გადაწყვეტილება №25089/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25089/2/2025
08 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 17.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25089/2/2025).
დავის საგანი:
სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №136-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 71 528.39 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 35 713
დღგ - 33 661
საშემოსავლო გადასახადი - 1 235
ქონების გადასახადი - 817
ჯარიმა - 17 476
საურავი - 18 339.39
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22330 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: კომპანიას 2021 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული სასაქონლო ზედნადებით შეძენილი აქვს 23 885 ერთეული პროდუქტი დასახელებით „ლობიო 900 გრ“ შპს „---“-ისგან. სასაქონლო ზედნადებებში დაბეგვრის ტიპში მითითებულია „დაუბეგრავი“. ასევე, შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურაში (ეა ----) დღგ-ის თანხა მითითებულია ნული ლარი. ასევე, 2021 წლის 23 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებით (№---) გადასახადის გადამხდელს ამავე კომპანიისგან შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „ჩაი 50 გრ“ სტატუსით „დაუბეგრავი“.
შესაბამისად, როგორც მომწოდებელს, ასევე შემძენს აღნიშნული საქონელი განხილული აქვთ, როგორც ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტი და კომპანიაც აღნიშნული საქონლის რეალიზაციას განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად და არ არიცხავს დღგ-ს. აღნიშნული საქონლის მიწოდება არ ჩაითვალა დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად. მომწოდებელს აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს დასაბეგრი სტატუსით და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლაც, ასევე, საწარმოს 2022 წელს შეძენილი აქვს სულ 8 521 კგ ყველი, რომელთაგან დაუბეგრავი სტატუსი აქვს 3 903 კგ-ს, ხოლო დასაბეგრია 4 618 კგ. აღნიშნული ყველის რეალიზაცია და დაბეგვრა გადასახადის გადამხდელმა განახორციელა შემდეგნაირად: დღგ-ისგან გაათავისუფლა 6 997 კგ ყველის რეალიზაცია და დაბეგრა 1 523 კგ ყველის რეალიზაცია. აღნიშნულ ნაწილში ნაჩვენები დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეუსაბამობაშია შეძენის დოკუმენტაციასთან ანუ გათავისუფლებულის სტატუსით გაყიდული აქვს იმ საქონლის ნაწილი, რომელიც დასაბეგრი სტატუსით აქვს შეძენილი/მიღებული აქვს ჩათვლა. არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებული/წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და საპირისპიროდ, მომწოდებლის საქონლის მოძრაობის და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია არ არის განხილული, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდება, შემოწმების მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე არ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესი და რეალიზაციაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.12.2024 წლის №26990 ბრძანება და 24.12.2024 წლის №136- 19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით. შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას 2021 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს 23 885 ერთეული პროდუქტი დასახელებით „ლობიო 900 გრ“ შპს „---“-ისგან. სასაქონლო ზედნადებებში დაბეგვრის ტიპში მითითებულია „დაუბეგრავი“. ასევე, 2021 წლის 23 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებით გადასახადის გადამხდელს კომპანიისგან შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „ჩაი 50 გრ“ სტატუსით „დაუბეგრავი“. შესაბამისად, როგორც მომწოდებელს, ასევე შემძენს აღნიშნული საქონელი განხილული აქვთ, როგორც ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტი და კომპანიაც აღნიშნული საქონლის რეალიზაციას განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად და არ არიცხავს დღგ-ის. ამასთან, მომწოდებელს აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს დასაბეგრი სტატუსით და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლაც. ვინაიდან, არსებული/წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მომწოდებლის საქონლის მოძრაობის და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია არ არის განხილული, როგორც გათავისუფლებული მიწოდება, შემოწმების მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე 3 მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესი და რეალიზაციაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან, შპს „---“-ისგან მიღებული პროდუქტების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „---“ არის შპს „----ს“ ურთიერთდამოკიდებული პირი. ასევე, შპს „---“-ის საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ საქონელი დასახელებით „ლობიო 900 გრ“ (დასაბეგრი სტატუსით) 2021 წლის დეკემბერში შეძენილი აქვს საგადასახადო ზედნადებებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ფიზიკური პირისგან, რაზეც „შპს ---“-ს სრულად აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. თავის მხრივ მომწოდებელ ფიზიკურ პირს აღნიშნულ საქონელი (ლობიო) შეძენილი აქვს იმპორტიორი კომპანიებისგან. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ჩაის შემთხვევაშიც, ანალოგიურად, მომწოდებლის საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ მისი მიწოდება არ წარმოადგენს დღგისგან გათავისუფლებულ ოპერაციას. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „---“-ისგან შეძენილი პროდუქცია წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს და არა საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიიჩნია, რომ აღნიშნული საქონლის მიწოდება არ წარმოადგენს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას და შესაბამისად, აღნიშნულ ოპერაციაზე დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-საგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე). წარმოადგენს შპს „---“-ის წერილს, რომლითაც მომწოდებელი ადასტურებს, რომ 2021 წლის 23 დეკემბერის ზედნადებით N---- (ჩაი 50გრ 1194.25 კგ) და 2021 წლის 25 დეკემბრის ზედნადებით N--- (ლობიო 900გრ 23885 ცალი) მიღებული პროდუქტები წარმოადგენენ საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. აღნიშნული საქონელი კომპანიის მიერ შეძენილი არის ფიზიკური პირებისგან. შპს „---“-მა პროდუქტი დააფასოვა მის მიერ შეძენილ პარკებში (შპს --სასაქონლო ზედნადები N---) და მოახდინა მისი რეალიზაცია. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მის მიერ რეალიზებული საქონელი გათავისუფლებულია დღგ -საგან ჩათვლის უფლებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე). შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ შპს „---“-ისგან შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ წარმოადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებულ მიწოდებას და აღნიშნულ ოპერაციაზე არ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათი. საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე მოპასუხე ორგანოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ და იმ გარემოებებზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს მის მიერ დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებს, ხოლო საჩივარზე თანდართული საქონლის მიმწოდებლის წერილი ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად, იმისა, რომ მის მიერ რეალიზებული პროდუქცია წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ რეალიზებული პროდუქცია არ წარმოდგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ დასახელებული საქონლის მიწოდება არ წარმოადგენს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას და შესაბამისად, აღნიშნული საქონლის რეალიზაციაზე დღგ-ის დარიცხვა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ვინაიდან არსებული/წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ საქონელი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და საპირისპიროდ, მომწოდებლის საქონლის მოძრაობის და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია არ არის განხილული, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდება, შემოწმების მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესი და რეალიზაციაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №26990 ბრძანება, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ დასახელებული საქონლის მიწოდება არ წარმოადგენს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას და შესაბამისად, აღნიშნული საქონლის რეალიზაციაზე დღგ-ის დარიცხვა მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 73 (4,9); 101; 154; 302 (3).