ბრძანება N 5047
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5047
07 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 26 იანვრის №87192/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №001-346 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შესაძლებელია სრულყოფილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა, შესაბამისად არ უნდა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და შემოწმება უნდა განხორციელდეს პირდაპირი მეთოდით. ამასთან, შემოწმებამ მთლიანი შემოსავალი აღიარა დირექტორის სარგებლად და არ არის გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №13035 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33677 ბრძანება და ამავე თარიღის №001-346 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 006 163 ლარი, მათ შორის, გადასახადი 619 511 ლარი, ჯარიმა 309 876 ლარი, საურავი 76 776 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა უძრავი ქონების იჯარით გაცემა, სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა და უძრავი ქონების რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა კონტაქტი საწარმოს ორივე დირექტორთან და ბუღალტერთან. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით 2-ჯერ იქნა გამოთხოვილი საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, თუმცა გადამხდელის მიერ დოკუმენტაციის მოწოდება მიუხედავად დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის რამდენჯერმე გადავადებული თარიღისა, დღემდე სრულყოფილად არ მომხდარა, მათ შორი საბანაკო ამონაწერებისაც. შემოწმებისათვის წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც მონაცემები 2020 წლის ივნისიდან არის შეტანილი, თუმცა პირველადი დოკუმენტაცია რასაც ეყრდნობა პროგრამულად ასახული სამეურნეო ოპერაციები სრულად არ არის წარმოდგენილი, ხოლო რაც წარმოდგენილია არასაიმედოდ იქნა მიჩნეული. კერძოდ: პროგრამაში ფიქსირდება ავანსის გადახდა შპს „--------“ 78 500 ლარის ოდენობით, თუმცა ავანსის აბნარიშ-ფაქტურა არ ფიქსირდება, ასევე პროგრამიდან ვერ იდენტიფიცირდება შპს --------- საიდენტიფიკაციო კოდი. ამასთანავე ფიქსირდება ავანსის გადახდა ფ/პ --------- და დირექტორ ---------, რომლებზეც წარმოდგენილია შემდეგი ნასყიდობის ხელშეკრულებები
1. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული 2023 წლის 26 იანვარს ს/კ ---------- (ფ/პ ----------, დამფუძნებელი და დირექტორი) თუმცა ეს მიწა საერთოდ არ არის --------- საკუთრებაში და 2023 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებულია სხვა პირზე.
2. ნასყიდობის ხელშეკრულება ფ/პ ---------- დადებული 2023 წლის 20 იანვარს (ს/კ ----------; ს/კ ----------; ს/კ ----------; ს/კ ---------) თუმცა ეს მიწები ისევ ----------- საკუთრებაშია. ამასთან ----------- არის დირექტორის --------- დედა და მის მიერ თანხების მიღება არ დასტურდება. ამასთანავე პროგრამაში ასახულია ფიზიკურ პირებზე თანხის გადახდები, რომლის დამადასტურებელი პირველადი სააღრციხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ელექტრონულ დოკუმენტაციას, საჯარო რეესტრისა და შსს-ს მონაცემებს. ამასთან, გადამოწმდა ინფორმაცია მესამე მხარეებთან დებიტორ-კრედიოტრული დავალიანებების შესახებ. აღნიშნულის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის № 22708 ბრძანების მიხედვით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად სალაროს ფიქტიური ნაშთი მიჩნეულ იქნა დირექტორების მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორცილეებული აქვს იმპორტის ოპერაციები -----------. შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა უცხოელ მომწოდებლებზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 98-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმებამ იხელმძღვანელა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებების თანახმად და ხარჯად დაკვალიფიცირდა საინვოისო ღირებულების 75%, ხოლო სხვაობის თანხა (ეკონომიკურად დეაუდასტურებელი ხარჯი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს), რაზეც დაერიცხა მოგების გადასახადიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 2024 წლის 15 თებერვალს 13:20 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ელექტრონულ დოკუმენტაციას, საჯარო რეესტრისა და შსს-ს მონაცემებს. ამასთან, გადამოწმდა ინფორმაცია მესამე მხარეებთან დებიტორ-კრედიოტრული დავალიანებების შესახებ. შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი და სალაროს ფიქტიური ნაშთი მიჩნეულ იქნა დირექტორების მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორცილეებული აქვს იმპორტის ოპერაციები თურქეთიდან. შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა უცხოელ მომწოდებლებზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმებით ხარჯად დაკვალიფიცირდა საინვოისო ღირებულების 75%, ხოლო სხვაობის თანხა (ეკონომიკურად დეაუდასტურებელი ხარჯი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა უძრავი ქონების იჯარით გაცემა, სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა და უძრავი ქონების რეალიზაცია. შემოწმებისათვის წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც მონაცემები 2020 წლის ივნისიდან არის შეტანილი, თუმცა პირველადი დოკუმენტაცია რასაც ეყრდნობა პროგრამულად ასახული სამეურნეო ოპერაციები სრულად არ არის წარმოდგენილი, ხოლო რაც წარმოდგენილია არასაიმედოდ იქნა მიჩნეული. ამასთანავე პროგრამაში ასახულია ფიზიკურ პირებზე თანხის გადახდები, რომლის დამადასტურებელი პირველადი სააღრციხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);101(1);154(1):97(1);982