გადაწყვეტილება №24045/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24045/2/2024
22 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---------- 1.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24045/2/2024).
დავის საგანი:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციით შემცირებული გადასახადის თანხის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №086-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16152 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 440 442,55 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 292 565
ჯარიმა - 146 283
საურავი - 1 594,55
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის (გრაფა N43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის (-----------) მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის (გრაფა №42) თანხა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას, შეადგენდა ჯამურად 292 565 ლარს. გადასახადის გადამხდელს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი (საქმიანობის სახე - ვაჭრობა). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2023 წლის აპრილის საანგარიშო თვემდე ახორციელებდა მხოლოდ მცირე ბიზნესის სტატუსით გათვალისწინებულ ეკონომიკურ საქმიანობას.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტების შესაბამისად, 2023 წელს მცირე ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, სხვა სახის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც წარმოშობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დადგენილი დეკლარაციების გარდა, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება. ამასთან, არ ფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან დაკავებული შემოსავლების მიღება, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადის წარმოდგენილ წლიურ დეკლარაციაში (გრაფა №42) ასახული თანხა იქნებოდა ჩათვლის მიღების საფუძველი.
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციით შემცირებული გადასახადის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას სრულად -
292 565 ლარის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 25 აპრილის №9748 ბრძანება და ამავე თარიღის №086-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16152 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო, მე-3 ნაწილზე, 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის და გადასახადის გაანგარიშების დროს საგადასახადო ორგანო შემოწმებისას დაეყრდნო მხოლოდ შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრაციული საინფორმაციო ბაზაში არსებულ ინფორმაციებს, აგრეთვე წარდგენილ ახსნა-განმარტებებს რომლებზეც არ მიუქცევიათ სათანადო ყურადღება, ასევე აუდიტის დეპარტამენტს არ გამოუთხოვია და არ შეუსწავლია სხვა რაიმე ძირითადი და დამატებითი დოკუმენტაცია. შემოწმება მოხდა სხვა გადამხდელების მონაცემებთან შედარებით, შედარება კი არ მომხდარა იმ სიზუსტით რაც მისცემს რეალურ ფაქტთან მიახლოებულ შედეგებს, აღნიშნულ შემთხვევაში შედარების მეთოდის გამოყენება იწვევს არსებით ცდომილებას.
მოცემულ შემთხვევაში მომჩივანს არ ეცნობა საჩივრის განხილვის თაობაზე. მომჩივანი ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილის საფუძველზე ითხოვს გაუქმდეს №086-13 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის №16152 ბრძანება, რადგან აღნიშნული ბრძანება გამოცემულია არსებითი დარღვევით და საქმის სათანადო შესწავლის გარეშე. ყოველივეს გათვალისწინებით კი დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არასწორად დარიცხული გადასახადების გაანგარიშება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხზე წარმოდგენილია 10.10.2024 წლის №---------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მეწარმის მიერ წარდგენილი 2023 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის (-------------) მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის (გრაფა №42) თანხა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას, შეადგენს ჯამურად 292 565 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს 2020 წლის 1 სექტემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი (საქმიანობის სახე - „ვაჭრობა“).
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2023 წელში აპრილის საანგარიშო თვემდე ახორციელებდა მხოლოდ მცირე ბიზნესის სტატუსით მინიჭებულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის შემდეგაც საქმიანობა შეჩერებულია.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული ინფორმაციით, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტების შესაბამისად, 2023 წელს მცირე ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, სხვა სახის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც წარმოშობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დადგენილი დეკლარაციების წარდგენის გარდა, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას (საგადასახადო კოდექსის მე-80 და 153-ე მუხლების მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირი ვალდებულია წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინონ საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე) არ ჰქონია. აგრეთვე, არ ფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან დაკავებული შემოსავლების მიღება, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში (გრაფა №42) ასახული თანხა იქნებოდა ჩათვლის მიღების საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელის მიერ დასმული საკითხები (ფასნამატის გაანგარიშება, შედარების მეთოდის გამოყენება) სცდება შემოწმების შედეგად დადგენილ საკითხებს. ამასთან, მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულება/არგუმენტს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის (გრაფა №42) და აღნიშნული თანხის ოდენობით კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის (გრაფა №43) შემცირების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის თანხის შემცირების გაუქმება და მომჩივნისთვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორცილდა მართლზომიერად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციით შემცირებული გადასახადის თანხის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს მცირე ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, სხვა სახის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც წარმოშობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დადგენილი დეკლარაციების წარდგენის გარდა, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას, მეწარმეს არ ჰქონია. აგრეთვე, არ ფიქსირდება გადახდის წყაროსთან დაკავებული შემოსავლების მიღება, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში (გრაფა №42) ასახული თანხა იქნებოდა ჩათვლის მიღების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის თანხის შემცირების გაუქმება და მომჩივნისთვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორცილდა მართლზომიერად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 93(11);80(1,7,71);153(1);275