გადაწყვეტილება №23414/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23414/2/2024
05 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 3.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23414/2/2024).
დავის საგანი:
გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 20.10.2023 წლის №ა205-2110 „საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შუალედური“ აქტი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №27167 ბრძანება;
3. საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №056-52 საგადასახდო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13281 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 97 719,36 ლარი.
დღგ - 73 121,05
საურავი - 24 598,31
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეპარტამენტის 20.10.2023 წლის №25979 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის სახელზე გაფორმებული №----------, №----------, №---------- საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოცემული დეკლარაციებით განხორციელდა საქონლის (მოთუთიებული ლითონის ფურცლები რულონებად, სასაქონლო კოდი 72104900000) იმპორტი ----------დან.
საქონლის ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ყველა ხარჯის და შესაბამისად, საბაჟო ღირებულების სიზუსტის დადგენის მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელისგან.
მოწოდებული და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გაირკვა შემდეგი: 1) გადასახადის გადამხდელის მიერ 01/01/2019-31/10/2022 პერიოდზე 11.11.2022 წლის №---------- განცხადებით წარმოდგენილი გადარიცხვების დამადასტურებელი „----------“ ბანკის საბანკო ამონაწერიდან იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან (----------) ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა (458 850.83 აშშ დოლარი) ბევრად (133 563.26 აშშ დოლარით) აღემატება შესაბამის პერიოდში საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას (325 284.57 აშშ დოლარი);
2) საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი (მ.შ. ზემოხსენებული ექსპორტიორისგან) გაცილებით მაღალია. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით გადამხდელს 29.08.2022 წლის შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საბაჟო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად (მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდით ექსპორტის თარიღსა და ერთზე მეტი გარიგების ფასის გამოვლენისას, უმცირესი ფასის გათვალისწინებით) №---------- საბაჟო დეკლარაციაზე ერთეულის ფასი (1 კგ-ის ფასი) განისაზღვრა 0.732 აშშ დოლარით; №---------- საბაჟო დეკლარაციაზე-1.132 აშშ დოლარით და №---------- საბაჟო დეკლარაციაზე-1.183 აშშ დოლარით.
20.10.2023 წლის №---------- საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შუალედურ აქტის მიხედვით ი/მ „----------“ (პ/ნ ----------) შემოწმების შედეგად №----------, №----------, №---------- 17.08.2022 საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახდელი, დღგ – 73121.05 ლარი, ხოლო საურავის თანხამ შეადგინა 24 598,31 ლარი (საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ).
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.12.2023 წლის №33147 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 28.03.2024 წლის №21991/2/2024 გადაწყვტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33147 ბრძანება; საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13281 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 31.05. 2024 წლის 10:15 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.
ასევე მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილებზე, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 40-ე მუხლზე, 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 11.11.2022 წლის №---------- განცხადებით წარმოდგენილი 01/01/2019-31/10/2022 პერიოდზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის შესაბამისად, მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა აღემატება შესაბამის პერიოდში მომჩივნის საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
დადგენილია ასევე, რომ საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი (მ.შ. ზემოხსენებული ექსპორტიორისგან) გაცილებით მაღალია.
ასევე დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით მომჩივანს 29.08.2022 წლის შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად (მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდით ექსპორტის თარიღსა და ერთზე მეტი გარიგების ფასის გამოვლენისას, უმცირესი ფასის გათვალისწინებით) განსაზღვრა მართლზომიერია.
ამდენად, ვინაიდან ადგილი აქვს საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, სადავო აქტით ზემოაღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად იმპორტის გადასახდელისა და საურავის დარიცხვაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტებს შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და მათ საფუძველზე დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლებამოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას.
ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
შემოწმების აქტში მოყვანილი ფაქტების სწორად ფორმულირებისთვის მომჩივანს სურს მომწოდებლის შესახებ ინფორმაციის მოხსენება, კერძოდ „----------“ წარმოადგენს ერთერთ მსხვილ ექსპორტიორ საწარმოს ----------, რომელთანაც დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი თანამშრომლობა. ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში აუცილებელ პირობას წარმოადგენს და წარმოადგენდა თანხის ავანსად გადარიცხვა, ხოლო საქონელი ეტაპობრივად იქნებოდა მოწოდებული „----------“-ის მიერ, რაც ნაწილობრივ განხორციელდა 2020-2022 წლებში.
მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს რულონებად იმპორტირებული მოთუთიებული ფურცლებისგან ჭერის CD და UD პროფილების წარმოებას. ვინაიდან მოწოდებული საქონლის ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს (აღმოჩნდა უფრო დაბალი ხარისხის, ვიდრე სიტყვიერი შეთანხმებით და ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული), მეწარმესა და ჩინურ კომპანიას შორის დროებით შეჩერდა თანამშრომლობა, ვინაიდან გაუმჯობესებული ხარისხის საქონლის მოწოდება მოხდება 2024 წელს, ვინაიდან ქარხანას გაფორმებული აქვს წინასწარი შეკვეთები და შესაბამისი საქონლის მიწოდება დამკვეთებისთვის ხორციელდება ეტაპობრივად.
ამასთანავე „----------“-ს მეწარმესთან გაფორმებული აქვს შედარების აქტი 2022 წლის მდგომარეობით, რომლითაც აღიარებს არსებულ დავალიანებას 133 563,26 აშშ დოლარის ოდენობით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ არსებობს ზემოაღნიშნული თანხის უკვე შესრულებული შეკვეთების თვითღირებულების გაზრდის გზით დამატებული ღირებულების დარიცხვის საფუძველი.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, და აღნიშნავს, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს განზრახ და ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის საფუძველზე, დავების განხილვის საბჭომ წარმოებაში მიიღოს საჩივარი, 302-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განიხილოს საჩივარი, 304-ე მუხლის საფუძველზე, დააკმაყოფილოს იგი, გააუქმოს შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №13281 ბრძანება და საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №13686 ბრძანება და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაავალოს პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების შესაბამისად, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
საგადასახადო კოდექსის 40-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით ან იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ:
1. მომჩივნის მიერ 11.011.2022 წლის №---------- განცხადებით წარმოდგენილი 01/01/2019- 31/10/2022 პერიოდზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი „----------“ ბანკის საბანკო ამონაწერიდან იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან (----------, China) ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა (458 850.83 აშშ დოლარი) ბევრად (133 563.26 აშშ დოლარით) აღემატება შესაბამის პერიოდში ი/მ „----------“ საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას (325 284.57 აშშ დოლარი);
2. საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი (მ.შ. ზემოხსენებული ექსპორტიორისგან) გაცილებით მაღალია. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით გადამხდელს 29.08.2022 წლის შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტმა მომჩივნის მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება საბაჟო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად (მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდით ექსპორტის თარიღსა და ერთზე მეტი გარიგების ფასის გამოვლენისას, უმცირესი ფასის გათვალისწინებით) განსაზღვრა მართებულად.
საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, სადავო აქტით განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან (საურავი) მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის 18.07.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ: 1. მომჩივნის მიერ 11.011.2022 წლის განცხადებით წარმოდგენილი 01/01/2019- 31/10/2022 პერიოდზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი „თიბისი“ ბანკის საბანკო ამონაწერიდან იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა (458 850.83 აშშ დოლარი) ბევრად (133 563.26 აშშ დოლარით) აღემატება შესაბამის პერიოდში მომჩივანის საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას (325 284.57 აშშ დოლარი); 2. საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი (მ.შ. ზემოხსენებული ექსპორტიორისგან) გაცილებით მაღალია. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით გადამხდელს 29.08.2022 წლის შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტმა მომჩივნის მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება საბაჟო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად (მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდით ექსპორტის თარიღსა და ერთზე მეტი გარიგების ფასის გამოვლენისას, უმცირესი ფასის გათვალისწინებით) განსაზღვრა მართებულად. საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, სადავო აქტით განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან (საურავი) მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1).