გადაწყვეტილება №17394/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.12.2022
№ დოკუმენტი 17394/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17394/2/2022

01.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 5.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17394/2/2022).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის №025-2022-071509 ბრძანება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;

2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19811 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2018 წლის გადაწყვეტილებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) და „----------“ (ს/ნ ----------) აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზის მონაცემების მიხედვით, 17.06.2022 წლის მდგომარეობით „----------“-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 229 464,19 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიმართ გამოიცა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის №025-2022-071509 ბრძანება, რომლის საფუძველზე მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა - 13 478,77 ლარი.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2022 წლის №19811 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2018 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, შპს „----------“ და ფ/პ „----------“ აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. ამასთან, 17.06.2022 წლის მდგომარეობით „----------“-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 229 464,19 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 31.03.2022 წლის №025-2022-071509 ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა 27.04.2017 წელს სარჩელი აღძრა „----------“-ს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - შპს „----------“, „----------“-ს, „----------“-ს, „----------“-ს, „----------“-ს, „----------“-ს და „----------“-ს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.

„----------“-ს რაიონული სასამართლოს 11.10.2017 წლის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სარჩელი, შპს ა„----------“-ს, „----------“-ს, „----------“-ს, „----------“-ს, „----------“-ს, „----------“-ს და „----------“-ს მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2018 წლის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა „----------“-ს რაიონული სასამართლოს 11.10.2017 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „----------“ და „----------“ აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2018 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს 10.09.2019 წლის განჩინებით, შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2018 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

ვალის მართვის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის №025-2022-071509 ბრძანებით საინკასო დავალება წარდგენილ იქნა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიმართ 229 464,19 ლარზე, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

აღნიშნული საინკასო დავალება წარდგენილია ხანდაზმულ პერიოდში, ვინაიდან დავალიანება წარმოშობილია 2015 წელს, ხოლო საინკასო დავალება გამოცემულია 2022 წელს.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებზე,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები არ ჰქონია, ვინაიდან ცრუმაგიერ პირად მიჩნევა არ წარმოადგენს საგადასახადო დავას. შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული საინკასო დავალება ხანდაზმულია.

თუ არ იქნება გათვალისწინებული აღნიშნული გარემოებები და არგუმენტაცია, მაშინ უნდა დადგინდეს დავალიანების ფარგლები, კერძოდ:

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 28.02.2017 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 28 570 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დავის დაწყების მომენტში არსებული დავალიანების შესაბამისად.

აღნიშნულ შემთხვევაში საინკასო დავალება უნდა გამოცემულიყო, სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მისი აღსრულებაც გადაწყვეტილების მოცულობის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ცრუმაგიერ პირად მიჩნევს თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამის პერიოდში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 28 570 ლარს და სწორედ ამ დავალიანების მიმართებით მოხდა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება.

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის და პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, 248- ე მუხლის და 249-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების გათვალისწინებით სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხი, სადაც სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იყო, რომ გადასახადის გადამხდელს 28.02.2017 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 28 570 ლარი, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მიღებულია სწორედ 28 570 ლარის ფარგლებში და ამ დავალიანებასთან მიმართებით იქნა ცნობილი ცრუმაგიერად შპს ახალი მარკეტი, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები. შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე და სრულად არ გამოუკვლევია საჩივარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ამავე კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

დადგენილია, რომ მომჩივანი და ვეფხია ნაცვლიშვილი (პ/ნ 59001034906) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2018 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.09.2019 წლის განჩინებით. შესაბამისად, „----------“-ს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით მომჩივნის მიმართ გამოცემულ იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის №025-2022-071509 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს არგუმენტი ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული საინკასო დავალების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან მომჩივანს საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.09.2019 წლის განჩინებით ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2018 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო მომჩივნის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარდგენილი იქნა 31.03.2022 წელს, 2019 წლის დასრულებიდან 3 წლის გასვლამდე. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება.

სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2018 წლის გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით დადგენილია, რომ 28.02.2017 წლის მდგომარეობით, ი/მ „----------“-ს (ს/ნ ----------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 28 570,73 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოშობილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლები, რომლის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების უფლება გააჩნია საგადასახადო ორგანოს მომჩივნის მიმართ, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19811 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.