ნაპატიები თანხების ერთობლივ შემოსავალში ასახვა და პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა N 0304
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ნაპატიები თანხების ერთობლივ შემოსავალში ასახვა და პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა N 0304
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ სავაჭრო კრედიტორული დავალიანების თანხა, რომელიც მას წარმოეშვა 2008 წელს არ დაფარა გადახდის ვადაში და არც გადახდის ვადის გასვლის შემდეგ. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, საწარმოს ერიცხება პირგასამტეხლოს თანხა ვალის ანაზღაურების ვადის გასვლის შემდგომი თვიდან ყველა სრულ და არასრულ თვეზე
· 2009 წელს დადგენილი წესით გაფორმდა მხარეთა შორის შეთანხმება ვალის პატიების შესახებ
· საწარმომ ნაპატიები კრედიტორული დავალიანებისა და 2008-2009 წლებში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხები არ ასახა ერთობლივ შემოსავალში
· ვალის პატიების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საწარმომ შეწყვიტა ხარჯებში პირგასამტეხლოს თანხის დარიცხვა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უკვე დარიცხული თანხები ასახულია შესაბამისი წლების მოგების წლიურ დეკლარაციებში, როგორც ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები
შეფასება
· საწარმომ შეამცირა 2009 წლის ერთობლივი შემოსავალი, ვინაიდან მასში არ არის ასახული ნაპატიები კრედიტორული დავალიანებისა და 2008-2009 წლებში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხები
· ვალის პატიების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ პირგასამტეხლოს თანხის დარიცხვის შეწყვეტა საწარმოს მხრიდან მართლზომიერი ქმედებაა
· საწარმოს მიერ ერთობლივი შემოსავლიდან დარიცხული პირგასამტეხლოს თანხის გამოქვითვა მართლზომიერია
ღონისძიებები
· უნდა გაიზარდოს 2009 წლის ერთობლივი შემოსავალი ნაპატიები კრედიტორული დავალიანებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს თანხებით და შესაბამისად, უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით სახელმძღვანელოში აღწერილ სიტუაციაში კრედიტორად მოიაზრება როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი. ხოლო 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით - მხოლოდ იურიდიული პირი