ბრძანება N 2325
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2325
08 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2023 წლის 25 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №86307/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №005-195 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, დასაქმებული პირის საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირად განხილვას, უძრავი ქონების საბაზრო ფასის ოდენობას, ასევე მიწის შესაძენად გადახდილ თანხასა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ ურთიერთდამოკიდებული პირის შემთხვევაში დასადგენია რამდენად მოახდინა ურთერთდამოკიდებულებამ გავლენა საბაზრო ფასზე. აცხადებს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი ჰქონდა სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნა მიწის საბაზრო ფასთან დაკავშირებით, რაც არ იქნა გათვალისწინებული. საჩივარში წარმოდგენილი აქვს ვრცელი არგუმენტები და მსჯელობა დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოყენებული სამი ანალოგიდან პირველი და მე-2 ანალოგების გადამოწმება შესადარებლად გამოსადეგობასთან დაკავშირებით შეუძლებელია მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არარსებობის გამო (არ იძებნება დასკვნაში მითითებული ბმულები). აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ფიზიკური მახასიათებლების ნაწილში „ფართის“ ველში „-10%“-იანი კორექტირება. მიუთითებს, რომ შესაფასებელ მიწის ნაკვეთთან მე-3 ანალოგი შესაფასებელი მიწის ნაკვეთი არც იდენტური და არც მსგავსი არ არის და შესადარებლად გამოუსადეგარია, რადგან მდებარეობს ისეთ ზონაში, სადაც დაუშვებელია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი ნოემბრის №26984 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ----) შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 დეკემბრის №30695 ბრძანება და ამავე თარიღის №005-195 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 152 717 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 604 ლარი, ჯარიმა 46 802 ლარი, საურავი 12 311 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1999 წელს, ამავე პერიოდიდან არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. პირის საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. ---. წარმოდგენილია პირის საბუღალტრო პროგრამა. 2023 წლის 17 იანვარს საწარმომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან (დაქირავებულისგან) შეიძინა უძრავი ქონება - კერძოდ, არასასოფლო სამეურნეო მიწა - 1304 კვ.მ (ს.კ. ----) 713 000 აშშ დოლარად (ეროვნული ბანკის კურსი 2.6738 - 1 906 419 ლარად). თანხა გადახდილია იმავე დღეს ბანკის ანგარიშიდან 1 906 419 ლარი.
აღნიშნული მიწის შეძენასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2022 წლის 22 დეკემბრის დასკვნა (შემფასებელი ---), სადაც მიწის საბაზრო ფასი მითითებულია 713 000 აშშ დოლარი. ვალის მართვის დეპარტამენტის ექტსპერტიზის N58424/11/23 დასკვნით, უძრავი ქონების - არასასოფლო სამეურნეო მიწის 1304 კვ.მ (მდებარე ----) საბაზრო ღირებულება 2023 წლის 17 იანვრის მდგომარეობით შეფასდა 1 532 000 ლარად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწის ყიდვისას შეძენის ფასსა და საბაზრო ფასს შორის არსებული სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე - ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2023 წლის 17 იანვარს საწარმომ დაქირავებული პირისგან შეიძინა 1304 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 713 000 აშშ დოლარად. თანხა გადახდილია იმავე დღეს საბანკო ბანკის ანგარიშიდან 1 906 419 ლარი. აღნიშნულ მიწის შეძენასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2022 წლის 22 დეკემბრის დასკვნა (შემფასებელი ---), სადაც მიწის საბაზრო ფასი მითითებულია 713 000 აშშ დოლარი. ვალის მართვის დეპარტამენტის ექტსპერტიზის დასკვნით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2023 წლის 17 იანვრის მდგომარეობით შეფასდა 1 532 000 ლარად. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწის ყიდვისას შეძენის ფასსა და საბაზრო ფასს შორის არსებული სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „---“ (ს/ნ ---) კუთვნილი ქონების საბაზრო ღირებულება გამოყვანილია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVSC) 2022 წლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად. შეფასებაში მოყვანილი მოსაზრებები ეფუძნება ექსპერტების პროფესიულ გამოცდილებას. მოქმედი შეფასების საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს უძრავი ქონების შეფასების სამ მიდგომას (საბაზრო მიდგომა, დანახარჯების მიდგომა და შემოსავლის მიდგომა) შესაბამისი მეთოდებით. არსებული და ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობისა და საიმედოობის გათვალისწინებით, შემფასებელი დამოუკიდებლად ირჩევს შეფასების მეთოდს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტის შესაფასებლად ექსპერტის მიერ გამოყენებული იქნა შეფასების საბაზრო მიდგომა, მიდგომის შერჩევა განხორციელდა შესაფასებელი ობიექტის სპეციფიკის და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. მოპოვებული ინფორმაციით 1304 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ---) მდებარე ქ. ---ში, 2023 წლის 17 იანვრის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა-6-ის სტატუსი და წყალმომარაგების ძირითადი ქსელის შეზღუდვა.
ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ, საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასებულ იქნა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქონების საბაზრო ღირებულება 2023 წლის 17 იანვრის მდგომარეობით.
შეფასების საერთაშორისო სტანდარტებში ზოგადი სტანდარტების 30-ე პუნქტის 30.1 ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ღირებულება არის შეფასებითი (გაანგარიშებითი) თანხა, რომლითაც აქტივი ან ვალდებულება უნდა გაიცვალოს შეფასების თარიღისათვის, გარიგების მსურველ მყიდველსა და გამყიდველს შორის, სათანადო მარკეტინგული ღონისძიებების შემდეგ, „გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით“ დადებულ გარიგებაში, როდესაც თითოეული მხარე იმოქმედებდა შეგნებულად, წინდახედულად და ძალდაუტანებლად. საბაზრო ღირებულება არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი ფასი, რომელიც გონივრულობის ფარგლებში, ხელმისაწვდომია ბაზარზე შეფასების თარიღისთვის. ამ შეფასებაში არ გაითვალისწინება განსაკუთრებული პირობების ან გარემოებების გავლენით აწეული ან დაწეული ფასები. საბაზრო ღირებულების შეფასების შედეგი ასახავს ბაზრის მდგომარეობასა და გარემოებებს შეფასების თარიღისათვის და არა რომელიმე სხვა თარიღისთვის. გარიგების მსურველ მყიდველს წარმოადგენს ისეთი მყიდველი, ვინც ყიდულობს ამჟამინდელი, მოცემული ბაზრის მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და არა ისეთ წარმოსახვით ან ჰიპოტეზურ ბაზარზე დაყრდნობით, რომლის არსებობის პროგნოზირება შეუძლებელია. საბაზრო მიდგომის შედეგად ღირებულების მაჩვენებელი მიიღება აქტივის შედარებით იდენტურ ან შესადარის (ანუ ანალოგიურ) აქტივებთან, რომელთა ფასების შესახებაც არსებობს ინფორმაცია. ექსპერტის მიერ შესწავლილ იქნა მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ყიდვა-გაყიდვის მონაცემები საჯარო რეესტრის ბაზაში და საინფორმაციო წყაროებში დაფიქსირებული რეალიზაციის განცხადებები. შეფასებაში მოყვანილი მოსაზრებები ეფუძნება ექსპერტების პროფესიულ გამოცდილებას. ასევე საქმიანი შეხვედრების შედეგებს, რომელთა დროსაც ჩვენს მიერ მოპოვებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შეირჩა ანალოგები და სათანადო კორექტირებების გათვალისწინებით მიღებულ იქნა აქტივის საბაზრო ღირებულება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებული მიწის საბაზრო ფასი და აქედან გამომდინარე წარმოშობილი სხვაობის (მიწის საბაზრო ფასსა და მიწის ყიდვისას შეძენის ფასს შორის) ხელფასად დაკვალიფიცირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, დასაქმებული პირისთვის სარგებლის საბაზრო ფასით განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასად განხილული სარგებელი დაიანგარიშება საბაზრო ფასის მიხედვით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწის შესაძენად გადახდილ თანხასა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 დეკემბრის №30695 ბრძანება და ამავე თარიღის №005-195 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 152 717 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 604 ლარი, ჯარიმა 46 802 ლარი, საურავი 12 311 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 73 (4,9); 101; 154.