ბრძანება N 15132
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15132
28.06.2023
შპს „--------“ (ს/ნ --------)
(მის.: ---------)
2023 წლის 3 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ ------) 2023 წლის 3 თებერვლის №78842/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის №081-175 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 25%-ის მოგების გადასახადით დაბეგვრას. ეთანხმება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საწარმოს მიერ არ ყოფილა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა აღნიშნული ფაქტის მიუხედავად მისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დადგენა (როგორ დადგინდა სარეალიზაციო პროდუქციის ფასები, როგორ გაანგარიშდა ფასნამატი, დაიყო თუ არა საქონელი კატეგორიებად, ჯგუფებად, ქვეჯგუფებად ან ხომ არ იქნა გამოყენებული სხვა ობიექტის ფასნამატი). ასევე, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს და მიუთითებს, რომ ფასნამატი არ აღემატებოდა 8-10%-ს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი 1 313 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ არ იცის ვინ ან რატომ გამოწერა მის სახელზე საქონელი და მხოლოდ დოკუმენტის არსებობა არ წარმოადგენს საწარმოს ბრუნვის გაზრდისთვის საკმარის საფუძველს. დამატებით მიუთითებს, რომ კომპანია 2021 წლის მარტის შემდეგ აღარ ახორციელებს არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიოები. ითხოვს სადავო საკითხების შესწავლის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთის დაკვალიფიცირებას საწარმოს დამფუძნებელ პირზე გაცემულ დივიდენდად.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ სარემონტო მასალების შეძენა არ წარმოადგენდა საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე გაწეულ რემონტის ხარჯს, არამედ აღნიშნული ოპერაცია ემსახურებოდა მხოლოდ სავაჭრო ობიექტის იმგვარ ფორმამდე მიყვანას, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 თებერვლის №3263 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 2 აპრილიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 6 ოქტომბრის №25480 ბრძანება და ამავე თარიღის №081–175 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 165 384 ლარი, მათ შორის გადასახადი 92 232 ლარი, ჯარიმა 46 894 ლარი და საურავი 26 258 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. გადამხდელის საქმიანობაა არასპეციალიზებული ვაჭრობა სასურსათო პროდუქციით. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები აღრიცხვა იმ სახით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს უფიქსირდებოდა 1 728 274 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის შეძენა, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული ჰქონდა მხოლოდ 1 555 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საქონელი. საწარმოს მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას არ გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს 2021 წლის აპრილის თვის შემდგომ თითქმის შეჩერებული ჰქონდა ეკონომიკური აქტივობა. ხსენებული პერიოდის შემდგომ აღარ უფიქსირდებოდა საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა, ასევე, არ ფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშებზე აქტივობა, არ ჰქონდა გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაცია, ხოლო შეძენილი ჰქონდა სულ 1 550 ლარის ღირებულების საქონელი. შემოწმებით, გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული და გამოწერილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე, საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებული ბრუნვა და ბანკში მიღებული საოპერაციო შემოსავლები. პირველადი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები მკვეთრად აღემატებოდა დეკლარირებულ მონაცემებს. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შეძენილი ჰქონდა როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონელი, მთლიან შეძენებში გათავისუფლებული საქონლის პროპორციის გამოყენებით გაიმიჯნა დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, საგადასახადო შემოწმების პროცესში, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები, ასევე, არ გააჩნდა ნაღდი ფულის, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები. შემოწმებით, გადამხდელის შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. კერძოდ, პირის მიერ მიღებული შემოსავლიდან აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით (11.8%) განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც 1 728 274 ლარის საქონლის შეძენები (დღგ-ის ჩათვლით) დოკუმენტურად იყო დადასტურებული, ხოლო დანარჩენი საქონლის შეძენა დოკუმენტურად არ დასტურდებოდა (110 247 ლარი დღგ-ის ჩათვლით). შემოწმებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75% ჩაითვალა დადასტურებულად, ხოლო 25% დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად, საწარმოს 2021 წლის მარტის თვის შემდგომ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, აღარ უფიქსირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, ამავე პერიოდის შემდგომ, პირს აღარ უფიქსირდებოდა საკონტროლო-სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკები და საბანკო ანგარიშებზე მიღებული საოპერაციო შემოსავლები. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, პირს სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი ჰქონდა 1 313 ლარის თვითღირებულების საქონელი. 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით, 2021 წლის შემდგომ შეძენილი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 463 ლარის ოდენობით, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ამონაწერები კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო წარდგენილი იმ სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის ზუსტად დადგენა, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გააანალიზა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში გამოვლინდა განკარგვადი თანხები (ნაღდი ფულის ნაშთი), რომელზეც გადამხდელს არ ჰქონდა მინიჭებული კვალიფიკაცია. შემოწმებით, გამოვლენილი განკარგვადი თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ პირს ქონების გადასახადის დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული დასაბეგრი ქონების ღირებულებები. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ პირს 2019 წელს შესყიდული ჰქონდა სავაჭრო დახლი და სამშენებლო მასალები იჯარით აღებული ფართის რემონტისათვის. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 201- ე მუხლის პირველი ნაწილისა და 202-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაანგარიშდა 2019 და 2020 წლებში პირის კუთვნილი ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებები, რომლის შესაბამისადაც პირს განესაზღვრა ქონების გადასახადი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა იმ სახით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, პირს უფიქსირდებოდა 1 728 274 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის შეძენა, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული ჰქონდა მხოლოდ 1 555 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საქონელი. გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები, ნაღდი ფულის, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები. შემოწმებით, პირველადი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები მკვეთრად აღემატებოდა დეკლარირებულ მონაცემებს.
ასევე, შემოწმებით, გადამხდელის შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, პირის მიერ მიღებული შემოსავლიდან აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით (11.8%) განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც 1 728 274 ლარის საქონლის შეძენები (დღგ-ის ჩათვლით) დოკუმენტურად იყო დადასტურებული, ხოლო დანარჩენი საქონლის შეძენა დოკუმენტურად არ დასტურდებოდა (110 247 ლარი დღგ-ის ჩათვლით). შემოწმებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75% ჩაითვალა დადასტურებულად, ხოლო 25% დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველადი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე მიღებულ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის (დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები გათვალისწინებულია) დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმოს 2021 წლის მარტის თვის შემდგომ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, აღარ უფიქსირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, ამავე პერიოდის შემდგომ საწარმოს აღარ უფიქსირდებოდა საკონტროლო-სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკები და საბანკო ანგარიშებზე მიღებული საოპერაციო შემოსავლები. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთები. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ გადამხდელს სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი ჰქონდა 1 313 ლარის თვითღირებულების საქონელი.
ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის შესაბამისად და დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადამხდელს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია იმ სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის ზუსტად დადგენა. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელზეც არ ჰქონდა მინიჭებული კვალიფიკაცია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმებამ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გაითვალისწინა ბიუჯეტში გადახდილი თანხები სს „------ ბანკის“ და სს „------ ბანკის“ ანგარიშიდან, ასევე, სალაროდან.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ანალიზისას გამოვლენილი განკარგვადი თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 1999 წლის 12 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმიდან გამომდინარე, იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯი განიხილება ძირითად საშუალებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019 წელს შესყიდული ჰქონდა სავაჭრო დახლი და სამშენებლო მასალები იჯარით აღებული ფართის რემონტისათვის, თუმცა არ ჰქონდა ასახული დასაბეგრი ქონების ღირებულებები ქონების გადასახადის დეკლარაციაში.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 25%-ის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი 1 313 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელის საქმიანობაა არასპეციალიზებული ვაჭრობა სასურსათო პროდუქციით. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები აღრიცხვა იმ სახით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა. შემოწმების მიერ გაანგარიშებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ასევე, შემოწმებით, გადამხდელის შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75% ჩაითვალა დადასტურებულად, ხოლო 25% დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, პირს სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი ჰქონდა 1 313 ლარის თვითღირებულების საქონელი. შემოწმებით, 2021 წლის შემდგომ შეძენილი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 463 ლარის ოდენობით, დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
3. შემოწმებით, გამოვლენილი განკარგვადი თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ პირს ქონების გადასახადის დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული დასაბეგრი ქონების ღირებულებები. შემოწმებით გაანგარიშდა 2019 და 2020 წლებში პირის კუთვნილი ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებები, რომლის შესაბამისადაც პირს განესაზღვრა ქონების გადასახადი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 43(4), 61(3), 73(5"ა""ბ"), 101(1), 105(2), 72(1), 154(1"ა"), 159(1), 163(1), 164(1), 168(1), 201(1), 202(1), 205(2), 115(4).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 161(1"ა"), 171(1).