გადაწყვეტილება №19798/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 19798/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19798/2/2023

05 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19798/2/2023).

 

დავის საგანი:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირზე გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №005-218 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9789 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 457,67 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 45 175

დღგ - 4 428

საშემოსავლო გადასახადი - 39 262

ქონების გადასახადი - 1 485

ჯარიმა - 21 702

საურავი - 17 580,67

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით გადახურვის სამუშაოების შესრულება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 27 მაისს, ხოლო 2018 წლის 11 ივლისს მიიღო მცირე მეწარმის სტატუსი.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 სექტემბრის №23032 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ „----------“ (ს/ნ 47101048027) და მომჩივანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა როგორც შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის, მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენება საშემოსავლო გადასახადისგან თავის ასარიდებლად. შედეგად, მომჩივნის მიერ ი/მ „----------“-სთვის გადარიცხული თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33489 ბრძანება და №005-218 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9789 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ი/მ „----------“ (მომჩივანი) მიერ ი/მ „----------“-სთვის გადარიცხული თანხების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, კვალიფიკაციის ცვლილება, ხელფასის სახით განაცემად განხილვა და აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2014 წლის 24 მაისს გადასახადის დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ. საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს შენობა-ნაგებობების სახურავების გადახურვა. 2018 წლის 11 ივლისს მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი, რომლითაც სარგებლობს დღემდე.

2018 წლის 28 მაისიდან დღემდე მონაწილეობას ღებულობს ---------- მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები ---------- სხვადასხვა რაიონულ გამგეობებთან, კერძოდ: ---------- რაიონი ----------, ხელშეკრულება N----------;---------- ხელშეკრულება N----------; ---------- ხელშეკრულება N----------; ---------- რაიონი ----------ხელშეკრულება N----------;---------- რაიონი ----------, ხელშეკრულება N----------; ----------, ხელშეკრულება N ----------; ----------, ხელშეკრულება N ----------; ---------- რაიონი ----------, ხელშეკრულება N----------, ხელშეკრულება N----------; ---------- რაიონი ----------, ხელშეკრულება N----------.

სატენდერო სამუშაოების დაწყების შემდგომ მის მიერ 2018-2020 წლებში ინდ. მეწარმე „----------“-სთან, რომელიც ასევე სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით, გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები სარემონტო-სამონტაჟო მომსახურების შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში აღმოეჩინა დახმარება საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების და წყალსაწრეტი მილების აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც „----------“ მიერ შესრულებული იქნა სამუშაოები თბილისის სხვადასხვა რაიონებში, მის მიერ მითითებულ რამდენიმე მისამართზე, რომლის დასრულების შემდგომ მათ შორის გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტები.

აღნიშნული შემოსავალი „----------“ მიერ არსებული წესის შესაბამისად დეკლარირებული იქნა საგადასახადო სისტემაში და გადახდილი იქნა საშემოსავლო გადასახადი კანონით გათვალისწინებული 1% ოდენობით. საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №5-ის მიხედვით, ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) (მომჩივანი) და ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები დაკვალიფიცირდა როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენება საშემოსავლო გადასახადისაგან თავის ასარიდებლად, რის გამოც „----------“-სთვის გადარიცხული თანხები განისაზღვრა როგორც ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით 20%-ით დაბეგვრას. აღნიშნული სრულად იქნა გაზიარებული შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვისას და 04.05.2023 წლის N9789 ბრძანებით უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, რაც არამართლზომიერია შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტიდან ირკვევა, ი/მ „----------“-სათვის (მომჩივანი), დამატებითი გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების დარიცხვას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია /დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) და ი/მ „----------“ (----------) (მომჩივანი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები დაკვალიფიცირდა როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენება საშემოსავლო გადასახადისაგან თავის ასარიდებლად და ი/მ „----------“-სათვის გადარიცხული თანხები განისაზღვრა ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით 20%-ის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც დამატებითი გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების დარიცხვისას, ასევე საჩივრის განხილვისას, სწორი შეფასება ვერ მისცა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მისგან გამომდინარე ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი.

საქმეში წარმოდგენილია ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) და ი/მ „----------“ (----------) (მომჩივანი) შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები მომსახურების განხორციელების შესახებ, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ი/მ „----------“ მიერ მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული იქნა მომსახურება საცხოვრებელი სახლების სახურავების სარემონტო-სამონტაჟო საქმიანობის შესახებ, საიდანაც მიღებული შემოსავალი, როგორც შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ, დეკლარირებული იქნა საგადასახადო სისტემაში და გადახდილი იქნა საშემოსავლო გადასახადი კანონით გათვალისწინებული 1% ოდენობით.

აღნიშნული სამეურნეო ოპერაცია სრულ შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 14 მუხლის 1 ნაწილის „ა“, „ბ“, ქვეპუნქტების თანახმად, მომსახურებად ითვლება სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო საქმიანობა, რომელიც შესრულებული იქნა ი/მ „----------“ შემთხვევაში.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და 90-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მიღებული შემოსავალი რომ ჩაითვალოს ხელფასის სახით განაცემად, აუცილებელია არსებობდეს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული პირობები, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა ერთ თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება, ამასთანავე შრომითი ხელშეკრულების შინაარსში მითითებული უნდა იყოს მისი არსებითი პირობები, როგორიცაა: შრომის ანაზღაურება, სამუშაოს ხანგრძლივობის დრო, დასვენების დრო, შვებულება, და სხვა. რასაც ადგილი არ ქონია განსახილველ შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საკითხის სამართლებრივი შეფასებისას და გადასახადების დარიცხვისას ეხელმძღვანელა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და არა საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაციით, რომელიც არ შეიცავს ისეთი სახის დამატებით ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დასდებოდა გადამხდელისათვის დამატებითი გადასახადების დარიცხვას, მით უმეტეს რომ გამოძიების სტადიაზე მოპოვებული მასალები არ შეიძლება სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტად ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამასთანავე გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ი/მ „----------“ მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, თითქოსდა არასწორად იქნა წარდგენილი გამოცდილების დასადასტურებლად ი/მ „----------“-თან (მომჩივანი) გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რაც ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან ---------- შესაბამისი გამგეობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, რომლებიც შეეხებოდა სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას, სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად მოთხოვნილი იქნა სწორედ სახურავების შეკეთების ანალოგიური სამუშაოების (ქანობიანი, ბრტელი სახურავი და წყასაწრეტი მილი) გამოცდილება, რაც გააჩნდა ი/მ „----------“ ი/მ „----------“-თან (მომჩივანი) გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად და წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი წესით შესაბამის შემსყიდველ ადმინისტრაციულ ორგანოში. ამდენად მოცემულ შემთხვევაში თუ რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი სრულიად გაუგებარია და არც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის სამოტივაციო ნაწილში არის გარკვევით დასაბუთებული. სამოტივაციო ნაწილში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ სახელმწიფო შესყიდვებში ი/მ „----------“ (მომჩივანი) თითქოსდა არ ქონდა ქვეკონტრაქტორის გამოყენების უფლება, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ი/მ „----------“ (მომჩივანი) მიერ გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებიდან, მხოლოდ ---------- რაიონის გამგეობასთან გაფორმებულ ერთადერთ ხელშეკრულებაშია (დანართი N7, ს/ფ N29, პუნქტი 13.2.) აღნიშნული, რომ სუბკონტრაქტორი არ გამოიყენება, რაც არ წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს, სუბკონტრაქტორი ნიშნავს ქვეკონტრაქტორის მიერ დაქირავებულ სხვა პირს, მოცემულ შემთხვევაში სამუშაოების შესრულებაში ჩართული არ ყოფილა ქვეკონტრაქტორი ან/და სუბკონტრაქტორი. ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ „----------“ მცირე ბიზნესის სტატუსის გადამხდელად რეგისტრაცია გამოყენებული იქნა თითქოსდა საშემოსავლო გადასახადისგან თავის ასარიდებლად, ვინაიდან ხელშეკრულების მეორე მხარე, ი/მ „----------“ (მომჩივანი) ასევე სარგებლობდა და სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით, რაც ასევე გამორიცხავს ი/მ „----------“ მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენებას გადასახადების შემცირებასთან მიმართებაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ი/მ „----------“ (მომჩივანი) მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების/საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოკვლეულ იქნა ი/მ „----------“ (მომჩივანი) და ი/მ „----------“ საქმიანობის დეტალები და დაკითხულ იქნა საქმესთან დაკავშირებული პირები. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადმოგზავნილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში, რომლიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წვდომა (დეკლარაციების წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა) ი/მ „----------“ სახელით ხორციელდება მხოლოდ „----------“ (მომჩივანი) და ---------- სახელზე რეგისტრირებული IP მისამართებიდან. გარდა ამისა, ი/მ „----------“ სახელით სხვადასხვა სუბიექტებისათვის 2019-2022 წლებში მიწოდებული მომსახურების ირგვლივ შემსყიდველთა წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შესასრულებელ სამუშაოებზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ და პასუხისმგებელი პირები იყვნენ „----------“ (მომჩივანი) და მისი ბიძა, ----------. ი/მ „----------“ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისათვის ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი აქვს ი/მ „----------“-თან (მომჩივანი) გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, მაშინ, როდესაც ი/მ „----------“ არ უფიქსირდება შესაბამის ობიექტებზე მასალის გადაზიდვის და ამავე პერიოდში მუშა პერსონალზე ხელფასების გაცემის ფაქტი. „----------“ (მომჩივანი) კი განმარტავს, რომ აღნიშნულ ობიექტებზე მასალები არის მისი შეძენილი, ხოლო „----------“ შეასრულა მხოლოდ ხელობის სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულ სახელმწიფო შესყიდვებში, ი/მ „----------“ (მომჩივანი) არ ჰქონდა ქვეკონტრაქტორის გამოყენების უფლება, მაშინ, როდესაც ამავე სამუშაოებზე მას ი/მ „----------“-თან შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების აქტები.

საბჭო განმარტავს, რომ პირის მიერ მომსახურების გაწევასა და დაქირავებული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას შორის ერთერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს დამოუკიდებლობა. ამრიგად, თუ პირის მიერ საქმიანობის განხორციელების დრო, ადგილი, მოცულობა და შინაარსი არ არის მასზე დამოკიდებული, პირის მიერ შესრულებული სამუშაო მიიჩნევა, როგორც დაქირავებული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირზე გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მომჩივანის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების/საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოკვლეულ იქნა მომჩივანი და მისი კოსტრაქტორი პირის საქმიანობის დეტალები და დაკითხულ იქნა საქმესთან დაკავშირებული პირები. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადმოგზავნილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში, რომლიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წვდომა (დეკლარაციების წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა) კონტრაქტორის სახელით ხორციელდება მხოლოდ მომჩივანის და მისი ბიძის სახელზე რეგისტრირებული IP მისამართებიდან. გარდა ამისა, კონტრაქტორის სახელით სხვადასხვა სუბიექტებისათვის 2019-2022 წლებში მიწოდებული მომსახურების ირგვლივ შემსყიდველთა წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შესასრულებელ სამუშაოებზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ და პასუხისმგებელი პირები იყვნენ მომჩივანი და მისი ბიძა. კონტრაქტორ პირს ტენდერებში მონაწილეობის მიღებისათვის ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი აქვს მომჩივანთან გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, მაშინ, როდესაც კონტრაქტორ პირს არ უფიქსირდება შესაბამის ობიექტებზე მასალის გადაზიდვის და ამავე პერიოდში მუშა პერსონალზე ხელფასების გაცემის ფაქტი. მომჩივანი კი განმარტავს, რომ აღნიშნულ ობიექტებზე მასალები არის მისი შეძენილი, ხოლო კონტრაქტორმა პირმა შეასრულა მხოლოდ ხელობის სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულ სახელმწიფო შესყიდვებში, მომჩივანს არ ჰქონდა ქვეკონტრაქტორის გამოყენების უფლება, მაშინ, როდესაც ამავე სამუშაოებზე მას კონტრაქტორ პირთან შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების აქტები.

საბჭო განმარტავს, რომ პირის მიერ მომსახურების გაწევასა და დაქირავებული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას შორის ერთერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს დამოუკიდებლობა. ამრიგად, თუ პირის მიერ საქმიანობის განხორციელების დრო, ადგილი, მოცულობა და შინაარსი არ არის მასზე დამოკიდებული, პირის მიერ შესრულებული სამუშაო მიიჩნევა, როგორც დაქირავებული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.