გადაწყვეტილბა №23090/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23090/2/2024
18 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ის“ 18.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23090/2/2024).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 აპრილის №9927 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 5 000 ლარით.
აღნიშნული ოქმი 2024 წლის 11 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 29 აპრილის №9927 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 269-ე, 270-ე, 286-ე მუხლებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირდა „სამართალდარღვევა“, რაც გამოიხატა იმაში, რომ უშუალოდ გადამოწმების დროს არ იყო გამოწერილი შიდა ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ზედნადები, რამაც გამოიწვია საწარმოს დაჯარიმება საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
უპირველეს ყოვლისა, ვერ დაეთანხმებიან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის პოზიციას, ვინაიდან აღნიშნული დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა ფაქტის სიღრმისეული კვლევა, რაც გამორიცხავდა „გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტს“.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ გამოვლენილ სამართალდარღვევაში არის ის, რომ კომპანიას ქ. თბილისში, -------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩნია ორი საწყობი, სადაც ინახება სხვადასხვა ტიპის საქონელი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 12 მარტს განხორციელებული საგადასახადო კონტროლის დროს, სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ------ ნაწილობრივ დატვირთული ერთ საწყობში, მიემართებოდა მეორე საწყობისკენ, სადაც უნდა მომხდარიყო ონლაინ შეკვეთებისთვის განკუთვნილი საქონლის დარჩენილი ნაწილის დატვირთვა, საქონლის დათვალიერება, ტექნიკური ან ვიზუალური წუნის გამორიცხვა, რომლის შემდგომაც გაიწერებოდა ინდივიდუალური შეკვეთისთვის კუთვნილი ზედნადები, როგორც ზოგადად იქცევა საწარმო. მეორე საწყობში საქონლის მიტანის და დათვალიერების პროცედურების გავლის შემდგომ მოხდა საქონლის ინდივიდუალურ მყიდველზე გაწერა, რაზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები ნომრებით: --------; --------; --------; --------; --------; --------; --------.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ოპერაციის შუა ჯაჭვზე მოხდა სატრანსპორტო საშუალების - სახელმწიფო ნომრით ------- - გაჩერება. კერძოდ, ერთი საწყობიდან მეორე საწყობისკენ გადაადგილებისას. კომპანიის წარმომადგენელს (ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლს) განუმარტეს, რომ არ მოხდებოდა მისი დაჯარიმება და მოეხდინათ შიდა ტრანსპორტირების ზედნადების ატვირთვა. საწარმოს მიერ მოხდა შიდა ტრანსპორტირების ზედნადების ატვირთვა, სადაც დაფიქსირებულ იქნა ის სრული სასაქონლო ასორტიმენტი, რომელიც უნდა დატვირთულიყო ორივე საწყობში და რომლითაც უნდა მომხდარიყო ონლაინ შეკვეთებისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის, იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
გადასახადის გადამხდელის მიერ არცოდნით ჩადენილი კანონის გადაცდომა გამოწვეულია შეცდომით და ფაქტის არასწორი შეფასებით, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად არ ისახავდა სახელმწიფოსთვის და ბიუჯეტისთვის რაიმე ზარალის მიყენებას, რაც საბოლოო ჯამში ფიქსირდება ფაქტებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული სანქციის თანხის კორექტირებას შემცირების გზით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად:
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.05.2024 წლის №------21-12 წერილით დგინდება, რომ 2024 წლის 12 მარტს, 13:- სთ-ზე, ქ. თბილისი, -----ის ქუჩის --, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით: ----; მძღოლი ----------ა (პ/ნ ---------), რომლის ძარაზე განთავსებული იყო კომპანიის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 6 000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ელ. სასაქონლო ზედნადების გარეშე. სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში (გადაღებული ვიდეო ჩანაწერის მიხედვით) დადგინდა, რომ გადამოწმების შემდგომ, დაგვიანებით გამოიწერა ელ. სასაქონლო ზედნადები №------, რის გამოც მომჩივნის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №----- - საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი პროდუქციის ელ. ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე საწარმოს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 5 000 ლარით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №9927 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 286(1.2) ;