ბრძანება N 4182
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4182
27 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ -ის “ (ს/ნ "------" )
(ფაქტ. მის.:"-------" )
2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------" ) 2024 წლის 23 იანვრის №87030/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №065-52 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულ საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას. განმარტავს, რომ წარმოადგენს ხე-ტყის მომპოვებელ-გადამამუშავებელ კომპანიას, რომელიც თავისი საქმინობის ფარგლებში იყენებს, როგორც სპეცტექნიკას, ასევე „კამაზისა“ და „ურალის“ ტიპის ავტომანქანებს. აცხადებს, რომ ხე-ტყის მოპოვება ხორციელდება მაღალმთიან რეგიონში, ცხამის სატყეო უბანში. აღნიშნავს, რომ ტყეში სავალი გზები რთული რელიეფისაა, ავტომანქანებს უწევთ 1-2 სიჩქარით მოძრაობა. ორივე მანქანას აქვს ჩადგმული „კრაზის“ ძრავი, რაც 80 ლიტრი საწვავის ხარჯს მაინც წარმოქმნის. გარდა ამისა, გზა, რომელზეც მორებით დატვირთული მანქანა გადაადგილდება არ არის ქალაქის ასფალტირებული გზა და საწვავის ხარჯი ასეთი საქმიანობის სპეციფიკისა და გზების მდგომარეობის გათვალისწინებით განსხვავებულია.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული მოთხოვნის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს ირანის რესპუბლიკაში. აცხადებს, რომ კომპანიის მიმართ ირანის მხარეს აქვს დებიტორული დავალიანება 284 407 ლარის ოდენობით. მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ კრძალავს ვალის პირობით პროდუქტის რეალიზაციას. გადამხდელი ასევე ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ ფიცარი, რომელსაც კომპანია აწარმოებს, განიცდის გარემო პირობების ზემოქმედებას, იღებს ნესტს, იცვლის ფერს, იჩენს ნახეთქებს, ამიტომაც კომპანიას ბიზნესის წარმოებისას ურჩევნია დამკვეთს, თუნდაც ვალის პირობით მიაწოდოს საქონელი, ვიდრე დაასაწყობოს და მასალა გააფუჭოს. აღნიშნავს, რომ 2020-2021 წლებში დებიტორული დავალიანების წარმოქმნისას ირანის რესპუბლიკაში იყო დოლარის ვალუტასთან დაკავშირებული კრიზისი, მთელ მსოფლიოში იყო კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სირთულეები, რამაც წარმოქმნა ბიზნესთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან, გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 სექტემბრის №22725 ბრძანების საფუძველზე შპს „-------- -ის“ (ს/ნ "-------") ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33214 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №065-52 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 55 336 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 35 497 ლარი, ჯარიმა 16 874 ლარი და საურავი 2 965 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემებით დადგინდა შემდეგი: შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ჩამოწერილია ხე-ტყის მოპოვება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯები. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ავტოტრანსპორტზე/სპეცტექნიკაზე გახარჯული საწვავის ჩამოწერის აქტები, რომლითაც დგინდება რომ „კამაზის“ მარკის სატვირთო ბორტიან ავტომობილზე 110 კილომეტრიანი მანძილის დაფარვისას ჩამოწერილია 90 ლიტრი საწვავი, ხოლო „ურალის“ მარკის ავტომობილზე იგივე მანძილის დასაფარად ჩამოწერილია 100 ლიტრი საწვავი. შემოწმების მიერ მოძიებული ინფორმაციით, მსგავსი ტიპის/მარკის სატვირთო მანქანების საწვავის ხარჯი, ძრავის მოცულობის გათვალისწინებით არ შეესაბამება გადამხდელის მიერ ჩამოწერილ მონაცემებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ხარჯის რაოდენობა არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების თანახმად გაუქმდა მიღებული ჩათვლები ზედმეტად ჩამოწერილ საწვავზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მიხედვით ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემებით დადგინდა შემდეგი: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორული დავალიანების თანახმად, პირს გააჩნია მოთხოვნა ირანის რეზიდენტ კომპანიებთან 284 407 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელისგან მოთხოვნილი იყო შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტების წარმოდგენა. შემოწმების ეტაპზე შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტების წარმოდგენა გადამხდელის მხრიდან ვერ მოხერხდა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია ფულადი სახით შენატანები 187 410 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით და ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული დავალიანება შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანების და კაპიტალის შემცირების გათვალისწინებით სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ხე-ტყის მოპოვება/გადამუშავებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილი საწვავის ხარჯები, ძრავის მოცულობის გათვალისწინებით არ შეესაბამება მსგავსი ტიპის/მარკის სატვირთო მანქანების საწვავის ხარჯის მონაცემებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელს გააჩნია დებიტორული მოთხოვნა ირანის რეზიდენტ კომპანიებთან 284 407 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დებიტორულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული მოთხოვნის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულ საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული მოთხოვნის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ჩამოწერილია ხე-ტყის მოპოვება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯები. შემოწმებამ მიიჩნია, რომ ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ხარჯის რაოდენობა არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას.შესაბამისად,გაუქმდა მიღებული ჩათვლები ზედმეტად ჩამოწერილ საწვავზე.პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორული დავალიანების თანახმად, პირს გააჩნია მოთხოვნა ირანის რეზიდენტ კომპანიებთან.აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელისგან მოთხოვნილი იყო შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტების წარმოდგენა.ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია ფულადი სახით შენატანები.შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანების და კაპიტალის შემცირების გათვალისწინებით სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. პირი ასევე დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),982,101,154,174,175.