გადაწყვეტილება №20018/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.07.2023
№ დოკუმენტი 20018/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20018/2/2023

31 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 20.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20018/2/2023).

 

დავის საგანი:

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში რემონტის ხარჯის გათვალისწინება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №056-55 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11962 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 41 360.32 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 30 796

ჯარიმა - 7 699

საურავი - 2 865,32

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 სექტემბრის №24740 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს განხორციელებული აქვს ავტომანქანების რეექსპორტის 10 ოპერაცია, მიღებული აქვს 250 940 ლარის შემოსავალი და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს 250 940 ლარი. გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს წარდგენილი ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ზემოაღნიშნულის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო იმ ნაწილზე, სადაც ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად აღიარებული იქნა ერთობლივი შემოსავლის 75%. აღნიშნულის შესაბამისად შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის № 31810 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №056-55 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11962 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11962 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო გადასახადში დარიცხვის საფუძველი გახდა წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება. კერძოდ, რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების თვითღირებულება განისაზღვრა, როგორც მის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით, ასვე N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რეექსპორტირებული ავტომობილები შესყიდვის მომენტში იმყოფებოდნენ დაზიანებულ მდგომარეობაში. შემოწმების პროცესში მათ მიერ ვერ მოხერხდა რემონტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. დღეის მდგომარეობით აღნიშნული დოკუმენტაცია მოძიებულია და წარმოადგენს მოთხოვნისთანავე. შესაბამისად მიაჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულ უნდა იქნას რემონტის ხარჯები.

ითხოვს გაუქმდეს 2023 წლის 31 მაისის №11962 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადაო საკითხების დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 10 რეექსპორტის ოპერაცია, მიღებული აქვს 250 940 ლარის შემოსავალი და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს 250 940 ლარი. საგადასახადო შემოწმების მიერ დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო ხარჯის იმ ნაწილზე, რომელზეც გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები მართლზომიერად იქნა გამოყენებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.

მომჩივანი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში მათ მიერ ვერ მოხერხდა რემონტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. დღეის მდგომარეობით აღნიშნული დოკუმენტაცია მოძიებულია და წარმოადგენს მოთხოვნისთანავე. მიუხედავად ამისა, მომჩივანი არ წარმოადგენს მის მიერ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11962 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნულისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 2023 წლის 31 მაისის №11962 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადაო საკითხების დამატებით შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მეწარმეს განხორციელებული აქვს ავტომანქანების რეექსპორტის 10 ოპერაცია,გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს წარდგენილი ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ზემოაღნიშნულის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო იმ ნაწილზე, სადაც ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად აღიარებული იქნა ერთობლივი შემოსავლის 75%. აღნიშნულის შესაბამისად შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნულისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

79,80,81,100,105