ბრძანება N 18841-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 18841
11/06/2019
შპს -------------------------
(მის: ქ. --------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N37) განიხილა შპს ----- ს საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №094-285 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:
ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების სარგებლად განხილვა.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის N 8522 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა
შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 27 დეკემბრის N38931 ბრძანება და 2018 წლის 28 დეკემბრის N094-285 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 325867,13 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 178726 ლარი, ჯარიმა 99569 ლარი, ხოლო საურავი 47572,13 ლარი.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში დასმულ საკითხთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ ------ კლინიკაში ფუნქციონირებს კაფე, საკვები პროდუქტების მომწოდებლები არიან როგორც რეგისტრირებული გადამხდელები, ასევე საკვები პროდუქტების შეძენა ხდება ანგარიშვალდებული პირის ------- ს მიერ ბაზრიდან. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესყიდვის პირველადი დოკუმენტები ან/და შესყიდვის აქტებში საზოგადოების მიერ ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები, რომელზედაც ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმების მიერ განხილული იქნა სარგებლად და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაკავებული იქნა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს:
სსკ-ის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
სსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლის მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
სსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:
ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შემოწმების შედეგად და სსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული თანხები ჩაითვალა მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი სსკ-ის 154-ე მუხლის თანახმად და ჯარიმა 275-ე მუხლით”
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად: საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამასთან, სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით:
„საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე,რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის შედეგად შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის (შეძენილი სმფ-ების: საკვები პროდუქტი) დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 2¹-ე ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანოვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹ ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“
სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: „2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.3.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: „2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2². საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის (შეძენილი სმფ-ების: საკვები პროდუქტი) დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს სსკ-ის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთნხმება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების სარგებლად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კლინიკაში ფუნქციონირებს კაფე, საკვები პროდუქტების მომწოდებლები არიან როგორც რეგისტრირებული გადამხდელები, ასევე საკვები პროდუქტების შეძენა ხდება ანგარიშვალდებული პირის მიერ ბაზრიდან. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესყიდვის პირველადი დოკუმენტები და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმების მიერ სსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
გადამხდელის მიერ დოკუმენტაციის ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
ამასთნ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 73(9); 101(1); 105; 106; 154(1); 269(21); 275