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 30 976 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 026 ლარი, ჯარიმა 9 479 ლარი და საურავი 2 471 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის საგანია სიგარეტით საბითუმო ვაჭრობა -------. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. გადასახადის გადამხდელს გააჩნია შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები მხოლოდ 1.1%-ის ოდენობით. აღნიშნული დოკუმენტური რეალიზაციიდან ვერ ხდება რეალიზაციის სრული იდენტიფიცირება შესყიდულ საქონელთან. აღნიშნული დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციიდან შემოწმების მიერ, შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაიდენტიფიცირდა მხოლოდ 0.6%. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა, რის გამოც შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით.
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმეების აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 1.4%, აღნიშნული ფასნამატის მიხედვით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის რეგისტრაციის ნებაყოფლობითი თარიღის გათვალისწინებით. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის თარიღი: 07.03.2022 ).
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 6 ივლისს წარმოდგენილია საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადება და შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შედეგად, შემოწმების მიერ ი/მ ------- რეალიზაციები გამიჯნულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებულ და დოკუმენტურად დაუდასტურებელ რეალიზაციებად, საიდანაც დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია შემოწმების პროცესში დარჩა უცვლელი, ხოლო არადოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი, ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით შერჩეული მეწარმეების აუდირებული ფასნამატით და არადოკუმენტურად რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დასაბეგრი ბრუნვები გაანგარიშდა 1,4%-იანი ფასნამატით.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ამასთან, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოწმებით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი, ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით შერჩეული მეწარმეების აუდირებული ფასნამატის გავრცელება, აღნიშნულის საფუძველზე ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის საგანია სიგარეტით საბითუმო ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. შემოწმების მიერ შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა, რის გამოც შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმეების აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 1.4%, აღნიშნული ფასნამატის მიხედვით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ამასთან, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 105; 159; 275