დღგ-ის ჩათვლა მომსახურებაზე, რომელიც რეგისტრაციის თარიღისათვის არ იყო ნაშთად N 1134

1134 დღგ-ის ჩათვლა მომსახურებაზე, რომელიც რეგისტრაციის თარიღისათვის არ იყო ნაშთად 10.11.2015
№ დოკუმენტი 1134
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა N 1134

ფაქტობრივი გარემოებები

· პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 25 ივნისს. საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დეკლარაციით მოითხოვა დღგ-ის ჩათვლა 20 ივნისს მისთვის გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით

· ვარიანტი I: პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 25 ივნისს

· ვარიანტი II: პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 20 ივნისს

შეფასება

· დღგ-ის ჩათვლა ეკუთვნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და ჩათვლის უფლება მოქმედებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის დღიდან ან ნებაყოფლობით რეგისტრაციის დღიდან. ამასთან, სსკ-ის 157-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან

· I ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა და დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად 25 ივნისს, მის მიერ დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნა, მისთვის 20 ივნისს გაწეულ მომსახურებაზე, არამართლზომიერია. შესაბამისად, პირის მიერ გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და გადასახდელი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გადაანგარიშებას

· II ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 20 ივნისს, მიუხედავად იმისა, რომ იგი დარეგისტრირდა 25 ივნისს, მისთვის ჩათვლის უფლება მოქმედებს 20 ივნისიდან. შესაბამისად, გადამხდელს უფლება აქვს, ჩაითვალოს 20 ივნისს მისთვის გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხა

ღონისძიებები

· I ვარიანტში: პირი, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით

· II ვარიანტში: პირის ქმედებაში, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების კუთხით, საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება. ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით

2011 წლის 1 იანვრამდე განხორციელებული ოპერაციების მიმართ სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნორმა

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით