N 406 - 01/08/2022 - „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №406
2022 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022039) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სამედიცინო მოწყობილობებზე, ინვიტრო სადიაგნოსტიკო ხელსაწყოებსა და აქტიურ საიმპლანტაციო სამედიცინო ხელსაწყოებზე;
ლ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ შემოტანილ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონულად) მგვ-ის ორგანიზაციის წევრის მიერ იმპორტირებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ.“.
3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მოსთხოვოს მწარმოებელს მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქონლის იმპორტისას. მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მგვ-ის შესაბამისობის სქემაში პირის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ასახულია სსიპ – შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში.“.
4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ გაცემულია თანხმობა ინფორმაციის მიწოდებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ, მგვ-ის რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე