გადაწყვეტილება №23330/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.10.2024
№ დოკუმენტი 23330/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23330/2/2024

16 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 21.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23330/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.05.2024 წლის №007-86 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14319 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 69 034 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 27 559

დღგ - 4 204

იმპორტის გადასახადი - 23 355

ჯარიმა - 27 559

საურავი - 13 916

 

ფაქტების აღწერა

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა №20113-C868 (27.10.20) საბაჟო დეკლარაციით უკრაინიდან შემოიტანა სეს ესნ-ის 2009 და 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, რომელიც შეძენილია უკრაინული კომპანია „---- LLC“-საგან ხუთი ინვოისით - №----- (13.10.20), №----- (13.10.20), №----- (15.10.20), №----- (16.10.20), №----- (16.10.20), ჯამური ღირებულებით - 66,029.08 აშშ დოლარი და ნეტო წონით - 122,482.58 კგ. აქედან, 65,177.08 აშშ დოლარის ღირებულების - 121,238.78 კგ საქონელზე გამოყენებული იყო ----ის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერთიფიკატები (CT-1) №GE----- ----- (13.10.20), №GE----- ----- (13.10.20), №GE----- ----- (15.10.20), №GE----- ----- (16.10.20); №GE----- ----- (16.10.20), რომელთა საფუძველზე იმპორტის გადასახადის ნაწილში გავრცელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები.

საქონლის საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებულია სეს ესნ-ის შემდეგი კოდებით იდენტიფიცირებული საქონელი:

---- - ფორთოხლის წვენი - საბაჟო ღირებულებით - 17 730.21 ლარი, წონა - 5 680.44 კგ. აქედან, იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრა მხოლოდ - 2 977.19 ლარის საბაჟო ღირებულების - 1 243.8 კგ წვენი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი წარმოშობის სერტიფიკატებში;

----- - ვაშლის წვენი - საბაჟო ღირებულებით - 7 115.48 ლარი, წონა - 3 452.66 კგ;

--- - ცივი ჩაი - საბაჟო ღირებულებით - 45 715.80 ლარი (კორექტ. მედიანით - 1.21), წონა - 24 521.70 კგ;

---- - ნექტარი ასორტიმენტში - საბაჟო ღირებულებით - 172 759.62 ლარი, წონა - 88 827.79 კგ. ჯამში შემოტანილია:

2009 კოდით - 24 845.70 ლარის საბაჟო ღირებულების წვენი, წონით - 9 133.1 კგ;

2202 კოდით - 218 475.48 ლარის საბაჟო ღირებულების ნექტარი და ცივი ჩაი, წონით - 113 349.48 კგ. სულ საქონლის საბაჟო დეკლარაციით შემოტანილია - 243 321.11 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი.

ზემოაღნიშნული CT-1-ებიდან ოთხ სერთიფიკატში ერთდროულად წარმოდგენილია, როგორც სეს ესნ-ის 2009, ასევე 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, გარდა №GE-------- სერთიფიკატისა, სადაც ფიგურირებს მხოლოდ 2202 ჯგუფის პროდუქცია.

სულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობამ ჯამში შეადგინა: იმპორტის გადასახადი (12%) – 357.0 ლარი, დღგ - 600.15 ლარი.

უკრაინიდან მიღებული წერილებიდან (№----/21, 15.11.21 და №---/21-10, 23.05.22) გაირკვა, რომ სერთიფიკატებით მოცული საქონლის --- წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესებით, მასში 7.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ხოლო ცვლილებების გარეშე ფორმულირებული ძირითადი წესებით - უკრაინული წარმოშობა დასტურდება მხოლოდ სეს ესნ-ის 2202 სასაქონლო ჯგუფის პროდუქციისთვის.

შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული წვენები არ წარმოადგენს უკრაინული წარმოშობის საქონელს, რადგან უკრაინასთან მიმართებით საქართველოსთვის ძალაშია მხოლოდ 30.11.2000 წლის ძირითადი წესები

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული დირექტიული წერილიდან (№----/21, 09.09.19) გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არაა. შესაბამისად, №20113-C866 საქონლის საბაჟო დეკლარაციის სერთიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი დაექვემდებარა დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, თუმცა გათვალისწინებული იქნა, რომ ოთხ სერთიფიკატში (№GE------, №GE------, №GE------, №GE------,) ---- წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი არაუკრაინული წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც. აღნიშნული მიზეზით, CT-1-ებმა შეიძინა არასწორად გაცემული დოკუმენტის სტატუსი და დაკარგეს ავთენტურობა. შესაბამისად, 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილი 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელიც.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული დირექტიული წერილიდან (№----/21, 09.09.19) გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არაა. შესაბამისად, №-----C866 საქონლის საბაჟო დეკლარაციის სერთიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი დაექვემდებარა დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, თუმცა გათვალისწინებული იქნა, რომ ოთხ სერთიფიკატში (№GE------, №GE------, №GE------, №GE------,) უკრაინული წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი არაუკრაინული წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც. აღნიშნული მიზეზით, CT-1-ებმა შეიძინა არასწორად გაცემული დოკუმენტის სტატუსი და დაკარგეს ავთენტურობა. შესაბამისად, 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილი 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელიც.

ავთენტურობა შეინარჩუნა მხოლოდ წარმოშობის სერთიფიკატმა №----, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ 2202 ჯგუფის საქონელი, რომელმაც ასევე შეინარჩუნა უკრაინული წარმოშობა საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესაბამის - მე-3 პოზიციაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს №------C868 (27.10.20) საქონლის საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - 27 559.0 ლარის ოდენობით. აქედან: იმპორტის გადასახადი - 23 355.0 ლარი და დღგ - 4 204 ლარი. ამასთან, სანქცია ჯარიმის სახით - 27 559 ლარი, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სულ გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგინა - 55 118 ლარი, რაზეც შედგა საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის №---- 21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი ამასთან, შემოწმების მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.12.2022 წლის №32004 ბრძანება და №007-352 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 28.06.2023 წლის №19687/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №დ1-21-10 დასკვნა, რომლის თანახმად, შემოწმების აქტის თანახმად დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა, დასკვნის საფუძველზე, გადამხდელს წარედგინა 2.05.2024 წლის №10560 ბრძანება და №007-86 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14319 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის მე-21 ნაწილით და საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიუთითა, რომ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისთვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან

პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა განმეორებითი შესწავლისა და გამოკვლევის პროცესში, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირებისათვის აუცილებელი ახალი, დამატებითი გარემოებები არ გამოვლენილა. შესაბამისად, კომპანიას გადასახდელად კვლავ ერიცხება იმპორტის გადასახადი - 23,355.0 ლარი, დღგ - 4,204.0 ლარი, ასევე სანქცია ჯარიმის სახით - 27,559.0 ლარი, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2.05.2024 წელს გამოიცა ბრძანება №10560, კომპანიისთვის დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ და საგადასახადო მოთხოვნა №007-86. ფაქტი, რომ ოთხ სერტიფიკატში (№GE-----, №GE-----, №GE-----, №GE-----,) უკრაინული წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი არაუკრაინული წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც, CT-1-ებს არასწორად გაცემული დოკუმენტის სტატუსს სძენს და შესაბამისად კარგავენ ავთენტურობას.

შემოსავლების სამსახურის №8777 (24.04.2023) ბრძანების აღსრულებისა და საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა განმეორებითი შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოკვლეულად უნდა ჩაითვალოს და აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით შეფასებას არ საჭიროებს.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ სადავო აქტებში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია საქართველოში რეგისტრირებულია 2008 წლიდან და იგი წარმოადგენს მსოფლიოში საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ლიდერი მწარმოებელის - საერთაშორისო კორპორაცია „პეპსიკო“- ს ჰოლდინგის ჯგუფის წევრ კომპანიას.

კომპანიის საქართველოში საქმიანობა მოიცავს „-----“ ჯგუფის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას, როგორებიც არის უალკოჰოლო სასმელები „-----“, „-----“ და ა.შ., ასევე „-----“ და „----“ ბრენდებით ცნობილი კარტოფილის ჩიფსები, და სხვა. კომპანია ასევე ახდენს სხვადასხვა სახის რძის პროდუქტის წარმოებას და მიწოდება, მათ შორის: რძის, კეფირის, მაწონის, არაჟნის, ხაჭოსი, მოჭიქული ხაჭოსი, იოგურტის და ა.შ.

კომპანია ზოგადად საქმიანობს საერთაშორისო ბიზნეს ეთიკისა და ფინანსური გამჭირვალობის პრინციპით. ამავდროულად, კომპანიის პოლიტიკაა, რომ გაზარდოს საქართველოში წარმოება საწარმოო პროცესების საქართველოში გადმოტანითა და ინვესტიციების განხორციელებით. კომპანიას საქართველოში განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი ინვესტიციები მათ შორის განვლილი პანდემიის ფონზე, რითაც წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

კომპანია სრულად ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, არ ეთანხმება შემოწმების აქტის მიხედვით დადგენილ გარემოებებს, ასევე პრეტენზია გააჩნია თავად აქტის აღქმადობასთან, დარიცხვის (გადასახადის, ჯარიმის, საურავის) წარმომავლობასთან და სხვადასხვა ნომენკლატურის მქონე საქონლის ერთი კოდის ქვეშ მოქცევის ფაქტზე. ჩვენი პოზიციაა, რომ აქტი და მის საფუძველზე გამოტანილი საგადასახადო მოთხოვნა, უკლებლივ ყველა ნაწილში არასწორადაა შედგენილი, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებისა და დაანგარიშების მეთოდის გამოყენებით და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ გაცემული იმპორტის დოკუმენტაცია სერტიფიკატების ჩათვლით გაცემულია უკრაინის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ, მათ სისწორესა და ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია. შემოწმებული იმპორტის დეკლარაციები საქართველოში დაბეჭდილია საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მომსახურების სააგენტოს მიერ და მათ შესაბამისი ანაზღაურებაც მიღებული აქვთ აღნიშნულ მომსახურებაში. ანუ თუ ეჭვის საფუძველი არსებობდა, რატომ დაბეჭდეს მათ არასწორი დეკლარაციები? ორგანომ რომელიც უწევს მომსახურებას და ასევე ამოწმებს კიდეც დაუშვა ასეთი შეცდომა, რომ საქონლის დეკლარირება და განბაჟება არასწორად განახორციელებინა?.. კომპანიამ კი არ მიაყენა სახელმწიფოს ზიანი, თავად სახელმწიფო უწყებები აყენებენ ამ შემთხვევაში ზიანს. მიაჩნია, რომ საკითხზე გამოტანილია ნაჩქარევი გადაწყვეტილება და საკითხი უფრო სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს, სადაც არანაირად არ იკვეთება მისი ბრალეული ქმედება ან გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება.

ასევე, საინტერესოა საერთაშორისო წესებისა და სამართლის გამოყენებით, რატომ მოქმედებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო კონკრეტული წლის საერთაშორისო შეთანხმებისა და წესების საფუძველზე, ხოლო მეორე ხელშემკვრელი მხარე აბსოლიტურად განსხვავებული წესებითა და რედაქციით. ამ სიტუაციაში და ბუნდოვანებაში კერძო სექტორი არ უნდა ზარალდებოდეს და მითუმეტეს არ უნდა ჯარიმდებოდეს კანონის უმკაცრესი ზომების გამოყენებით. ამ შეუთანხმებელი და ბუნდოვანი სახელმწიფოებრივი ურთიერთობების გამო ადგება სერიოზული ფინანსური ზარალი, თუ გავითვალისწინებთ დარიცხულ გადასახადს და რაც კიდევ უფრო დაუჯერებელია, ჯარიმებისა და საურავების ნაწილზე.

თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ აღნიშნული იმპორტის გადასახადი ეკუთვნოდა 2009 კოდის/ნომენკლატურის პროდუქტზე, აბსოლუტურად გაუგებარი და არასამართლიანი მიდგომაა გამოყენებული შერეული საქონლის ინვოისების ნაწილში, ვინაიდან თავად მაკონტროლებელი ორგანო წერს, რომ ოთხ სერთიფიკატში NQGE------, GE------, GE------, GE------,1974 ნაწილი საქონელი, რომელიც მიეკუთვნება 2002 კოდს, საქართველოში გამოყენებული წესების თანახმადაც ხვდება იმპორტის გადასახადის განთავისუფლების ნაწილში, მაგრამ, ვინაიდან ისინი მოქცეულია ერთ დოკუმენტში მათ მიიჩნიეს, რომ სრულად უნდა დაბეგრილიყო და გავრცელებულიყო ჯარიმა და საურავი ამ დოკუმენტში მოცემულ პროდუქციაზე, როგორც 2002, ასევე 2009 ნომენკლატურაზე, რაც არანაირ სამართლებრივ ჭრილში არ ჯდება.

კომპანია ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. გადამხდელის პოზიციაა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა შემოსვლების სამსახურის ბრძანების სათანადო აღსრულება. კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს საკითხი განმეორებით არ შეუსწავლია და გამოსცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც განხორციელებული დარიცხვა დატოვა ძალაში. დამატებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა ძალაში დატოვა საბაჟო დეპარტამენტის კორექტირებული მოთხოვნა და კომპანიის საჩივრის დაკმაყოფილებაზე თქვა უარი საკითხის არსებითი შესწავლის გარეშე. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული. მასში მოცემულია მხოლოდ ზოგადი მსჯელობა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ საკითხის დამატებითი შესწავლისას არ გამოკვეთილა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. თუმცა, ბრძანებაში არ არის მოცემული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები იქნა დამატებით გამოკვლეული ან/და რა საკითხები იყო შესასწავლი შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამდენად, შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14319 ბრძანება არ არის თანმიმდევრული და კონფლიქტშია თავად ამავე სამსახურის მიერ 24.04.2023 წლის №8777 ბრძანებასთან. მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს: საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა. ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ამასთან, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილის შესაბამისად:

1. საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

8. პირს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას აღნიშნული ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიიდან საქონლის გადაადგილებისას აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად).

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საბაჟო დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა და გამოიკვლია დარიცხვასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება. საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა განმეორებითი შესწავლისა და გამოკვლევის პროცესში, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირებისთვის აუცილებელი ახალი, დამატებითი გარემოებები არ გამოვლენილა. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

მომჩივნის განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა შემოსვლების სამსახურის ბრძანების სათანადო აღსრულება. კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს საკითხი განმეორებით არ შეუსწავლია და გამოსცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც განხორციელებული დარიცხვა დატოვა ძალაში. დამატებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა ძალაში დატოვა საბაჟო დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და კომპანიის საჩივრის დაკმაყოფილებაზე თქვა უარი საკითხის არსებითი შესწავლის გარეშე. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული. მასში მოცემულია მხოლოდ ზოგადი მსჯელობა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ საკითხის დამატებითი შესწავლისას არ გამოკვეთილა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. თუმცა, ბრძანებაში არ არის მოცემული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები იქნა დამატებით გამოკვლეული ან/და რა საკითხები იყო შესასწავლი შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 გადაწყვეტილების შესაბამისად.

მომჩივანს მიაჩნია, რომ უკრაინაში წარმოშობილი და საქართველოში შემოტანილი საქონელი, რომელზეც წარმოდგენილი აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები (СТ-1), ექვემდებარება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან ეხება კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი და დაუსაბუთებელია 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესების მითითებით, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია (ნორმატიული აქტის სახე არ აქვს), 2022 წლის 7 დეკემბრის №----21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებაზე უარის საფუძველი. ამასთან, ყოვლად გაუგებარია უკრაინული წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციაზე იმპორტის გადასახადის განთავისუფლებაზე უარის საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო ორგანოს უარი 2022 წლის 7 დეკემბრის №-----21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებაზე არ არის დასაბუთებული და მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14319 ბრძანება;

3. საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმასაბაჟო დეკლარაციით უკრაინიდან შემოიტანა სეს ესნ-ის 2009 და 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, რომელიც შეძენილია უკრაინული კომპანიასაგან ხუთი ინვოისით - ჯამური ღირებულებით - 66,029.08 აშშ დოლარი და ნეტო წონით - 122,482.58 კგ. აქედან, 65,177.08 აშშ დოლარის ღირებულების - 121,238.78 კგ საქონელზე გამოყენებული იყო უკრაინის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერთიფიკატები (CT-1), რომელთა საფუძველზე იმპორტის გადასახადის ნაწილში გავრცელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები. ზემოაღნიშნული CT-1-ებიდან ოთხ სერთიფიკატში ერთდროულად წარმოდგენილია, როგორც სეს ესნ-ის 2009, ასევე 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, გარდა GE04800C1968 სერთიფიკატისა, სადაც ფიგურირებს მხოლოდ 2202 ჯგუფის პროდუქცია.

უკრაინიდან მიღებული წერილებიდან (გაირკვა, რომ სერთიფიკატებით მოცული საქონლის უკრაინული წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესებით, მასში 7.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ხოლო ცვლილებების გარეშე ფორმულირებული ძირითადი წესებით - უკრაინული წარმოშობა დასტურდება მხოლოდ სეს ესნ-ის 2202 სასაქონლო ჯგუფის პროდუქციისთვის. შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული წვენები არ წარმოადგენს უკრაინული წარმოშობის საქონელს, რადგან უკრაინასთან მიმართებით საქართველოსთვის ძალაშია მხოლოდ 30.11.2000 წლის ძირითადი წესები.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული დირექტიული წერილიდან გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არაა. შესაბამისად, საქონლის საბაჟო დეკლარაციის სერთიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი დაექვემდებარა დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, თუმცა გათვალისწინებული იქნა, რომ ოთხ სერთიფიკატში უკრაინული წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი არაუკრაინული წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც. აღნიშნული მიზეზით, CT-1-ებმა შეიძინა არასწორად გაცემული დოკუმენტის სტატუსი და დაკარგეს ავთენტურობა. შესაბამისად, 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილი 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელიც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს საქონლის საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი რაც გასაჩივრდა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო ორგანოს უარი საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებაზე არ არის დასაბუთებული და მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167;

საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199 („რ“)