გადაწყვეტილება №18769/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 18769/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18769/2/2023

16.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (პ/ნ -----; ს/ნ ------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------ის 31.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18769/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 3.12.2022 წლის №EL193083 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33335 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 27 989.432 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

3.12.2022 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ კონტროლის ზონაში ---------ის ------- მხრიდან №-------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა მომჩივანი. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი.

მომჩივანს ფიზიკური დათვალიერების შედეგად ქურთუკის ჯიბეებში აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ 103 450 აშშ დოლარი, რაც მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 279 894,32 ლარს. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანისთვის, მომჩივანს, 3.12.2022 წლის №EL193083 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 27 989.43 ლარის ოდენობით, რაც მომჩივნის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს (საგადახდო დავალება №------- ).

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.12.2022 წლის №33335 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის დეკლარირების გარეშე გადმოტანას. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოში ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ასაქმებს ადამიანებს. ---------ში იყო საქმიან მოლაპარაკებებზე. 3.12.2022 წელს ს.გ.პ -----დან შემოჰქონდა ჯიბით 103 450 აშშ დოლარი ექვივალენტი 279 894 ლარში, რაზეც დეკლარაციის წარუდგენლობაზე, შემოწმების შედეგად მოხდა მისი დაჯარიმება. (საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილებას და ითხოვს მის ბათილობას, ვინაიდან გადაწყვეტილება უსამართლოა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ: არ იცოდა თუ დაკლარაცია უნდა შეევსო, არ დაადეკლარირა უცოდინრობის გამო, არსად არ ყოფილა გამოკრული საინფორმაციო დაფა, რომელიც თავიდან აარიდებდა ამ უცოდინრობით გამოწვეულ ჯარიმას, რომელიც მის საქმიანობას ძალიან დიდ ზიანს აყენებს, ფული არ ჰქონია დამალული, ფული ედო ჯიბეში. დამალვის არც მოტივი და არც მცდელობა არ ჰქონია, არ ყოფილა ინფორმირებული იმაზე, რომ თანხის დეკლარირებაც ხდება.

არასოდეს ყოფილა მსგავს დარღვევაზე დაჯარიმებული, ეს იყო მისთვის პირველი შემთხვევა.

საჩივარი განიხილეს დისტანციურად, არ დაასწრეს დავის პროცესს სადაც ზემოთჩამოთვლილ პოზიციებს დააფიქსირებდა, ასევე განმარტავს, რომ ბიზნესისთვის აქვს აღებული სესხი, როგორც ბანკიდან ისე ფიზიკური პირებიდან, რომელიც არის პროცენტიანი და დასაფარი გარკვეულ ვადებში. აღნიშნულმა ჯარიმამ ჩააყენა გაუსაძლის მდგომარეობაში. შეუმცირდა შემოსავალი, დროულად ვერ იხდის მომწოდებელ კომპანიებზე საქონლის ღირებულებებს, შესაბამისად სესხებს, ასევე ხელფასებს და ა.შ.

ითხოვს გათვალიწინებულ იქნას მისი მდგომარეობა, მისი გამოუცდელობა, უცოდინრობა და გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №33335 ბრძანება და საბაჟო დეპარტამენტის №EL193083 ოქმით დაკისრებული ჯარიმა 27 989.432 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ კონტროლის ზონაში -------ის --------ის მხრიდან №---------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა მომჩივანი.

მომჩივნის ფიზიკური, ასევე მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებისა და ბარგის დათვალიერების შედეგად ქურთუკის ჯიბეებში აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ 103 450 აშშ დოლარი. აღნიშნული არადეკლარირებული ნაღდი ფულის ღირებულებამ მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 279 894,32 ლარი.

საქმეზე წარმოდგენილია სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა.

საქმის გარემოებებზე მითითებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივანი ცდილობდა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე (სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებას, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნაღდი ფულის შემოტანა არ იბეგრება, თუმცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით იგი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, რაც მოცემულ საქმეში მომჩივნის მხრიდან არ შესრულებულა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადაო საკითხიი:

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საბაჟო დეპარტამენტის ოქმით დაკისრებული ჯარიმა

 

ფაქტობრივი გარემოება

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის დეკლარირების გარეშე გადმოტანას. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6; 27 (1); 70 (1); 73 (1);163 (11); 169 (3).