ბრძანება N 26659-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.08.2019
№ დოკუმენტი 26659-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 26659

01/08/2019

შპს -------

(მის: ქ. ----------.)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის N094-303 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 07 ივნისის და 04 ივლისის სხდომებზე (ოქმები N38 და N46).

საჩივარში აღნიშნული სადავო საკითბი:

სტენდების, ლაითბოქსების და მსგავსი აქტივების ძირითად საშუალებად აღიარება. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული მოგებისა და ქონების გადასახადების კორექტირებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივნისის N14678 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს -----გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 28 დეკემბრის N39423 ბრძანება და 2018 წლის 28 დეკემბრის N094-303 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 192832.72 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 118022 ლარი, ჯარიმა 60682 ლარი და საურავი 14128.72 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტი -----ის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე შპს -----სათვის მომსახურების გაწევა, კერძოდ შპს ----- ს უწევს სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებას. საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევის ერთერთი შემადგენილი ნაწილია თავის საკუთრებაში არსებულ ძირითად საშუალების (სიგარეტის სტენდები, ლაითბოქსები და მსგავსი) განთავსება სხვადასხვა სარეალიზაციო პუნქტებში, რომლებსაც გააჩნიათ საექსპლუატაციო მომსახურების ერთ წელზე მეტი ვადა. საზოგადოება ზემოთ მოცემულ დაუმონტაჟებელ ძირითად საშუალებებს აღრიცხავს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებში.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით ძირითადი საშულაება არის აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

სსკ-ის 145-ე მუხლის შესაბამისად სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესის მიხედვით გადამხდელი ვალდებულია სმფ-ების შემადგენლობაში შეიატანოს ნედლეული ან/და მასალები. აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით დაკორექტირდა საწყისი და საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასულობები რის შედეგდაც საწარმოს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საწარმოს მიერ წარმოდგენილ 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში საწყის და საბოლოო სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებში აღრიცხული აქვს მის საკუთრებაში არსებული დაუმონტაჟებელი ძირითადი საშუალებები, რომელსაც საწარმო არ რთავას ქონების დასაბეგრ ბაზაში. სსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე; საწარმოს მარაგებში აღრიცხული ქონების საშუალო ღირებულებამ შეადგინა 684 813 ლარი. საწარმოს აღნიშულ ღირებულებაზე დაერიცხა ქონების ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სსკ-ის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

სსკ-ის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

სსკ-ის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.

სსკ-ის 112-ე ნაწილის თანახმად, 1. ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. 2. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომი შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ.

სსკ-ის 145-ე მუხლის თანახმად, 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის. 2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სიგარეტის მოსათავსებლად საჭირო სტენდები, ლაითბოქსები და მსგავსი სახის აქტივები კომპანიის მიერ გამოყენებულია მომსახურების გაწევისთვის. აღნიშნული აქტივები კომაპნიის შიდა პოლიტიკისა და ასევე საერთაშორისო ფინანსური სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული აუდიტის საფუძველზეც კვალიფიცირებულია მარაგებად მისი საქმიანობიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად ეს აქტივები შესყიდვისას აღიარდება სმფ-ს ანგარიშზე და საწყობდება . რომელიმე ობიექტისთვის გადაცემისას ხდება მათი ჩამოწერა. თუმცა, კომპანია ამ აქტივებზე საკუთრების უფლებას არ გადასცემს ობიექტებს, ისინი სრულად მის განკარგულებაში რჩება, მათ გამოყენებაზე ხორციელდება კონტროლი.

გარდა აღნიშნულისა, კომპანია იყენებს ძირითადი საშუალებების მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის მეთოდს, 2015 წელსაც კომპანიის მიერ ეს მეთოდია გამოყენებული ამავე წელს შესყიდულ და ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე. აღნიშნული აქტივების ძირითად საშუალებებად დაკვალიფიცირების შემთხვევაშიც 2015 წელს ექსპლუატაციაში შესული აქტივების ღირებულება მაინც სრულად აღიარდებოდა ხარჯად ამავე წელს. აქტის მიხედვით აღნიშნულ რეკლასიფიკაციას არ უნდა მოჰყოლოდა რაიმე სახის დარიცხვა ვინაიდან შეიცვალა მხოლოდ ხარჯის კლასიფიკაცია, ხოლო გამოქვითვადი ხარჯი დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტ უნდა დაევალოს სტენდების, ლაითბოქსების და მსგავსი აქტივების ძირითად საშუალებად განხილვის შედეგების გათვალისწინებით გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი 16-ის თანახმად, ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც: ა) იმყოფება საწარმოს მფლობელობაში და გამოიყენება: საქონლის ან მომსახურების წარმოებაში ან მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ისეთი მცირეფასიანი აქტივები, როგორებიცაა სტენდები ლაითბოქსები და მსგავსი აქტივები კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ძირითად საშუალებებს და აღირიცხება სმფ-ებად. ასევე, გაუგებარია აქტში მოცემული თანხების და ქონების გადასახადის გაანგარიშების მეთოდი. კერძოდ შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აღიარებულია არა კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერებიდან, არამედ 2011 წლიდან წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებიდან, 100%-ით გამოქვითული ძირიტადი საშუალებების თანხების მონაწილეობით. ამასთან საბოლოო თანხა გამოთვლილია შემცირებული ნაშთის მეთოდით, 15%-იანი ცვეთის დარიცხვით, რაც არ შეესაბამება სსკ-ის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სტენდები, ლაითბოქსები და მსგავსი მატერიალური აქტივების, რომელსაც პირი იყენებს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია, წარმოადგენს ძირითად საშუალებას და აღნიშნულ ნაწილში ქონების გადასახადის დარიცხვა მართებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამნენტს უნდა დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს მითითებული ქონების ძირითად საშუალებად განხილვის საფუძველზე დარიცხული ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად:

საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2 და 2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹ ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“ სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: „2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:

„2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2² . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.

ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლებმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სტენდების, ლაითბოქსების და მსგავსი აქტივების ძირითად საშუალებად განხილვის შედეგების გათვალისწინებით გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3. აუდიტის დეპარტამნენტს დაევალოს, გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სტენდები, ლაითბოქსები და მსგავსი მატერიალური აქტივების ძირითად საშუალებად განხილვის საფუძველზე დარიცხული ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. სსკ-ის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

7. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი აღმშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ქ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სტენდების, ლაითბოქსების და მსგავსი აქტივების ძირითად საშუალებად აღიარებას და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული მოგებისა და ქონების გადასახადების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად საწარმო შპს-ს უწევს სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებას. აღნიშნულისთვის ახორციელებს თავის საკუთრებაში არსებული სიგარეტის სტენდები, ლაითბოქსების განთავსებას სხვადასხვა სარეალიზაციო პუნქტებში, რომლებსაც გააჩნიათ საექსპლუატაციო მომსახურების ერთ წელზე მეტი ვადა. საზოგადოება ზემოთ მოცემულ დაუმონტაჟებელ ძირითად საშუალებებს აღრიცხავს სმფ-ებში. შემოწმებით დაკორექტირდა საწყისი და საბოლოო სმფ-ები რის შედეგდაც საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

ასევე ირკვევა, რომ ძირითადი საშუალებებს არ რთავას ქონების დასაბეგრ ბაზაში. შემოწმებით საწარმოს დაერიცხა ქონების ძირითადი გადასახადი და ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

 

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის საკითხი, ასევე შეისწავლოს ქონების ძირითად საშუალებად განხილვის საფუძველზე დარიცხული ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

ამასთან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(28); 8(31); 100(1); 105; 111(2); 112; 145; 201(1,,ა“); 269(21); 275