გადაწყვეტილება №20348/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20348/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 21.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20348/2/2023).
დავის საგანი:
1.ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება, დღგით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება;
2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №31283 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №072-10 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15268 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 89 603 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 38 430
დღგ - 22 205
საშემოსავლო გადასახადი - 16 225
ჯარიმა - 41 620
საურავი - 9 553
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2022 წლის №15342 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 28.05.2021- 9.06.2022 წლების საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 7.12.2022 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 12.12.2022 წლის №31283 ბრძანება და 13.12.2022 წლის №072-10 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.06.2023 წლის №15268 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგამოძიებო სამსახურის 9.06.2022 წლის №---------- წერილით და რევიზიის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ მომჩივანს სხვადასხვა საწარმოებიდან და მათ შორის შპს „----------“ (ს/ნ ---------) გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა. საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაში მითითებული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან გამომდინარე მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ შეადგენს 13 653 ლარს (------------ დღგ 5 567,8 ლარი და ------------ დღგ ------------ ). საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს დაერიცხა დღგ 13 653 ლარი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს სულ 315 258 ლარს, ხოლო საგადასახადო შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 362 778 ლარი, რაც 47 520 ლარით აღემატება დეკლარირებულს. საწარმოს დამატებით დაერიცხა დღგ-ის თანხა 8 553 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 280-ე მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტით და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მიღებული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს აქტის ბათილობას, რადგან მიაჩნია რომ საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების გამოკვლევის გარეშე, მხარისთვის შეუტყობინებლად და სახეზეა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოკვლეული მასალებით დადგინდა გარკვეული უკანონო ტრანზაქციები ძველი ხელმძღვანელობის (------------) მმართველობის პერიოდში. აცხადებს, რომ გარემოებების ნამდვილობის დასადგენად შემოწმების აქტს არ ერთვის საქმის მასალები. განმარტავს, რომ 21.10.2021 წლიდან კომპანიას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი და ახალი დირექტორი. ვინაიდან, ფიზიკური და იურიდიული პირი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება და მათ ცალ-ცალკე აქვთ მინიჭებული თავიანთი უფლებები, შპს „----------“, როგორც ცალკეული სუბიექტი, არის დაზარალებული თუკი მისი ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან მოხდა რაიმე უკანონო მოქმედება, რის შედეგებზეც პასუხი უნდა აგოს კომპანიამ, რომელსაც უკვე ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. მიუთითებს, რომ თუკი მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გავლენას ახდენს ამ კომპანიის უფლებებზე და ქონებაზე ან საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უნდა მომხდარიყო კომპანიის როგორც დაზარალებულის საქმეში ჩართვა ან ამ შემოწმების აქტის შემდგენის მიერ უნდა დართულიყო საქმეზე ყველა ის მასალები, რაზეც შინაარსობრივად უთითებს შემმოწმებელი. თუკი კომპანიას არ ექნება სრული დოკუმენტაცია და ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული დარიცხვების შესახებ, მას ფაქტიურად კანონის ფარგლებში უკანონოდ ერთმევა შესაძლებლობა გამოიკვლიოს მის მიმართ განხორციელებული დარიცხვის ნამდვილობა და კანონიერება. კომპანიამ რომ დაიცვას თავი, უარყოს ან გააქარწყლოს მის მიმართ დაყენებული მოთხოვნა უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ქმედების შესახებ. აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა კანონშესაბამისად გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №---------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილი და დადგენილება, რომლის თანახმად მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №------------- საქმეზე, შპს „-----------“-ის (ს/ნ -------------) მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-210-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „------------“-ს (ს/ნ ------------) სხვადასხვა საწარმოებიდან გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლა. დადგენილებაში მითითებულია ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნომრები, ასევე დადგენილებას თან ახლავს სისხლის სამართლის საქმის მასალა - გამოკითხვის ოქმები, სადაც მხარეები ადასტურებენ, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მომსახურება არ განხორციელებულა.
ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ მომჩივანს გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებულ აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა, ასევე, ვინაიდან შემოწმებით დადგინდა, რომ დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა დეკლარირებულს, რომელზეც დამატებით დაერიცხა დღგ-ის თანხა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის გადასახადის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგამოძიებო სამსახურის 9.06.2022 წლის №--------- წერილით და რევიზიის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ მომჩივანს სხვადასხვა საწარმოებიდან და მათ შორის შპს „----------“ (ს/ნ -----------), გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. წარდგენილი მასალებიდან ირკვევა (საწარმოს დირექტორების გამოკითხვის ოქმი), რომ ყალბი დოკუმენტის გამოწერა წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესს და ზემოთ აღნიშნულ საწარმოს რაიმე თანხა შპს „--------“-დან არ მიუღია. ვინაიდან საწარმოს მიერ არ იყო წარდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, ამიტომ აღნიშნული თანხა რომელიც შეადგენდა 53 000 ლარს, არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად და ჩაითვალა საწარმოს იმდროინდელი ხელმძღვანელის (---------პ/ნ ---------) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საწარმოს საბანკო ანგარიშიდან, დანიშნულებით - „მომსახურების მიღება“, ფიზიკური პირების ანგარიშებზე გადარიცხულია თანხები (ჯამში 10 900 ლარი). აღნიშნული ხარჯის ამსახველი პირველადი დოკუმენტი წარდგენილი არ არის და შესაბამისად ბანკის ამონაწერის მიხედვით ვერ ხერხდება აღნიშნული პირების იდენტიფიცირება ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ფიზიკურ პირს. კომპანიის მიერ ნოემბერში გაცემულია ხელფასი
1 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან საწარმოს მიერ არ იყო წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რის გამოც შეუძლებელია განისაზღვროს აღნიშნული თანხები წარმოადგენს ხელფასის სახით განაცემს თუ მომსახურების ანაზღაურებას, შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხების საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 2 975 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განმარტავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანის არგუმენტაციას მოიცავს პირველი დავის საგანი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-№ ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს,სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა:
ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა;
ა.ბ) არარეზიდენტის მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა, როდესაც ასეთი ხარჯი არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საწარმოს მიერ არ იყო წარდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, ამასთან, ბანკის ამონაწერის მიხედვით ვერ ხერხდება ფიზიკური პირების იდენტიფიცირება და ვინაიდან, შეუძლებელია განისაზღვროს აღნიშნული თანხები წარმოადგენს ხელფასის სახით განაცემს თუ მომსახურების ანაზღაურებას, საბჭო მიიჩნევს, აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება, დღგით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება;
2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შპს-გან გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა.ასევე, შემოწმებით გადამხდელს გამოუვლინდა დეკლარირებულისგან განსხვავებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა, ასევე გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.
2.მომჩივანს სხვადასხვა საწარმოებიდან გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.წარდგენილი მასალებიდან ირკვევა რომ ყალბი დოკუმენტის გამოწერა წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესს.ვინაიდან საწარმოს მიერ არ იყო წარდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, ამიტომ აღნიშნული თანხა არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად და ჩაითვალა საწარმოს იმდროინდელი ხელმძღვანელის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
საწარმოს საბანკო ანგარიშიდან, დანიშნულებით - „მომსახურების მიღება“, ფიზიკური პირების ანგარიშებზე გადარიცხულია თანხები განისაზღვრა ხელფასის სახით განაცემად.მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;158(1);159(1);163(1,2);164(1);175(1);176(1);178(ე);270(1);280(1);79(9); 101(1);154(1);
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილი