გადაწყვეტილება №19725/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 19725/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19725/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“- ს 21.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №19725/2/2023, №19728/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 16.12.2019 წლის №43869 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34328 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №081-184 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №081-185 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9335 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9336 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 379 026 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 149 300

დღგ - 91 514 მოგების გადასახადი - 56 827

ქონების გადასახადი - 959

ჯარიმა - 78 324

საურავი - 151 402

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საწარმოს 1.01.2015 წლიდან 1.07.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 7 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს 2015-2016 ფიზიკური პირისგან შეძენილი აქვს ხილი. 2015 წელს შეძენილი ხილის ღირებულება შეადგენს 24629 ლარს, ხოლო 2016 წელს - 375154 ლარს. წარდგენილი კალკულაციებით, მენიუებითა და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით გაირკვა, რომ საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქტების (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული პროდუქტი სარეალიზაციო კერძებთან ერთად ე.წ. ხილის ასორტის სახით უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ თითოეულ შეკვეთას დაახლოებით შეესაბამება 2.7 კგ. ხილი. შემოწმების შედეგად უსასყიდლოდ მიწოდებული ე.წ. ხილის ასორტის ღირებულება განხილული იქნა მიწოდებად და საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის, 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

2. საწარმოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად განაწილებული აქვს მოგება დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე. მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტში დეკლარირებული თანხები განსხვავებულია ფაქტობრივად განაწილებული მოგების თანხებისგან. შემოწმების მიერ დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხები.

3. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განსხვავებულია დეკლარირებულისაგან. გადამხდელის შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგები შედგება, როგორც შესყიდული ნედლეულისაგან, ასევე სხვა დამხმარე მასალებისაგან, რომლებიც საჭიროა სარეალიზაციო პროდუქციის საწარმოებლად. ნედლეულის თვითღირებულებას ემატება წარმოებაზე გაწეული ხელფასები, იჯარები და სხვადასხვა დამხმარე მასალა, რომელიც შეიტანება თვითღირებულებაში.

საგადასახადო კოდექსის 148-მუხლის საფუძველზე, წარმოებაზე გაწეული ხარჯით გაიზარდა აქტივის ღირებულება. ამასთან საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით დაკორეტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

4. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ელექტროენერგიის ნაწილი მიეკუთვნება თვითღირებულებას და გამოიქვითება სმფ-ებთან ერთად. აღნიშნულის მიხედვით დაკორექტირდა ელ-ენერგიის ხარჯები.

5. გადამხდელის მიერ დეკლარირებული სხვა ხარჯები 2015 და 2016 განსხვავებულია შემოწმების მიერ დადგენილი სხვა ხარჯის ოდენობაზე. 2015 წელს გამოსაქვითი სხვა ხარჯის ღირებულების შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო თვითღირებულებას მისაკუთვნებელი თანხით ასევე შემოწმების მიერ შემცირდა იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯი, რომელიც გამოიქვითება საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად ამორტიზაციით. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 21.08.2018 წლის №22665 ბრძანება და №081-168 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2018 წლის №28774 ბრძანება 28.10.2018 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2018 წლის №28774 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მასალების გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2018 წლის №28774 ბრძანება 28.10.2018 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ 11.10.2019 წლის №6980/2/2018 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები არ იყო გამოკვლეული და საჭიროებდა დამატებით შესწავლას, რის გამოც ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 11.10.2018 წლის №28774 ბრძანება და საჩივარი 1-6 დავის საგნებთან დაკავშირებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

ამასთან, ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ამ ცვლილებებით, სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას, შემსუბუქებულია, შემოსავლების სამსახურს დაევალა, უზრუნველყო შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

ამასთან, ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ამ ცვლილებებით, სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას, შემსუბუქებულია, შემოსავლების სამსახურს დაევალა, უზრუნველყო შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 11.10.2019 წლის №6980/2/2018 გადაწყვეტილების შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა 16.12.2019 წელს გამოსცა №43869 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად საჩივარში მითითებული საკითხების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მასვე დაევალა შეესწავლა 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.12.2019 წლის №43869 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 19 ოქტომბრის №081-185 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9335 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.12.2019 წლის №43869 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.11.2020 წლის №9817/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციებისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2018 წლის №28774 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 5.09.2019 წლის დასკვნა, დასკვნის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 12.09.2019 წლის N31491 ბრძანება და 13.09.2019 წლის №081-283 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.02.2020 წლის №3073 ბრძანებით საჩივარი შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 12.11.2020 წლის №10049/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 10.02.2020 წლის №3073 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. საბჭომ შემოსავლების სამსახურის 10.02.2020 წლის №3073 ბრძანება საჩივრის შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განუხილველად დატოვების თაობაზე მიიჩნია არამართებულად, შემოსავლების სამსახურს დაევალა სადავო საკითხებზე ემსჯელა დავების განხილვის საბჭოს 11.10.2019 წლის გადაწყვეტილების და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 16.12.2019 წლის №43869 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული აქტების კომპლექსურად აღსრულების შედეგებზე

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 ნოემბრის №34328 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, იმ გარემოებებზე, რომ ამ ეტაპზე აღსრულებული არ არის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის №6980/2/2018 გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანება, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ნოემბრის №10049/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, შპს „BEKA GEORGIA“-ს შემოწმების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 აგვისტოს №081-168 საგადასახადო მოთხოვნით, მ.შ. 2019 წლის 13 სექტემბრის №081-283 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა/დაზუსტება უნდა განეხორციელებინა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ნოემბრის №10049/2/2019 გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

შედეგად შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34328 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება უზრუნველეყო ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის სამსახურის 1.11.2021 წლის №34328 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 11 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 19 ოქტომბრის №081-184 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9336 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9335 და №9336 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი 1. შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9335 ბრძანების მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხები. ასევე, გადამხდელის ძირითადი არგუმენტაცია შეეხებოდა უსასყიდლოდ მიწოდებული ხილის ასორტის ღირებულების ერთობლივ შემოსავალში ჩართვასა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილია დამატებითი ინფორმაცია სადავო საკითხთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში მითითებული კერძების წონების დადგენის მიზნით აუდიტორებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე საკონტროლო შესყიდვის განხორციელება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალებით დადგინდა, რომ შესყიდული კერძების შეძენის დროს არანაირი ხილის დამატებას არ ჰქონია ადგილი.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში ერთ-ერთი კერძი არის „------“, რომლის შესყიდვის დროსაც გადამხდელი აცხადებს, რომ ხდებოდა ხილის დამატება. ზემოაღნიშნული კერძი ფიქსირდება საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კერძებში, რა დროსაც არ მომხდარა ხილის დამატება შეძენილ კერძთან, შესაბამისად, გადამხდელის აპელირება აღნიშნული არგუმენტაციით უსაფუძვლოა. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივართან ერთად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა კალკულაციები, სადაც თითოეული კერძის კალკულაციაში მონაწილეობს ხილი. აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას სულ სხვა კალკულაციები წარუდგინა, სადაც შესყიდული ხილი არ მონაწილეობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

ვემდებარა შემცირებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უსასყიდლოდ მიწოდებული ხილის ასორტის ღირებულების ერთობლივ შემოსავალში ჩართვასა და დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი საქმის გარემოებები და არ გამოვლინდა იმგვარი გარემოება, რომელიც გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი. რაც შეეხება სხვა სადავო საკითხებს, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში არ აქვს მითითებული არგუმენტაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი არ არის დასაბუთებული. რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციების შემსუბუქების შესწავლის საკითხს, საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ განმარტებულ იქნა, რომ 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით არ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებაზე მითითებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დაკისრებული თანხების (სანქციის) ოდენობა მართლზომიერად არ დაექვემდებარა შემცირებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2. შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9336 ბრძანების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებზე დასკვნის თანახმად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი.

მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება ხილის ასორტის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილი იქნა კომპანიის შემოსავლები, შემმოწმებელმა შესყიდვის აქტებით შეძენილი ხილი ცალკე გამიჯნა და მიწოდებად დაბეგრა. აცხადებს, რომ თითოეული მზა კერძის ხარჯთაღრიცხვა კალკულაციის ნორმებით განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალკულაციის ნორმებით არის დარეგულირებული ერთეული მზა კერძის საწარმოებლად რა სახის და რა რაოდენობის სასაქონლო მარაგებია საჭირო. შესაბამისად, კალკულაციის ნორმების მიხედვით, რეგულირდება ერთეული მზა კერძის თვითღირებულება და სარეალიზაციო ღირებულება პერიოდების მიხედვით. აღნიშნული ხარჯები და შემოსავლები აისახება ბუღალტრულ პროგრამა „ორის“-ში, სადაც ჩანს მიწოდებული კერძების რაოდენობა, შესაბამისად თითოეული კერძის თვითღირებულება და სარეალიზაციო ღირებულება. აცხადებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხილი შედის ისეთი მზა კერძების თვითღირებულებაში, რომელიც განსხვავებული კერძია თავისი გემოვნებით, სახელწოდებით და კლიენტის მოზიდვის მიზნით ახდენენ აღნიშნულ კერძებზე ხილის დამატებას. ასეთი მზა კერძებია:

„Kuzu pirzola“; „Izgara kofte“; „Taze fasule“; „Taviq qanaT“; „Domates qabab“; „Adana qababi“; „Taviq qanat“; „doneri“ და ა. შ

მიუთითებს, რომ შემოწმების და შემდგომ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი იქნა აუდიტორთან, როგორც ორის პროგრამა, სადაც იკითხება ხილის შეძენა და წარმოებაში ხარჯვა, ისე მზა კერძების კალკულაციის ცხრილები. აცხადებს, რომ საწარმოს 2015-2016 წლებში ფიზიკური პირებისაგან შეძენილი აქვს ხილი (ვაშლი, ყურძენი, კივი), რომელიც ჩართული იყო წარმოების პროცესში და იგი წარმოადგენს თვითღირებულებაში შემავალ ხარჯს, რაც შემდგომ მზა კერძის მიწოდებით, ჩართული არის სალაროს ფისკალურ მაჩვენებლებში, რომლის მეშვეობითაც ერთობლივი შემოსავლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისი თვისა და წლების ჭრილში, რაზეც დარიცხულია დღგ და მოგების გადასახადი და გადახდილია ბიუჯეტში. შემოწმების პოზიციის საპირისპიროდ აღნიშნავს, რომ მსგავსი პროდუქტის (ვაშლი, ყურძენი, კივი) ცალკე რეალიზაცია ნამდვილად არ ხდება, აღნიშნული პროდუქტის წარმოებაში გამოყენება დასტურდება კალკულაციის ნორმებითა და წარმოების ცხრილებით

მიუთითებს, რომ გადამხდელს არ გაუკეთებია იმგვარი განმარტება თითქოს იგი ზემოაღნიშნულ პროდუქტს უსასყიდლოდ აწვდიდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე. აღნიშნავს, რომ წარმოადგენს შემოწმების პერიოდში მიწოდებულ „ორისის“ პროგრამის ასლს, სადაც აღნიშნული ოპერაციები გატარებულია, როგორც თვითღირებულებაში შემავალი ხარჯი, ისე ჩართულია შემოსავლებში სალაროს ფისკალის მაჩვენებლებით.

ასევე, გადამხდელისთვის გაუგებარია საიდან იქნა მიღებული ინფორმაცია, რომ თითოეულ შეკვეთას შეესაბამება 2.7 კგ. ხილი, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. უთითებს, რომ შეძენილი პროდუქტი ორჯერ იქნა დაბეგრილი, ერთ შემთხვევაში დეკლარირების პერიოდში და მეორე შემთხვევაში, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით.

გადამხდელისთვის გაუგებარია რა ფასნამატით განისაზღვრა შეძენილი ხილის თვითღირებულება, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ხილის მიწოდების შემთხვევაში. უთითებს, რომ თუ აუდიტორმა კომპანიის ერთობლივი შემოსავალი გაზარდა უსასყიდლოდ ხილის მიწოდებით, ამ შემთხვევაში, მას ხარჯებიც უნდა გაეთვალისწინებინა. ასევე, აღნიშნავს, რომ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულების შემოწმების მიერ გაზრდის გათვალისწინებით გამოდის, რომ 93 699 ლარის თვითღირებულების ხილი გაყიდულია 375 154 ლარად, რაც ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. აგრეთვე, გაუგებარია სასაქონლო-მატერიალური მარაგების ცვლილების გამომწვევი გარემოებები და მსგავსი ქმედება ხომ არ ეწინააღმდეგება სიტუაციურ სახელმძღვანელოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმება მთელი რიგი დარღვევებითაა ჩატარებული და არ იკვეთება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა. მომჩივანი ითხოვს განაწილებული მოგების კორექტირებას, გამოსაქვითი ხარჯების (რპთ-ის, 2015-2016 წლების სხვა ხარჯები, რემონტის და ამორტიზაციის ხარჯები, ელ. ენერგიის ხარჯი) სწორად განსაზღვრას.

არ არის გათვალისწინებული გასაჩივრებულ თემებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არამართებულია და სავარაუდოდ გამოწვეულია იმის გამო, რომ არ დაასწრეს განხილვას და მისი ჩართულობის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც არ ეთანხმება.

განმარტავს, რომ 2015 და 2016 წლებზე კლიენტის მოზიდვის მიზნით ახდენდა ხილის დამატებით ულუფად მიწოდებას, რაც ფაქტობრივად კომპანიის შემოსავლების გაზრდის მიზნით, კომპანიისათვის დამატებითი ხარჯი იყო. 2017 წლიდან მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ხარჯები შეემცირებინა, ვინაიდან კლიენტურა გაეზარდა, გაიცნო, როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ისე ჩამოსულმა ტურისტებმა, რაც შემდგომ ფირმის ბრუნვებზეც აისახა.

აღნიშნულის საფუძველზე 2017 წელს, არც ხილის შეძენა გვაქვს და არც მისი დამატებით ულუფად მიწოდება რასაც ადასტურებს როგორც rs.ge-ს მონაცემები, ასევე წარდგენილი ბუღალტრული (ორის) პროგრამაც.

აუდიტორის მხრიდან 2017 წლის საკონტროლო შესყიდვის არგუმენტი პირველად გაჟღერდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება №9336 (28.04.23)-ში, მანამდე გადაუანგარიშებლობის მიზეზად თავისივე დასკვნებში აფიქსირებდა „შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2015 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ბრძანებები კალკულაციების შესახებ, სადაც ისევე, როგორც ბუღალტრულ პროგრამაში, აგრეთვე წარდგენილ დოკუმენტაციაში არსად ჩანს ხილის მოძრაობა და წარმოებაში გამოყენება, რითაც არგუმენტირებულად ჩაითვლებოდა გადამხდელის პოზიცია“.

შედეგად დგინდება, რომ 2017 წლის საკონტროლო შესყიდვა (3.10.2017 წლის ოქმი №445364, სადაც მოხსენიებულია კერძი „-----) ვერ იქნება მტკიცებულება იმისა, რომ 2015 და 2016 წლებში გაყიდულ პროდუქციაზე გადამხდელს ხილის დამატება არ მოუხდენია. შესაბამისად შემმოწმებელს არ ჰქონდა საფუძველი, რითაც 2015 და 2016 წლებზე, ჩათვლიდა რომ კერძების გაყიდვის დროს არანაირი ხილის დამატებას არ ჰქონია ადგილი.

ასევე შემმოწმებელი მოიხსენიებს, რომ შემოწმების პროცესში, სულ სხვა კალკულაციები წარმოადგინაო და გასაჩივრებისას სხვაო, რასაც არ ეთანხმება და ალოგიკური შეფასებაა, ვინაიდან კალკულაციები ნორმებიდან გამომდინარე არის ყოველთვის უცვლელი. შემოწმების პერიოდში 2015-2016 წლებზე წარდგენილი აქვს კალკულაციები ხილის ჩართულობით, ხოლო 2017 წელზე უკვე ხილის გარეშე, ვინაიდან ვერ იქნებოდა მიწოდებული ხილის ვერანაირი ასორტი აღნიშნულ პერიოდში, რადგან ამ წელს საერთოდ არ ჰქონია ხილის ასორტის არც შესყიდვები და არც არანაირი ბუღალტრული გატარებები არ უწარმოებია ხილის ასორტთან დაკავშირებით.

აქვე უნდა ანალიზი გაუკეთდეს იმ გარემოებას, რომ 2016 წელს ჰქონდა ჩაის მიღება 731 კგ. და ეს რაოდენობით გამოდის 365 500 დამზადებული ჩაი და ეს რომ გაეყიდა 2 ლარად, არანაკლებ თანხას აძლევდა, ჩაიც ხომ უსასყიდლოდ მიეწოდებოდა და რატომ არ დაბეგრეს ჩაი? ანუ რა პრინციპით დაახარისხეს ასე, ზოგი საქონლის შემოსავალში ჩართვა და ზოგის არა, მართლა გაუგებარია???

შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილი იქნა კომპანიის შემოსავლები, შემმოწმებელმა ცალსახად შესყიდვის აქტებით შეძენილი ხილი ცალკე გამიჯნა და მიწოდებად დაბეგრა, რის შედეგადაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა გადასახადები სანქციის თანხებთან ერთად, რაც შემმოწმებლების მხრიდან განხორციელდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით.

შემოწმებამ შეძენილი ხილი მთლიან უსასყიდლო მიწოდებად ჩათვალა იმ მოტივით, რომ „საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქციის (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება. აუდიტორი თავისივე დასკვნაში დასძენს, რომ გადამხდელის განმარტებით აღნიშნული პროდუქტი უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე“.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურეობის გაწევა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ახდენს სხვადასხვა კერძების წარმოებას და რესტორანში შემოსულ კლიენტზე მიწოდებას მზა კერძების სახით. თითოეული მზა კერძის ხარჯთაღრიცხვა კალკულაციის ნორმებით განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალკულაციის ნორმებით არის დარეგულირებული ერთეული მზა კერძის საწარმოებლად რა სახის და რა რაოდენობის სასაქონლო მარაგებია საჭირო. ასევე კალკულაციის ნორმების მიხედვით რეგულირდება ერთეული მზა კერძის თ/ღირებულება და სარეალიზაციო ღირებულება პერიოდების მიხედვით. ყოველივე აღნიშნული ხარჯები და შემოსავლები აისახება ბუღალტრულ პროგრამა „ორის“-ში, სადაც ჩანს მიწოდებული კერძების რაოდენობა, შესაბამისად თითოეული კერძის თ/ღირებულება და სარეალიზაციო ღირებულება. კონკრეტულ შემთხვევაში ხილი შედის ისეთი მზა კერძების თ/ღირებულებაში, რომელიც, რომ განსხვავებული კერძია თავისი გემოვნებით, სახელწოდებით და კლიენტის მოზიდვის მიზნით ახდენს აღნიშნულ კერძებზე ხილის დამატებას. ასეთი მზა კერძებია: Kuzu pirzola; Izgara kofte; Taze fasule; Taviq qanaT; Domates qabab; Adana qababi; Taviq qanat; doneri და ა. შ

ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების და შემდგომ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი იქნა აუდიტორთან, როგორც ორის პროგრამა, სადაც იკითხება ხილის შეძენა და წარმოებაში ხარჯვა, ისე მზა კერძების კალკულაციის ცხრილები (იხ. დანართის სახით: ორის პროგრამა, კალკულაციის ცხრილები, წარმოების ცხრილები) და მიუხედავად ყველაფერისა აუდიტორი თავის დასკვნაში განმარტავს „წარმოდგენილი კალკულაციებით, მენიუებითა და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქტების (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება“. აღნიშნული აუდიტორის შეფასება უტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ აუდიტორი არც კი გაცნობია წარდგენილ მტკიცებულებებს. არ შეუსწავლია არ გამოუკვლევია და ცალსახად და დამოუკიდებლად დაწერილი აქვს ისეთი დასკვნები, რომელიც, ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34328 და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანების მოთხოვნებს

რამდენი წელია დავობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საწარმოს 2015-2016 წლებში ფიზიკური პირებისაგან შეძენილი აქვს ხილი (ვაშლი, ყურძენი, კივი), რომელიც რომ ჩართული იყო წარმოების პროცესში და იგი წარმოადგენს თვითღირებულებაში შემავალ ხარჯს, რაც შემდგომ მზა კერძის მიწოდებით, ჩართული არის სალაროს ფისკალურ მაჩვენებლებში, რომლის მეშვეობითაც ერთობლივი შემოსავლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისი თვისა და წლების ჭრილში აღნიშნულზე დარიცხულია დღგ-ის და მოგების გადასახადი და გადახდილია ბიუჯეტში.

არაერთ საჩივარში მკაფიოდ და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მოხსენიებულია, რომ ხილი შედიოდა მზა კერძების თ/ღ-ში, ამ ყველაფრის შემდგომ, მიუხედავად ამდენი დაკმაყოფილებული საჩივრებისა, აუდიტორი არ ცვლის პოზიციებს და ყოველ დასკვნაში ერთი და იგივე რეალობასთან შეუსაბამო პასუხი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ „საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქციის (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება. აუდიტორი დასძენს, რომ გადამხდელის განმარტებით აღნიშნული პროდუქტი უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე“.

აუდიტორის შეფასების არამართებულობასა და უზუსტობას ხსნის შემდეგნაირად:

1. აუდიტორის შეფასებით, ის რომ „საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქციის (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება“ პასუხად მოგახსენებთ, რომ მსგავსი პროდუქტის (ვაშლი, ყურძენი, კივი) ცალკე რეალიზაცია ნამდვილად არ ხდება. ხოლო რაც შეეხება აღნიშნული პროდუქტის წარმოებაში გამოყენებას ასაბუთებს, რომ აღნიშნული პროდუქტი ჩართულია წარმოების პროცესში და იგი თვითღირებულებაში შემავალი ხარჯია, რასაც ადასტურებს კალკულაციის ნორმები და წარმოების ცხრილები. კონკრეტულ შემთხვევაში ხილი შედის ისეთი მზა კერძების თ/ღირებულებაში, რომელიც, რომ განსხვავებული კერძია თავისი გემოვნებით, სახელწოდებით და კლიენტის მოზიდვის მიზნით, ფირმის შინაგანაწესიდან გამომდინარე, ახდენს აღნიშნულ კერძებზე ხილის დამატებას. ასეთი მზა კერძებია: Kuzu pirzola; Izgara kofte; Taze fasule; Taviq qanaT; Domates qabab; Adana qababi; Taviq qanat; doneri და ა. შ. (იხ. დანართი კალკულაციის ნორმები და წარმოების ცხრილები).

აუდიტის შეფასებით აშკარად იკვეთება, რომ არ გაუვლია, არ შეუსწავლია სადაო საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც დარწმუნდებოდა, რომ მისი შეფასება მცდარია. აღნიშნულზე გიდგენთ დანართის სახით კალკულაციის ცხრილებს, სადაც იკითხება, რომ აღნიშნული პროდუქტი არის თ/ღირებულებაში შემავალი და შეუძლებელია მისი ცალკე მიწოდებად განხილვა.

2. რაც შეეხება აუდიტორის იმ შეფასებას, რომ „გადამხდელის განმარტებით აღნიშნული პროდუქტი უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე“ მსგავსი გადამხდელის ახსნაგანმარტება არ არსებობს. იდგენს დანართის სახით ახსნა-განმარტებას, სადაც დარწმუნდებით, რომ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან სამზარეულოს შიდა სტანდარტებს სცდება. როგორც ზემოთ განმარტა შემოწმების პროცესშიც და მის შემდგომ წარდგენილ საჩივრებშიც ყველგან იკითხება, რომ აღნიშნული პროდუქტი არის თ/ღირებულებაში შემავალი ხარჯი და ის ცალკე რეალიზაციად არ მიეწოდებოდა (იხ. დანართის სახით გადამხდელის ახსნა-განმარტება);

3. რაც შეეხება პროგრამა „ორის“-ში აღნიშნული ოპერაციების გატარებას წარმოადგენს, შემოწმების პერიოდში მიწოდებულ „ორის“ პროგრამის ასლს, სადაც აღნიშნული ოპერაციები გატარებულია, როგორც თ/ღირებულებაში შემავალ ხარჯად ისე ჩართულია შემოსავლებში სალაროს ფისკალის მაჩვენებლებით. აუდიტის შეფასებით აშკარად იკვეთება, რომ არ გაუვლია, არ შეუსწავლია სადაო საკითხთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რითიც დარწმუნდებოდა, რომ მისი შეფასება მცდარია (იხ. ორის პროგრამა);

4. აუდიტორის განმარტებით და გათვლებით ხილის ასორტის სახით უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე და მისივე გათვლებით თითოეული შეკვეთაზე უსასყიდლოდ მიეწოდებოდაო 2,7 კგ. ხილი.

გაურკვეველია ის მათემატიკური გამოთვლა, საიდან მოიტანა აუდიტორმა, რომ თითოეულ შეკვეთას შეესაბამება 2,7 კგ. ხილი??? როგორ წარმოგიდგენიათ 2,7 კგ. ხილის თითოეულ შეკვეთაზე მიტანა თუნდაც სასყიდლით ყოფილიყო, ალოგიკურია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და მსგავსი რომც ყოფილიყო მომხმარებელი არც ისურვებდა და ვერც აითვისებდა. აუდიტის შეფასებით აშკარად იკვეთება, რომ არ გაუვლია, არ შეუსწავლია სადაო საკითხთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რითიც დარწმუნდებოდა, რომ მისი შეფასება მცდარია. აღნიშნულზე ადგენს დანართის სახით კალკულაციის ცხრილებს, სადაც იკითხება, რომ აღნიშნული პროდუქტი არის თ/ღირებულებაში შემავალი ხარჯი და შეუძლებელია მისი ცალკე მიწოდებად განხილვა. (იხ. დანართი კალკულაციის შესახებ).

საქმესთან დაკავშირებით თვალსაჩინოებისათვის:

➢ მომზადებული კერძების კალკულაციის ნორმები ერთეულ მზა კერძზე, სადაც მოიაზრება ყველა აუცილებელ მასალასთან ერთად ხილი, რომელიც დათვლილია, როგორც თ/ღირებულებაში შემავალი ხარჯი და ცალკე ხარჯად არ განიხილება ბუღალტერია პროგრამა „ორის“-ში (იხ. დანართი კალკულაციის/წარმოების ცხრილები, პროგრამა ორისი“;

➢ აღნიშნული მზა კერძების მიწოდებით, მზა კერძების თვითღირებულებაში შემავალი ხილი ჩართულია სალაროს ფისკალის მაჩვენებლებში 2015-2016 წლებში, რომელიც დროულად ჩართულია ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილია კუთვნილი გადასახადებით (იხ. დანართი სალაროს ფისკალის მაჩვენებლებში ჩართული ის მზა კერძების ნუსხა, რომლის თვითღირებულებაშიც შედის ხილი);

შედეგად აუდიტორის არასწორი შეფასებით დგინდება, რომ შეძენილი პროდუქტი (ხილი) ორჯერ იქნა დაბეგრილი, ერთ შემთხვევაში მის მიერ დეკლარირების პერიოდში და მეორე შემთხვევაში, შემმოწმებლის მიერ შემოწმების აქტით.

უნდა ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ შემმოწმებელმა თავისივე აქტის თანახმად ე.წ ხილის ასორტის ღირებულება განიხილა მიწოდებად და დაბეგრა დღგ-ის და მოგების გადასახადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ შემოწმების აქტი მთელი რიგი ხარვეზებითაა შევსებული, რაც შემდეგი სახის კითხვებს ბადებს, კერძოდ:

1. ისმება კითხვა შემმოწმებლის მიერ, რა ფასნამატით განისაზღვრა შეძენილი ხილის თვითღირებულება, შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბაზა ხილის მიწოდების შემთხვევაში, რომელიც არ იკითხება შემოწმების აქტში???.

და თუ აუდიტორმა კომპანიის ერთობლივი შემოსავალი გაზარდა უსასყიდლო ხილის მიწოდებით, ამ შემთხვევაში, მას ხარჯებიც ხომ უნდა გაეთვალისწინებინა, რომელიც შესყიდვის აქტებით საბუთდება და თუ უარყოფს ფ.პ. ------- (--------) ხილის შესყიდვას, მაშინ გამოდის, რომ უსაბუთო ხილი ჰქონია შეძენილი, რომელზედაც ცალსახად უნდა გავრცელებულიყო 75%-იანი ხარჯი, რაც არ გათვალისწინებულა;

2. თუ გაანალიზდება 2016 წლის წლიურ მოგება-ზარალის უწყისი დეკლარირებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები შეადგენს 870990 ლარს, რომელიც გაზრდილი იქნა შემოწმებით 1157707 ლარით, საიდანაც სხვაობის თანხა დეკლარირებულსა და შემოწმებას შორის ტოლია 288718 ლარის.

აუდიტორის პოზიციით 288718 ლარის შემადგენელი ნაწილია ის 195049 ლარი (გრ. 9), რომელიც ხელფასის სახით განაცემები შეამცირა და მიაკუთვნა თვითღირებულებაში შემავალ ხარჯს. შედეგად, სხვაობის თანხა (288718-195049) 93669 ლარი ყოფილა სხვა (გაურკვეველი) შეძენილი საქონელი, რომელიც რომ არ იშიფრება აქტში, რითი აქვს გაზრდილი აუდიტორს, შემოწმებით შეძენის მუხლი??? და თუ აღნიშნულს ჩავთვლით ხილის შეძენის ხარჯად (93669 ლარს ), გამოდის, რომ 93699 ლარის თვითღირებულების ხილი გაუყიდა 375154 ლარად, რაც ჯამში ყოველგვარ ლოგიკას ცილდება და ბუნდოვანია და დაუსაბუთებელია აქტი. (იხ. დანართი, 2016 წლის წლიური მოგება-ზარალის უწყისი);

3. ასევე ყურადღება გასამახვილებელია 2015 და 2016 წლების წლიურ მოგება-ზარალის უწყისში შემოწმების მხრიდან საწყისი და საბოლოო სასაქონლო ნაშთების ცვლილება, მაშინ როდესაც შემოწმების მხრიდან იცვლება შეძენილი მატერიალური მარაგების მუხლი, ასევე იცვლება ერთობლივი შემოსავლები, ანუ შემოწმებით გამოვლენილი სხვაობები აუდიტორმა ჩართო 2015 და 2016 წლების ერთობლივ შემოსავლებში და დამატებით დაარიცხა გადასახადები. ხომ არ ახსნიდა აუდიტორი, სასაქონლომატერიალური მარაგების ცვლილება რა გარემოებებმა გამოიწვია და მსგავსი ქმედება ხომ არ ეწინააღმდეგება სიტუაციური სახელმძღვანელოს „ნაშთების ცვლილების კუთხით“ მოთხოვნებს?..

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, არ დაობს არც ფასნამატის პროცენტზე და არც სასაქონლო ნაშთებზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ შემოწმების აქტი არაპროფესიულად და არაკვალიფიციურად, მთელი რიგი დარღვევებითაა შევსებული და უფრო მეტიც პოზიციები გადაანგარიშების პერიოდში 232 გვერდად იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურში (იხ. „SCREEN“- ფოტო, გაგზავნილი დანართები), თუ აუდიტორმა გადაანგარიშების პერიოდში, გაიარა და შეისწავლა არგუმენტები, როგორ არ უნდა გასჩენოდა ერთი კითხვა მაინც ერთ კონკრეტულ საკითხზე 232 გვერდიდან და თუ მისათვის ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო წარდგენილი მტკიცებულებები, ერთხელ მაინც ხომ უნდა მოეთხოვა გადამხდელთან ერთად გავლა სადავო საკითხი? და ეს ყველაფერი ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს წლების განმავლობაში.

მტკიცებულებად წარმოადგენს კალკულაციის აქტებს, ასევე გადაანგარიშების პერიოდში გაგზავნილ დანართების „SCREEN“- ფოტოს......232 გვერდად.

შედეგად აუდიტის დეპარტამენტის შეფასება არასწორია, ვინაიდან არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად, უსაფუძვლოდ უსასყიდლო მიწოდებად ჩაითვალა თვითღირებულებაში შემავალი ხარჯები (ხილი) და არც კი გაუანალიზებია ის, რომ თუ ხილს უსასყიდლოდ მიწოდებად დაბეგრავდა, ხილზე გაწეული ხარჯებიც უნდა გაეთვალისწინებინა

აქტში არ იკითხება უსასყიდლოდ მიწოდება რა ფასნამატით განსაზღვრა. გაურკვეველი თანხა 375154 ლარი ჩასვა 2016 წლის ერთობლივ შემოსავალში, რომელიც დაბეგრა დღგ-ის და (ხარჯების გამოკლების გარეშე) მოგების გადასახადით.

იქიდან გამომდინარე, რომ შემმოწმებლების გაანგარიშებები არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების შესახებ არასწორია, არასწორია ის დარიცხვაც რაც განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადში და შესაბამის სანქციებში.

შესაბამისად, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი (ჩართულობით!!!) შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება. ასევე ხელახლა იქნეს შესწავლილი სხვა გასაჩივრებული საკითხები, როგორიცაა განაწილებული მოგების კორექტირება, გამოქვითვების განსაზღვრა (რპთ), 2015-2016 წლის სხვა ხარჯების, რემონტის და ამორტიზაციის შემცირებას, ელ. ენერგიის ხარჯი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა გადამხდელის ჩართულობით, შესწავლილი იქნას წარდგენილი მტკიცებულებები სადაო საკითხთან დაკავშირებით და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის შესაბამისად:

1.ა. ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება: საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

2. საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულია: საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

1. შემოსავლების სამსახურმა 16.12.2019 წლის №43869 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის №6980/2/2018 გადაწყვეტილების შესაბამისად საჩივარში მითითებული საკითხების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მასვე დაევალა შეესწავლა 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 16.12.2019 წლის №43869 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 12 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაციით საწარმოს 2015-2016 წლებში ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს ხილი. წარმოდგენილი კალკულაციებით, მენიუებითა და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქტების (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული პროდუქტი სარეალიზაციო კერძებთან ერთად ე.წ. ხილის ასორტის სახით უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ თითოეულ შეკვეთას დაახლოებით შეესაბამება 2.7 კგ. ხილი. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ბრძანებები კალკულაციების შესახებ, სადაც ისევე, როგორც ბუღალტრულ პროგრამაში, აგრეთვე წარდგენილ დოკუმენტაციაში არსად ჩანს ხილის მოძრაობა და წარმოებაში გამოყენება, რითაც არგუმენტირებულად ჩაითვლებოდა გადამხდელის პოზიცია. სხვა გასაჩივრებულ საკითხებთან (სესხზე დარიცხული პროცენტების ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობა; 2016 წელს გაცემული ხელფასის ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებში შემცირება; ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება ელექტროენერგიის ხარჯებით; სხვა ხარჯების შემცირებით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება; დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და შესაბამისი ვალდებულების გაანგარიშება) დაკავშირებით, დასკვნის თანახმად დგინდება, რომ აქტით დარიცხული თანხები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან, ხოლო გადამხდელის პრეტენზია დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად დასკვნით საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 ნოემბრის №34328 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, იმ გარემოებებზე, რომ ამ ეტაპზე აღსრულებული არ არის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის №6980/2/2018 გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანება, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ნოემბრის №10049/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, შემოწმების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნით, მ.შ. 2019 წლის 13 სექტემბრის №081-283 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა/დაზუსტება უნდა განახორციელოს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ნოემბრის №10049/2/2019 გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

შედეგად შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 ნოემბრის №34328 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება უზრუნველეყო ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საწარმოს 2015-2016 წლებში ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს ხილი. წარმოდგენილი კალკულაციებით, მენიუებითა და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქტების (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული პროდუქტი სარეალიზაციო კერძებთან ერთად ე.წ. ხილის ასორტის სახით უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ თითოეულ შეკვეთას დაახლოებით შეესაბამება 2.7 კგ. ხილი. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ბრძანებები კალკულაციების შესახებ, სადაც ისევე როგორც ბუღალტრულ პროგრამაში, აგრეთვე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსად ჩანს ხილის მოძრაობა და წარმოებაში გამოყენება, რითაც არგუმენტირებულად ჩაითვლებოდა გადამხდელის პოზიცია. სხვა გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით, დასკვნის თანახმად დგინდება, რომ აქტით დარიცხული თანხები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან, ხოლო გადამხდელის პრეტენზია დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად დასკვნით საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივანს ხილი შეძენილი აქვს ფიზიკური პირისაგან, რომელზეც წარადგინა შესყიდვის აქტები. ვინაიდან ვერ დადასტურდა ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული რაოდენობით ხილის მოყვანის შესაძლებლობა, მომჩივანმა ვერ დაადასტურა პროდუქციის ადგილობრივი წარმოშობა, ჩაითვალა, რომ აღნიშნული პროდუქტი იყო იმპორტირებული, თუმცა აღნიშნულის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად აღნიშნული ხილი თვითღირებულებით (შეძენის ღირებულებით) მიწოდებად იქნა განხილული, რაც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, რაც შეეხება მოგების გადასახადს აღნიშნული ხილის თვითღირებულება (შეძენის ღირებულება) გათვალისწინებული იქნა ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებში, შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა, მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია სხვა ეპიზოდებში, კერძოდ, სხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე არსებულ მტკიცებულებებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მომჩივანს ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირისაგან შესყიდვის აქტებით შეძენილი აქვს ხსენებული ხილი (ვაშლი, ყურძენი, კივი), ერთის მხრივ საგადასახადო ორგანო აღნიშნული შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ხილის რაოდენობის და ღირებულების ნამდვილობას ეჭქვეშ არ აყენებს, ვინაიდან ამ შესყიდვის აქტებით განსაზღვრა ამ ნაწილში დასაბეგრი ობიექტი, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, გაითვალისწინა ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებში და შეძენის ღირებულებით (ფასნამატის გარეშე) ჩათვალა მიწოდებად და განიხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნული შესყიდვის აქტებით შეძენილ ხილს არ განიხილავს ადგილობრივ პროდუქტად და მიიჩნევს იმპორტირებულად, ისე, რომ აღნიშნულის (იმპორტირებულად ჩათვლის) დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს აღნიშნული პოზიცია შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო დაუსაბუთებელია და შეძენილი ხილი უნდა ჩაითვალოს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტად, რომლის მიწოდებაც (მის სამრეწველო გადამუშავებამდე) დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ე.წ. ხილის ასორტის ღირებულების მიწოდებად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება დანარჩენ სადავო საკითხებს, საბჭო განმარტავს, რომ ამ ნაწილში მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტს ან რაიმე სახის მტკიცებულებას, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 16.12.2019 წლის №43869 და 1.11.2021 წლის №34328 ბრძანებები და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დასკვნებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, გამომდინარე აქედან, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გათვალისწინების საფუძველი.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესწავლის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ე.წ. ხილის ასორტის ღირებულების მიწოდებად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დღგ-ში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9335 და №9336 ბრძანებები;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №081-184 და №081-185 საგადასახადო მოთხოვნები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 16.12.2019 წლის №43869 და 1.11.2021 წლის №34328 ბრძანების აღსრულების შედეგები;

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა.აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საწარმოს 1.01.2015 წლიდან 1.07.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:გადასახადის გადამხდელს ხილი შეძენილი აქვს ფიზიკური პირისაგან, რომელზეც წარადგინა შესყიდვის აქტები. ვინაიდან ვერ დადასტურდა ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული რაოდენობით ხილის მოყვანის შესაძლებლობა, ვერ დაადასტურა პროდუქციის ადგილობრივი წარმოშობა, ჩაითვალა, რომ აღნიშნული პროდუქტი იყო იმპორტირებული, თუმცა აღნიშნულის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად აღნიშნული ხილი თვითღირებულებით (შეძენის ღირებულებით) მიწოდებად იქნა განხილული, რაც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, რაც შეეხება მოგების გადასახადს აღნიშნული ხილის თვითღირებულება (შეძენის ღირებულება) გათვალისწინებული იქნა ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებში, შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა, მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია სხვა ეპიზოდებში, კერძოდ, სხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განმარტავს, მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტს ან რაიმე სახის მტკიცებულებას, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 16.12.2019 წლის №43869 და 1.11.2021 წლის №34328 ბრძანებები და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დასკვნებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, გამომდინარე აქედან, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გათვალისწინების საფუძველი. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესწავლის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ე.წ. ხილის ასორტის ღირებულების მიწოდებად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დღგ-ში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72; 100; 102; 105; (2021 წლამდე მოქმედი) 161;168