გადაწყვეტილება №18349/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18349/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18349/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ოქტომბრის №33426 ბრძანების აღსრულების შედეგები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აგვისტოს №041-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 25 ოქტომბრის №26956 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 234 444 ლარი.
გადასახადი - 114 494
დღგ - 2 342
საშემოსავლო გადასახადი - 112 152
ჯარიმა - 57 208
საურავი - 62 742
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 3 მაისის №14020 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.07.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2020 წლის №24184 ბრძანება და 18.08.2020 წლის №041-58 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 301 798 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 10 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 22 მარტის №7960 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 მარტის №7960 ბრძანება 16.04.2021 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 18.06.2021 წლის №12790/2/2021 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი, გააუქმა 2021 წლის 22 მარტის №7960 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს განსახილველად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2021 წლის 22 ოქტომბრის №33426 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის დასკვნა, 5.08.2022 წლის №21020 ბრძანება და 8.08.2022 წლის №041-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 82 103 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 234 444 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 20 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 25 ოქტომბრის №26956 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ყველა ის შესყიდვის აქტი, რომელიც აკმაყოფილებდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს მეორადი რკინა-კავეულის და შავი-ფერადი ლითონის (ჯართი) შეძენა-რეალიზაცია. აღნიშნული პროდუქციის შეძენა ხორციელდება უმეტესწილად არაგადამხდელი ფიზიკური პირებისგან, რომლის შეძენის მომენტში ხორციელდება შესაბამისი საქონლის შესყიდვის აქტის გაფორმება, გამყიდველი პირის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად. ამავდროულად რეალიზაცია ხორციელდება 100%-ით პირველადი დოკუმენტის (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა) საფუძველზე (ყველა აღნიშნული ტიპის ოპერაცია ასახულია შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი გატარებების დონეზე).
იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ეკონომიკური საქმიანობა 2019 წლის პირველი ნახევრის შემდგომ აღარ განუხორციელებია, აღნიშნული შემოწმება ჩატარდა საწარმოს წარმომადგენლების დაუსწრებლად და სრული პირველადი დოკუმენტაციის გარეშე, რომლის გათვალისწინებით შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ საზოგადოების RS-პორტალზე არსებულ მონაცემებს, რა დროსაც ფიქსირდება საერთო შეძენების უმნიშვნელო ნაწილი. შემოწმება რეალიზაციის ნაწილში სრულად დაეყრდნო გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებს (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც ისედაც დეკლარირებული იყო და რეალიზებულს და დოკუმენტურად დადასტურებულ შეძენებს შორის სხვაობა განხილული იქნა როგორც დირექტორის კუთვნილი ხელფასი და საგადასახდო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ინფორმაციის და დოკუმენტაციის უქონლობას, შემმოწმებელთა ჯგუფისთვის მიწოდებულ იქნა ბუღალტრული და სამეურნეო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები). 2022 წლის 28 ივლისის დასკვნით ირკვევა, რომ გარკვეული შესყიდვის დოკუმენტები არ იქნა მხედველობაში მიღებული შემდეგი მიზეზით: ნაწილი შესყიდვის აქტები არ წარმოადგენს შესამოწმებელი პერიოდის დოკუმენტაციას, ხოლო გარკვეულ ნაწილზე რეალიზატორი მხარის მიერ გაცხადებულია (საფუძველი უცნობია), რომ აღნიშნული საქონლის მიწოდება მათ მიერ არ მომხდარა.
შესყიდვის აქტების შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანი იქნებოდა კომუნიკაცია თავიდანვე შემდგარიყო საწარმოს წარმომადგენელებს და აუდიტორებს შორის, ვინაიდან აქტების გაუთვალისწინებლობის ფაქტზე მინიმუმ მყისიერი რეაგირება იქნებოდა და მეორე მხარესთანაც გარკვეული იქნებოდა თუ რის საფუძველზე ცხადდება უარი აღნიშნული ოპერაციის მოხდენაზე. ამავდროულად არსებობს გარკვეული რისკი იმის, რომ დიდი პერიოდის გასვლის მიზეზით მინიმუმ ვერ გაეხსენებინათ აღნიშნული საქონლის მიყიდვის ფაქტი. ასევე, არ არსებობს დამატებით მტკიცებულება, რაც დამატებით ადასტურებს მიყიდვის უარყოფის ფაქტის რეალურობას (მ.შ გამოკითხვის აქტი, აუდიო ან ტექსტური ჩანაწერი და ა.შ). შესაბამისად, ფაქტი იმისა რომ რეალიზატორი მიხეილ ლომიძე (2019 წლის 27 მარტის შესყიდვის აქტი) უარს აცხადებს ოპერაციის მოხდენის ფაქტზე, საწარმოს მხრიდან იქნება მოძიებული და აღნიშნულის შესახებ დასაბუთებული განმარტება გაკეთებული. რაც შეეხება ოლეგ ბაშალეიშვილის შესყიდვის აქტს, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის ზეპირი განმარტებით ირკვევა, რომ აღნიშნული წარმოადგენს არა შესამოწმებელი პერიოდის დოკუმენტს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან შედგენილია 2019 წლის 20 იანვრის თარიღით და საგადასახადო ორგანოს მხრიდან სავარაუდოდ დაშვებულია მხოლოდ მექანიკური შეცდომა დოკუმენტის არ გათვალისწინების ნაწილში. რაც შეეხება ზაზა გოგალაძის შესყიდვის აქტს, შედგენილია 2018 წლის 28 მაისის თარიღით, რაც რეალურად შეცდომაა როგორც მექანიკური ასევე შინაარსობრივი, ვინაიდან კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 4 ივლისის თარიღიდან და ფიზიკურად რეგისტრაციამდე პერიოდში ვერ მოხდებოდა რეალიზაციის ფაქტი. შესაბამისად, საწარმოს მხრიდან იქნება მოძიებული და აღნიშნულის შესახებ დასაბუთებული განმარტება გაკეთებული.
ასევე, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას წინა საჩივრით ნახსენები მოცემულობა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ვერ ხერხდება შეძენილი პროდუქციის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტის მოძიება, თუმცა სახეზეა აღნიშნული საქონლის პირველადი დოკუმენტით რეალიზაცია, გამოყენებული იქნას საგადასახადო ორგანოზე მინიჭებული უფლებამოსილება და გათვალისწინებული იქნას სიტუაციური სახელმძღვანელოთი (0256) არსებული პირობები, როდესაც გამოსაქვითი ხარჯი შესაძლოა განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), რომელიც აუდიტორების მიერ იყო უგულვებელყოფილი და გადაანგარიშების დასკვნაში არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებას, ვინაიდან ყველა რეალიზაცია დასტურდება პირველადი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო შეძენის დოკუმენტების ნაწილის ვერ წარმოდგენის მთავარი მიზეზი არის დიდი პერიოდის გასვლა, რომელიც ართულებს რეალიზატორი მხარის ფიზიკურად მოძებნას. გარკვეული დამატებითი დოკუმენტაცია დასკვნის გამოცემის შემდგომ პერიოდში იქნა მოძიებული და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებაც განხორციელდეს.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ოქტომბრის №33426 ბრძანებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილია შესყიდვის აქტები, რომელთა მიხედვით დგინდება თანხების გადახდის ფაქტი. განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდზე გამოწერილი ის შესყიდვის აქტები, რომლებიც დადასტურებულია მეორე მხარის მიერ.
აგრეთვე, შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმები.
მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას სიტუაციური სახელმძღვანელოთი (0256) არსებული პირობები, როდესაც გამოსაქვითი ხარჯი შესაძლოა განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შინაარსი არ გამორიცხვას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 25 ოქტომბრის №26956 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.