ბრძანება N 9927
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9927
29 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,----------“-ის (ს/ნ ----------------)
(მის: --------------------------------------)
(იურ. მის: ------------------------------)
2024 წლის 11 და 17 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 აპრილის სხდომაზე (ოქმი N43) განიხილა შპს ,,----------“-ის (ს/ნ ----------------) N89010/1/2024 და N89138/1/2024 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის N------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს შპს ,,----------“-ი (ს/ნ ----------------) დაჯარიმდა 6000 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, რაზეც შედგა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ ოქმს და აცხადებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა ფაქტის სიღრმისეული კვლევა, რაც გამორიცხავდა „გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტს“. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ გამოვლენილ სამართალდარღვევაში არის ის, რომ შპს „------“-ს თბილისში, ------ს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩნია ორი საწყობი, სადაც ინახება სხვადასხვა ტიპის საქონელი. მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 12 მარტს განხორციელებული საგადასახადო კონტროლის დროს, სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით------, ნაწილობრივ დატვირთული ერთ საწყობში, მიემართებოდა მეორე საწყობისკენ, სადაც უნდა მომხდარიყო ონლაინ შეკვეთებისთვის განკუთვნილი საქონლის დარჩენილი ნაწილის დატვირთვა, საქონლის დათვალიერება, ტექნიკური ან ვიზუალური წუნის გამორიცხვა, რომლის შემდგომაც გაიწერებოდა ინდივიდუალური შეკვეთისთვის კუთვნილი ზედნადები, როგორც ზოგადად იქცევა საწარმო. მეორე საწყობში საქონლის მიტანის და დათვალიერების პროცედურების გავლის შემდგომ მოხდა საქონლის ინდივიდუალურ მყიდველზე გაწერა, რაზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები ნომრებით: -----; -------; -------; ------; -------; ------; -------.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ოპერაციის შუა ჯაჭვზე მოხდა სატრანსპორტო საშუალების გაჩერება. კერძოდ, ერთი საწყობიდან მეორე საწყობისკენ გადაადგილებისას. გადამხდელის წარმომადგენელს (ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლს) განუმარტეს, რომ არ მოხდებოდა მისი დაჯარიმება და მოეხდინათ შიდა ტრანსპორტირების ზედნადების ატვირთვა. შპს „----“-ის მიერ მოხდა შიდა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, სადაც დაფიქსირებულ იქნა ის სრული სასაქონლო ასორტიმენტი, რომელიც უნდა დატვირთულიყო ორივე საწყობში და რომლითაც უნდა მომხდარიყო ონლაინ შეკვეთებისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება. გადასახადის გადამხდელი ასევე მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ან/და სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ოქმის შემდგენი ოფიცრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2024 წლის 12 მარტს, 13:19 სთ-ზე, ქ. თბილისი, -----ის ქუჩი- გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით ,,------“ მძღოლი -------ა (პ/ნ ----------), რომლის ძარაზე განთავსებული იყო შპს ,,----------“-ის (ს/ნ ----------------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 6000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ელ. სასაქონლო ზედნადების გარეშე. შესაბამისად, შპს ,,----------“-ის (ს/ნ ----------------) მიმართ შედგა №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ელ. სასაქონლო ზედნადები #------ გამოიწერა გადამოწმების შემდგომ.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,----------“-ის (ს/ნ ----------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ან/და სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ოქმის შემდგენი ოფიცრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2024 წლის 12 მარტს, გადამოწმდა ფიზიკური პირის ავტოსატრანსპორტო საშუალება , რომლის ძარაზე განთავსებული იყო მომჩივანის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 6000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ელ. სასაქონლო ზედნადების გარეშე. შესაბამისად, მომჩივანის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ელ. სასაქონლო ზედნადები გამოიწერა გადამოწმების შემდგომ.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 286(1,2) ;269(7);