გადაწყვეტილება №23852/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23852/2/2024
09 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ , 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --- ის 3.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23852/2/2024).
დავის საგანი:
არადეკლარირებული ბრუნვის დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის №125-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18137 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
9 480.59 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 9 285.59
საურავი - 195
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები) და ამავე პერიოდზე დღგ-ის დეკლარირების (ამ პერიოდზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი დღგ-ის დეკლარაცია) შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა 9 285.59 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხით. 2024 წლის 4 ივნისს მომჩივანს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა შეტყობინება 2024 წლის აპრილის პერიოდის დასაბეგრი დოკუმენტების შესახებ, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 7 ივნისს. თუმცა გადამხდელს 2024 აღნიშნულ პერიოდზე დღგ-ის დეკლარაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, დასაბეგრ თანხაზე საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაერიცხა დღგ 9 285.59 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №125-3 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18137 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები) შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ დასადეკლარირებელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 9285.59 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის პირველი სექტემბრიდან ფუნქციონირებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით, რომელიც მიენიჭა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 29.12.2010 წლის №415 დადგენილებით, რომელიც ნათლად განმარტავს საქმიანობის სახეს „ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია“.
გადასახადის გადამხდელმა 27.01.2024 წელს შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა შემოწმების შედეგების ამსახველი აქტები. აუდიტის ტეპარტამენტის მიერ თავიდანვე არასწორად იქნა საქმიანობა შეფასებული. მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საკანომდებლო აქტების იერარქიას. მთავრობის დადგენილებაზე უპირატესი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტი შეიცავს ამ საქმიანობის დეფინიციას „სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება ჩატარდეს გამარტივებული წესით, თუ ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა“.
ევროკავშირის კომისიის რეგულაცია N213/2008 CPV განსაზღრავს შესყიდვების კლასიფიკაციას და ყველა შესყიდვას ახლავს CPV-ს შესაბამისი კოდი. ამ რეგულაციებზე დაყრდნობით სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი. მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგება. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ-ცალკე ლოტი რომ ყოფილიყო, ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები. გარდა ამისა, ხელშეკრულებებს თან ახლავს შესყიდვის საგნის აღწერა.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის 71 ნაწილზე, 159-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ არ დაურღვევია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით განსაზღვრული საქმიანობა.
ასევე განმარტავს, რომ აღნიშნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ხელშეკრულებას აფორმებენ თავად ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ექსპერტიზას გადიან სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში და არსად დამატებული ღირებულების გადასახადის ასახვა მომსახურების ფასში არ ხდება. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ამჟამად, საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს მიერ მიღებულია წარმოებაში და ელოდება პასუხს. თუმცა, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტი პერიოდულად უგზავნის საგადასახადო მოთხოვნებს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის თაობაზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
მომჩივნის თქმით, იყო შემთხვევა, რომ გასაჩივრების ვადის გასვლამდე დაადეს ინკასო ანგარიშს და ჩამოაჭრეს თანხა. საგადასახადო მოთხოვნები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. ითხოვს დავის დასრულებამდე არ დაიბეგროს დამატებული ღირებულების გადასახადით, რადგან გადახდის რესურსი არ გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთ ხელშეკრულებაში მომსახურების ღირებულება არ მოიცავს დღგ-ს და ინკასოთი ჩამოჭრილი თანხები საწარმოს უქმნის ფუნქციონირების პრობლემას.
შემოსავლების სამსახურის მიერ არ ხდება ობიექტური გარემოებების და ზემოთ ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების გათვალისწინება და კვლავ ერიცხება დღგ 9285.59 ლარის ოდენობით. მომივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საგადასახადო კოდექსის 952 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეებს და ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობის შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საგადასახადო კოდექსის 955 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.
დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები (დანართი №7). საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების პირობის დადგომის დღიდან.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად:
2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.
5. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას.
ამავე ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის 71 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ მომჩივანს 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოუვლინდა დღგით დასაბეგრი თანხა, რომელიც არ ჰქონდა დეკლარირებული.
საგადასახადო ორგანოს მხრიდან მითითების მიუხედავად მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. შედეგად, მომჩივანს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი შესაბამის მხარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში წარმოდგენილია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და არ ფიქსირდება, რომ იგი შესაბამის ტენდერებში მონაწილეობას იღებდა, როგორც ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 955 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის გარდა დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები) მიხედვით, მომჩივნისათვის დღგ-ის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის და შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვის შესახებ მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არადეკლარირებული ბრუნვის დღგ-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები) და ამავე პერიოდზე დღგ-ის დეკლარირების (ამ პერიოდზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი დღგ-ის დეკლარაცია) შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა 9 285.59 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხით. 2024 წლის 4 ივნისს მომჩივანს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა შეტყობინება 2024 წლის აპრილის პერიოდის დასაბეგრი დოკუმენტების შესახებ, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 7 ივნისს. თუმცა გადამხდელს 2024 აღნიშნულ პერიოდზე დღგ-ის დეკლარაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, დასაბეგრ თანხაზე საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაერიცხა დღგ 9 285.59 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები) მიხედვით, მომჩივნისათვის დღგ-ის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის და შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვის შესახებ მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 95 5; 165 7 1.