გადაწყვეტილება №6188/2/2018; №7023/2/2018-1

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.05.2019
№ დოკუმენტი 6188/2/2018; 7023/2/2018-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№6188/2/2018

№7023/2/2018

29.05.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“

შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ -ს საჩივრებზე.

 

დავის საგანი:

არარეზიდენტ კომპანიასთან ურთიერთჩათვლის შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №----- ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2018 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №----- ბრძანება;

 

დარიცხული თანხა: 493720,01 ლარი (--.--.2017 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნა)

მათ შორის:

დღგ - 46963 ლარი.

მოგების გადასახადი - 207850 ლარი

ქონების გადასახადი - 108 ლარი.

ჯარიმა - 127461 ლარი.

საურავი - 111338,01 ლარი.

 

დარიცხული თანხა: 641485,1 ლარი (--.--.2018 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნა)

მათ შორის:

დღგ - 134442 ლარი.

მოგების გადასახადი - 174676 ლარი

საშემოსავლო გადასახადი - 15742 ლარი.

ჯარიმა - 170160 ლარი.

საურავი - 146465,1 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების --.--.2017 შუალედური და --.--.2018 აქტის საფუძველზე. შემოწმებამ მოიცვა --.--.2014 წლიდან --.--.2017 წლამდე პერიოდი. აღნიშნულის თაობაზე გამოიცა შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №----- ბრძანება და №------- საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის --.--.2018 წლის №------ ბრძანება და №------- საგადასახადო მოთხოვნა.

შუალედური აქტის შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის --.--.2018 წლის №----- ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.

საბოლოო აქტის შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის --.--.2018 წლის №----- ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.

შუალედური აქტის შედეგები გასაჩივრდა საბჭოში --.--.2018 წელს, ხოლო საბოლოო აქტის შედეგებზე საჩივარი წარმოდგენილია საბჭოში --.--.2018 წელს.

 

სადავო საკითხი:

არარეზიდენტ კომპანიასთან ურთიერთჩათვლის შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

 

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის თანახმად, საზოგადოებას მიღებული და გაცემული სესხების საფუძველზე გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანება ------- ზე რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომპანია„----------“ -სთან. 2014 წელს და 2016 წელს აღნიშნული ორი მხარის მიერ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა შპს„----------“ -ს მიერ მიღებული სესხის ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტების გაქვითვა შპს „----------“ -სთან წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების შემცირების ხარჯზე.

შემოწმების შედეგად გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულ ხარჯებში გათვალისწინებული იყო აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის კუთხით აღნიშნულ წელში დარიცხული და ურთიერთჩათვლის შედეგად შემცირებული პროცენტის ხარჯი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

სსკ-ის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

სსკ-ის 134-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით;

ამავე მუხლის 1¹ ნაწილის მიხედვით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ¹“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში;

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამასთან, სსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე და იგი არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და აღნიშნა, რომ --------- ზე რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომპანია შპს „----------“ -ის მიმართ არსებული დავალიანების (სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის) გაქვითვა ურთიერთჩათვლის საფუძველზე შინაარსობრივად წარმოადგენს თანხის გადახდას და ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას. აქედან გამომდინარე, განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ეთანხმება იმ პოზიციას, რომ ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის დროს შემცირებული საპროცენტო ხარჯი საშემოსავლო გადასახადით არის დასაბეგრი გადახდის წყაროსთან მაგრამ არ ეთანხმება მის მოცულობას. შემოწმების შედეგად გამოვლენილია დაუდეკლარირებელი ურთიერთჩათვლის შედეგად შემცირებული პროცენტის ხარჯი, რომელიც დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით 15%-ით. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 37-ე მუხლის მიხედვით შესავსებ დეკლარაციის მე-3 ნაწილში არ არის ჩამატებული 134-ე მუხლის პირველი ნაწილის (15%). შესაბამისი ცვლილებაც არ იყო გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე გასაგზავნი დეკლარაციის ფორმაში. აღნიშნულ პერიოდში ისევ 5% განაკვეთით დაბეგვრას დაქვემდებარებული ველები ივსებოდა არარეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით. საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმში არსებული პირებისათვის გადახდილი პროცენტის 15% განაკვეთით დაბეგვრის გრაფა და შესაბამისი ცვლილება №996 ბრძანებაში ძალაშია - 01.08.2015 წლიდან, რა დროიდანაც შესაძლებელი გახდა საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში მყოფი პირებისათვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის 15%-ით დეკლარირება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით, როდესაც გადამხდელს გადახდის წყაროსთან საშემოსავლოთი უნდა დაებეგრა ვალდებულებების ურთიერთჩათვლის გამო შემცირებული პროცენტის გადასახადი, ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების მიხედვით გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსების წესში მკაფიოდ არის მითითებული, ს) 33-ე უჯრაში - 28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილის (პროცენტები), რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას; და ასევე ზ) დეკლარაციის დანართი „ა“-ში მე-9 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის მე-3 ნაწილის 26-ე და 34-ე უჯრებში ასახული თანხების ჯამს. რაც მეტყველებს იმაზე რომ გადახდის წყაროსთან დასაბეგრი თანხა გადასახადის გადამხდელს უნდა შეევსო 33-ე უჯრაში, რომელიც ითვალისწინებს 5% განაკვეთს, ხოლო დეკლარაცია დანართი „ა“-ში მე-9 სვეტის ჯამი უნდა დამთხვეოდა დეკლარაციის მე-3 ნაწილის 26-ე და 34-ე უჯრებში არსებული თანხების ჯამს. რაც ვერანაირად ვერ გამოვიდოდა თუ გადასახადის გადამხდელის დანართი „ა“-ში 15%-იანი განაკვეთით დაბეგრავდა აღნიშნულ ოპერაციას გადახდის წყაროსთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს მიაჩნია, რომ ვალდებულების გაქვითვის გამო შემცირებული პროცენტის ხარჯი გადახდის წყაროსთან დასაბეგრია საშემოსავლო გადასახადით ოღონდ არა 15%-ით როგორც აუდიტორმა შეაფასა, არამედ 5%-ით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმების აქტის თანახმად, საზოგადოებას მიღებული და გაცემული სესხების საფუძველზე გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანება ____ზე რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომპანია შპს„----------“ -სთან. 2014 წელს და 2016 წელს აღნიშნული ორი მხარის მიერ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ -ს მიერ მიღებული სესხის ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტების გაქვითვა შპს „----------“ -სთან წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების შემცირების ხარჯზე. შემოწმების შედეგად გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულ ხარჯებში გათვალისწინებული იყო აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის კუთხით აღნიშნულ წელში დარიცხული და ურთიერთჩათვლის შედეგად შემცირებული პროცენტის ხარჯი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი ეთანხმება იმ პოზიციას, რომ ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის დროს შემცირებული საპროცენტო ხარჯი საშემოსავლო გადასახადით არის დასაბეგრი გადახდის წყაროსთან მაგრამ არ ეთანხმება მის მოცულობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული უნდა დაბეგრილი 5%-ით და არა 15%-ით.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

2014 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით;

ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა არარეზიდენტ კომპანიის მიმართ არსებული დავალიანების (სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის) ურთიერთჩათვლის საფუძველზე გაქვითული თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 15%-იანი განაკვეთით, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ამ ცვლილებებით სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

 

1. სადავო საკითხის ნაწილში საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხის ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №----- და --.--.2018 წლის №------- ბრძანებები;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული სანქციების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.