ბრძანება N 21409

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.10.2025
№ დოკუმენტი 21409
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21409

06 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ამხანაგობა „---------ის“ (ს/ნ ------------)

(მის.: -----------------------------------------)

2025 წლის 14 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა ამხანაგობა „---------ის“ (ს/ნ ------------) 2025 წლის 14 სექტემბრის №-----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №001-188 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებით დარიცხული ვალდებულების და შესაბამისად დარიცხული სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №11487 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ამხანაგობა „---------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 2 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 6 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 12 აგვისტოს №18172 ბრძანება და ამავე თარიღის №001-188 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 122 743 ლარი, მათ შორის გადასახადი 77 107 ლარი, ჯარიმა 39 478 ლარი და საურავი 6 158 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ამხანაგობა „-------ი“ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2024 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2024 წლის 14 ნოემბერს. ამხანაგობის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება ტენდერებში მონაწილეობის გზით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სს „---------სა“ (ს/ნ -------) და შპს „-------თან“ (ს/ნ -------) სატენდერო ხელშეკრულებების გაფორმება შენობის სარემონტო სამუშაოებზე. შემოწმების მიერ სატენდერო ხელშეკრულებების და ჩარიცხვების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს 2024 წლის ნოემბერისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს ავანსი 215 799 ლარის ოდენობით, რომელზეც არ არსებობს შესაბამისი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც შესაბამის პერიოდში არ ფიქსირდება მისი დეკლარირება. რაც შეეხება 2025 წლის აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს, აღნიშნულ პერიოდში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შედეგად გაწეული მომსახურებების ღირებულებამ შეადგინა სულ 533 376 ლარი, გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს ამავე პერიოდში უფიქსირდება შპს „--------ზე“ (ს/ნ -------) მომსახურებების გაწევა. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილმა დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ სულ შეადგინა 632 143 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შპს „-------სგან“ (ს/ნ ------), რომელიც წარმოადგენს მის ქვეკონტრაქტორ საწარმოს, მიღებული აქვს მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის ჩათვლილი შესაბამის პერიოდებში, რადგან მისი გამოწერა განხორციელდა შემოწმების მიმდინარებისას. ჯამურად შესამცირებელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა სულ 36 436 ლარი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების დროს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა, შემოწმების მიერ დამატებით დგინდება, რომ გადამხდელს დუბლირებულად აქვს ჩათვლილი შპს „------სგან“ (ს/ნ -----) მიღებული, როგორც ავანსის (ავ------), ასევე, შესაბამისი მიწოდების (ეა------) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა 992 ლარის ოდენობით (აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურას ნაშთავს გამყიდველი მხარე).

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 174-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს გამოვლენილ სხვაობებზე დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების სრულად გათვალისწინებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ამხანაგობა „---------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებით დარიცხული ვალდებულების და შესაბამისად დარიცხული სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №11487 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 2 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №18172 ბრძანება და №001-188 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 122 743 ლარი, მათ შორის გადასახადი 77 107 ლარი, ჯარიმა 39 478 ლარი და საურავი 6 158 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის ირკვევა, რომ შემოწმების მიერ სატენდერო ხელშეკრულებების და ჩარიცხვების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს 2024 წლის ნოემბერისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს ავანსი 215 799 ლარის ოდენობით, რომელზეც არ არსებობს შესაბამისი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც შესაბამის პერიოდში არ ფიქსირდება მისი დეკლარირება. რაც შეეხება 2025 წლის აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს, აღნიშნულ პერიოდში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შედეგად გაწეული მომსახურებების ღირებულებამ შეადგინა სულ 533 376 ლარი, გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს ამავე პერიოდში უფიქსირდება მომსახურებების გაწევა. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილმა დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ სულ შეადგინა 632 143 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ქვეკონტრაქტორი საწარმოდან მიღებული აქვს მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის ჩათვლილი შესაბამის პერიოდებში, რადგან მისი გამოწერა განხორციელდა შემოწმების მიმდინარებისას. ჯამურად შესამცირებელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა სულ 36 436 ლარი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების დროს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა, შემოწმების მიერ დამატებით დგინდება, რომ გადამხდელს დუბლირებულად აქვს ჩათვლილი მიღებული, როგორც ავანსის , ასევე, შესაბამისი მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა 992 ლარის ოდენობით (აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურას ნაშთავს გამყიდველი მხარე).

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 174-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს გამოვლენილ სხვაობებზე დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174(1.2.3); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 ,,ა“ და „ბ“);