გადაწყვეტილება №25005/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.05.2025
№ დოკუმენტი 25005/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25005/2/2025

13 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25005/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №056-37 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3450 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 21 677,3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 11 285

საშემოსავლო გადასახადი - 9 165

დღგ - 2 120

ჯარიმა - 9 863

საურავი - 529,30

 

ფაქტების აღწერა/პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 11 ივლისიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 15 მარტს შემოტანილი ჰქონდა 93 051 ლარის ღირებულების სანტექნიკა და აქსესუარები, რაც არ ჰქონდა ასახული დეკლარაციებში და არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციის ფაქტი. შემოწმების პროცესში გადამხდელთან კონტაქტი ვერ შედგა, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №13973 ბრძანებით დაინიშნა სმფ-ების ინვენტარიზაცია, თუმცა ვინაიდან ვერ მოხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება და ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის განსაზღვრა, ვერ განხორციელდა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების შესრულება. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელი პერიოდის შეძენები, თუმცა, ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. შეძენილი პროდუქცია დაიყო 10 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი და ამგვარად გაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რამაც შეადგინა 105 603 ლარი.

ვინაიდან საწარმო არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად არ ჰქონდა დღგით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა, არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციის ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი განხილულია ერთიან მიწოდებად შეძენის თარიღში, კერძოდ, 2024 წლის 15 მარტს. მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 2024 წლის 15 მარტი, ხოლო არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით 2024 წლის მარტის თვეში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5%-ის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №15808 ბრძანება და ამავე თარიღის №056-37 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 აგვისტოს №19428 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 აგვისტოს №19428 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2024 წლის 7 დეკემბრის №92008/1/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და 2025 წლის 26 თებერვლის №3450 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთიდაიმავე პროდუქციის რეალიზაციის ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაცია უნდა მიეცეს აუდიტის დეპარტამენტს, 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა შემოსავლების სამსახურის მიერ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიმართ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არის არასწორი, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც ერთი წინაპირობა არ არსებობდა, კერძოდ შემოწმების დროს კომპანიას ჰქონდა მხოლოდ ერთი პროდუქციის შემოტანა (საბაჟო დეკლარაცია "-------" 14/03/2024). მიღებული პროდუქცია კომპანიის დირექტორის სახლში იყო დასაწყობებული და მისი რეალიზაცია მოახდინა მხოლოდ ივლისის დასაწყისში სრულად, რაზედაც იქნა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და აღნიშნული საქონლის რეალიზაცია ნაჩვენებია ივლისის დღგის დეკლარაციაში, რომელიც დროულად აქვს წარდგენილი 15 აგვისტომდე.

შესაბამისად შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდი გამოიყენა დოკუმენტალური რეალიზაციის მიმართ, რაც ბუნებრივია არასწორია და ეწინააღმდეგება საგადასახადო პრაქტიკას. შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა უნდა გაითვალისწინოს საჩივარს დართული სასაქონლო ზედნადებები და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები დაიანგარიშოს პირდაპირი მეთოდით, აღნიშნული ზედნადებების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაბეგვრის მიზნებისათვის აზრს კარგავს პირველადი საგადასახადო დოკუმენტის შედგენა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების

დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახდო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან გადამხდელის მიერ 2024 წლის 15 მარტს შემოტანილი 93 051 ლარის ღირებულების სანტექნიკის და აქსესუარების დოკუმენტური რეალიზაციის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა იმავე დღეს რეალიზებულად და ამავე თარიღით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი.

მომჩივნის განმარტებით, შემოწმების დროს კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ ერთი პროდუქციის შემოტანა (საბაჟო დეკლარაცია "-------" 14/03/2024), რომელიც მომჩივანმა სასაქონლო ზედნადებით გაყიდა ივლისის თვეში.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის №002444 ბრძანების მიხედვით, მომჩივნის მიმართ განხორციელდა 14 149 ლარის დარიცხვა და გამოიცა №056-2 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნის გამოცემის საფუძვლად მითითებულია 25.09.2024 წლის №002444 ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი 2024 წლის ივლისის თვის დოკუმენტები და შემცირებული აქვს დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

საბჭოს 29.11.2024 წლის №92008/1/2024 გადაწყვეტილებით დაევალა შემოსავლების სამსახურს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (ერთსა და იმავე ოპერაციაზე ორმაგად (გაორებული) დაბეგვრის საკითხი), მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განიხილვა საჩივარი და 2025 წლის 26 თებერვლის №3450 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, ერთიდაიმავე პროდუქციის რეალიზაციის ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ კომპანიის მიმართ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არის არასწორი, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც ერთი წინაპირობა არ არსებობდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს შემოტანილი ჰქონდა 93 051 ლარის ღირებულების სანტექნიკა და აქსესუარები, რაც არ ჰქონდა ასახული დეკლარაციებში და არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციის ფაქტი.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით დაინიშნა სმფ-ების ინვენტარიზაცია, თუმცა ვინაიდან ვერ მოხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება და ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის განსაზღვრა, ვერ განხორციელდა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების შესრულება. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელი პერიოდის შეძენები, თუმცა, ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. შეძენილი პროდუქცია დაიყო 10 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი და ამგვარად გაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები.

ვინაიდან საწარმო არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად არ ჰქონდა დღგით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა, არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციის ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ფაქტი.

შემოწმებით დადგენილი შემოსავალი განხილულია ერთიან მიწოდებად შეძენის თარიღში.მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 2024 წლის 15 მარტი, ხოლო არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით 2024 წლის მარტის თვეში. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა სსკ-ის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),163,164,282.