სააპელაციო სასამართლოს განჩინება N ბ-3/293/22

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.11.2022
№ დოკუმენტი ბ-3/293/22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/ბ- 293-22წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი 2022წ.

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები: შოთა სირაძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,------"

წარმომადგენელი - ა.თ

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგნელი - შ.კ

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) -საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგნელი - გ.ბ

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „--------” სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2019 წლის 29 აგვისტოს შპს „--------” წარმომადგენელმა ა. თ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა 21.05.19 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის NoCB990673 ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 19.06.19 წლის N19974 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 02.08.19 წლის N8696/2/2019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნებს იმ გარემოებებზე ამყარებდა, რომ შპს „--------” კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე (სახ. ნომერი: ------, მძღ. ო.ა) საერთო დისტრიბუციის ზედნადები Nელ-0452275779, თანხით 545.5 ლარი, გააქტიურდა 21.05.19 წელს 08:11 სთ-ზე, რომელი ზედნადებითაც იმავე დღეს სულ გაიწერა 22 ერთეული ქვე-ზედნადებები საერთო ღირებულებით 513.25 ლარი.

 

პირველი ქვე-ზედნადები მყიდველს ჩაბარდა 21.05.19 წელს 9:34 სთ-ზე, მე-2 - 21.05.19 წელს 10:02 სთ-ზე, მე-3 - 21.05.19 წელს, 10:11 სთ-ზე და ა.შ. ანუ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხსენებული სატრანსპორტო საშუალების ინვენტარიზაციის ჩატარების დრომდე 21.05.19 წლის 12:46 სთ-ი, მყიდველზე სულ ჩაბარებული იყო 22 ერთეული ქვე- ზედნადებიდან 18.

 

მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებთან პრობლემა შექმნა იმ გარემოებამ, რომ ზემოაღნიშნულ საერთო და ქვე-ზედნადებებს, მათ შორის მონიტორინგის განხორციელებამდე მყიდველებზე უკვე ჩაბარებული ტრანსპორტირების დაწყების თარიღად შეცდომით ფიქსირდებოდა ჯერ არ დამდგარი 21.05.19 წლის 19:17:25 სთ.

 

ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საერთო დისტრიბუციის ზედნადებების გამომწერმა საწარმოს თანამშრომელმა დაუშვა უნებლიე შეცდომა და ე.წ. „კოპიფეისტით" გადმოტანილ ზედნადებში არ გაასწორა ტრანსპორტირების დაწყების დრო, ანუ მიმდინარე რეალური დროის ფიქსირება არ მოახდინა, რამაც თავის მხრივ ტექნიკურად განაპირობა ქვე-ზედნადებებში იგივე არასწორი დროის გადატანა, მონიტორინგის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალებაზე რეალურად/ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციების მონაცემები (შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე იმ დღეს, იმ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ელექტრონულად ატვირთული ზემოხსენებული ზედნადებებით, ასევე უკანდაბრუნების ზედნადებების მონაცემებიდან გამომდინარე, საქონლის ტრანპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე არ ფიქსირდება) და დაადგინეს - 60.2 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 21.05.19 წელს ხსენებულ „სამართალდარღვევაზე" შედგენილი იქნა რა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია CB990673, დადგენილი წესის თანახმად იგი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.06.19 წლის N19974 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოტივი: შეწარმე სუბიექტი სარეალიზაციო პროდუქციის ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

შემოსავლების სამსახურის 19.06.19 წლის N19974 ბრძანება დადგენილი წესის თანახმად გასაჩივრდა რა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში იმაზე მითითებით, რომ ადგილი არ ჰქონია სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას, რამეთუ ხსენებულ ფაქტობრივ გარემოებათა გამო ადგილი ჰქონდა მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზსა და შეცდომას, დავების განხილვის საბჭოს 02.08.19 წლის N8696/2/2019 გადაწყვეტილებით, საჩივარი ამჯერადაც არ დაკმაყოფილდა იმავე მოტივაციით, რა მოტივაციითაც არ დააკმაყოფილა საჩივარი შემოსავლების სამსახურმა.

 

მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლებმა წარმოდგენილ შესაგებლებსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „--------” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

ქუთაისი საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ:

მოსარჩელე შპს „--------” კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე (სახ. ნომერი: ------, მძღ. ო.ა) საერთო დისტრიბუციის ზედნადები Nელ-0452275779, თანხით 545.5 ლარი, გააქტიურდა 21.05.19 წელს 08:11 სთ-ზე, რომელი ზედნადებითაც იმავე დღეს სულ გაიწერა 22 ერთეული ქვე-ზედნადებები, საერთო ღირებულებით 513.25 ლარი.

21.05.2019 წლის NCB990673 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - 5000 ლარის ოდენობით,შემოსავლების სამსახურის 19.06.2019 წლის N19974 ბრძანებით შპს „--------” საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მიერ ფიქსირდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელის მიმართ 21.05.2019 წლის NCB990673 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს N8696/2/2019 გადაწყვეტილებით, შპს „--------” საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასმართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სასაქონლო ზედნადების შექმნა (შევსება) და ატვირთვა წარმოადგენს თუ ზედნადების ამოქმედებას, გააქტიურებას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 07 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე Nბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის”.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით _ საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 

ამავე კოდექსის 286.1 მუხლის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს ასევე „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება, რომლის 72.1 მუხლის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ზემოაღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს.

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 2019 წლის 21 მაისს გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------, რა დროსაც დადგინდა, რომ ო.ა (პ/ნ --------1) ახდენდა შპს „--------” სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (60.2 ლარის ღირებულების პური) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს „--------” დაჯარიმდა 5000 ლარით.

 

სასამართლომ გაიზიარა დავის განმხილველი ორგანოების განმარტება და დასკვნა იმის თაობაზე, რომ სასაქონლო ზედნადების ატვირთა და მისი გააქტიურება არ არის ერთმანეთის იდენტური ქმედება. სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, მისი შემადგენელი ყველა სტრიქონის შევსება, ავტომატურად არ გულისხმობს მის გააქტიურებას. ამასთან საგადასახადო მიზნებისათვის, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას განმსაზღვრელია სწორედ სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დრო.

 

როგორც აღინიშნა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბტძანებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონია. საგადასახადო საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც გულისხმობს როგორც სასაქონლო ზედნადების არარსებობას, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და მისი სათანადო წესით აუმოქმედებლობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისას სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული არ ყოფილა, ხოლო მისი მოგვიანებით გააქტიურება, როდესაც ელექტრონულად სასაქონლო ზედნადები შემოწმებისას ამოქმედებული არ იყო, არ გამორიცხავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობას (იხ. ანალოგიურ საქმეზე საქართველოს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება Nბს-590-587(კ-17) 09 ნოემბერი, 2017 წელი).

 

სასამართლომ. მიიჩნია, რომ მოსარჩელეს (გადასახადის გადამხდელს) მეტი წინდახედულობა რომ გამოეჩინა, თავიდან აირიდებდა 21.05.2019 წლის NCB990673 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებულ სანქციას, მით უფრო რომ შპს „--------” მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2006 წლის 27 ივლისიდან და მისთვის ცნობილი უნდა იყოს სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ტრანსპორტირების შედეგები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე ბს-222–219(კ-14), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ _ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. იურიდიული პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი ყოველთვის წარსულს (მოქმედება ან უმოქმედობა) აფასებს და დადგება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევისათვის. იურიდიული პასუხისმგებლობა სამართლის ნორმების დარღვევის გარდაუვალი შედეგია. იურიდიული პასუხისმგებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, სამართლის ნორმებთან, ფიზიკური პირებისა და მათი გაერთიანებების ვალდებულებასთან და მართლსაწინააღმდეგო ქცევასთან. პასუხისმგებლობის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს წინაპირობები: პირის ბრალეულობა, მისი ქცევის მართლწინააღმდეგობა, მიყენებული ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მის ქცევასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობას, იურიდიული ფუნქციის გარდა, სოციალური ფუნქციაც გააჩნია. საგადასახადო პასუხისმგებლობის სოციალური ფუნქცია საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილების ზოგადი და კერძო პრევენციით ხორციელდება.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება, ანუ პრინციპთა ერთიან სისტემას, რომლებიც ასახავენ მის შინაარსს, არსს, ფუნქციებსა და რეალიზაციის ფორმებს. საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით. საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში, სრულად შეესაბამებოდა კანონს და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „--------” წარმომადგენელმა ა.თ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სამართლებრივად არასწორადაა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და

შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული, კერძოდ: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადაო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელე - მეწარმე სუბიექტის მიერ სასაქონლო ზედნადები ელ-0452275779 ელექტრონულად გამოწერილია 21.05.19 წლის 08:11 სთ-ზე, ანუ შედგენილია ამ დროისათვის. ამასთან, სადაო არაა ასევე ის გარემოებაც, რომ ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე იმავდროულად გამოწერილია (შედგენილია) 22 ერთეული ქვე-ზედნადებები, საიდანაც 18 ერთეული ქვეზედნადებით, დროის გარკვეული შუალედით/ინტერვალით საქონელი მიწოდებული და ჩაბარებული აქვს მყიდველს იმავე დღეს მონიტორინგის განხორციელებამდე (12:46 სთ), რისი დასტურიცაა შესაბამის ქვეზედნადებების მე-18 გრაფაში აღნიშნუილი მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი, ანუ დრო (რა გარემოებაც, მითითებულ დროს, მითითებული მყიდველისათვის საქონლის მიწოდება და ჩაბარება სადაო არაა). ე.ი. ფაქტია, რომ მოსარჩელე-გამყიდველმა მხარემ ძირითადი სასაქონლო ზედნადები (სადაც მითითებული არაა კონკრეტული მყიდველი მხარე დისტრიბუციიდან გამომდინარე) საერთო ჯამში 545.5 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სარეალიზაციო პურზე, ელექტრონულად გამოწერა (შეადგინა) 21.05.19 წელს 08:11 სთ-ზე და შესაბამისად ამისა დაარეგისტრირა იგი კიდევაც შემოსავლების სამსახურის ვებ. გვერდზე, რასაც იმავდროულად, ავტომატურ რეჟიმში, პროგრამულად შემოსავლების სამსახურის მიერ მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი ელ-0452275779, რის საფუძველზედაც ყოველი კონკრეტული მყიდველი მხარისთვის საქონლის მისაწოდებლად (დისტრიბუცია), ტრანსპორტირების დაწყებისას გამოწერილი იქნა შესაბამისი ქვეზედნადებები, ე.წ. ძირითადი ზედნადების ჩაშლა, რაზედაც დატანილი იქნა, როგორც ძირითადი სასაქონლო ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი ელ- 045227577, ასევე კონკრეტული მყიდველი მხარის მონაცემები და ამ გზით, სულ 22 ქვეზედნადებიდან იმავე დღესვე, მონიტორინგის ჩატარებამდე (12:46 სთ) განხორციელებულია სულ 18 ერთეული ქვეზედნადებით კონკრეტულ მყიდველ პირებზე საქონლის მიწოდება და ჩაბარება. რა გარემოებაც აისახა კიდევაც ქვეზედნადებების მე-18 გრაფაში, სადაც მიეთითება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი და დრო.

 

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე მეწარმე სუბიექტმა, როგორც ძირითადი ზედნადების, ასევე ქვეზედნადებების მე-2 გრაფაში კი შეცვალა გააქტიურების თარიღი და ასახა 21.05.19 წელი, მაგრამ მე-3 გრაფაში გააქტიურების დრო (19:17:25 სთ) დარჩა გაუსწორებელი, ანუ უცვლელად გადმოტანილი (კოოპირებული) ადრე გამოყენებული ზედნადების მონაცემიდან, რომელიც უნდა ემთხვეოდეს საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღსა და დროს. ეს გარემოება კი, მონიტორინგის სამსახურმა, ისევე როგორც შემდგომში მოპასუხე მხარემ დავის განხილვისას და ასევე სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მიიჩნია საქონლის მიწოდების (ტრანსპორტირების) დაწყების დროდ და შესაბამისსად ამისა მანამდე მიწოდებული საქონელი ჩათვალა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად, მაშინ როდესაც ხსენებული სასაქონლო ზედნადებებით მონიტორინგამდე განხორციელებული მიწოდებები კონკრეტულ მყიდველ მხარეზე კონკრეტული დროის მითითებით (მე-18 გრაფა) სადაო არაა და ეს საქონელი ნამდვილად მიწოდებულია. ამდენად, აღნიშნული გარემოება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ და მხოლოდ სასაქონლო ზედნადების შემდგენელი მხარის ტექნიკურ ხარვეზად და არა სამართალდარღვევად, რამეთუ აქ თუ რაიმე ხარვეზს აქვს ადგილი, იგი დაშვებულია თავად ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი N11-012 დანართის პროგრამული უზრუნველყოფით. კერძოდ, მაგალითისთვის განვიხილოთ ერთი შემთხვევა: დავუშვათ გამყიდველმა “ მხარემ სასაქონლო ზედნადები შეადგინა და დაარეგისტრირა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 21.05.22 წელს 09:00 სთზე და მის მე-3 გრაფაში სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დრო (ანუ საქონლის ტრანსპორტირების ან მიწოდების დაწყების დრო) ნებსით თუ უნებლიეთ მიუთითა იმავე დღის 19:00 სთ, მაგრამ რეალურად მოხდა ისე, რომ საქონლის ტრანსპორტირება დაიწყო და დასრულდა, ანუ ზედნადებში მითითებულ მყიდველს მიეწოდა და ჩაბარდა საქონელი იმავე დღის 13:00 სთ-ზე, ე.ი. იმავე ზედნადების მე-3 გრაფაში მითითებულ გააქტიურების დრომდე. გამომდინარე აქედან, საქონლის მიწოდების-ჩაბარების დროდ იმავე ზედნადების მე-18 გრაფაში 13:00 სთ-ზე მითითების შესაძლებლობას, მე-3 გრაფაში გააქტიურების თარიღის (19:00 სთ) შეუცვლელად, თავად პროგრამა არ უნდა იძლეოდეს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულირება და გაუგებრობა .

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების მე-3 გრაფაში მისი გააქტიურების დროდ ნაჩვენები - 19:17:25 საათი შეიძლება განხილული იქნას მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზად და არა სამართალდარღვევად. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა თანაზომიერების პრინციპი, კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობა, რაც გაუმართლებელია სწორი საგადასახადო პოლიტიკის წარმოებისა და ადეკვატური ადმინისტრირების პროცესის დამკვიდრებისთვის. მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებით სამართალდარღვევად მიიჩნევა ისეთი ქმედება, როდესაც ადგილი აქვს სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებას," რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის საკანონმდებლო დეფინიციით - 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე (რისი განხორციელებაც მოცემულ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია). ამავე კოდექსის 269-ე მუხლის დანაწესით კი - 1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, რა შემთხვევასაც აქვს კიდევაც ადგილი მოცემულ შემთხვევაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შპს „--------” სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა– დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, 832; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

სააპელაციო. სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) $$ 38-42).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი საქართველოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (1-ლი მუხ.).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, რომელიც არღვევს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.1 მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ამავე კოდექსის 136.4 მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას

მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განხორციელების, ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირები, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები. მე-3 ნაწილით დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ _ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნიან შემოსავლების სამსახურის იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ამდენად, სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.

 

საქმეში არსებული 21.05.2019 წლის CB990673 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ო.ა (პ/ნ. --------) ახორციელებდა შპს „--------” პურის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 60 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი ------), სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი შპს „--------” მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

საჩივრის ავტორმა შპს „--------” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვია ტექნიკურმა ხარვეზმა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საგადასახადო კონტროლის განხორციელების შემდეგ, ამდენად საჩივრის ავტორმა მოითხოვა სადაო ოქმის გაუქმება და საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლით საფუძველზე, შპს „--------” საგადასახადო კოდექსის 286.2 მუხლის სანქციისგან გათავისუფლება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 19.06.2019 წლის N19974 ბრძანებით შპს „--------” საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბს-222-219 (3-14) განჩინებით გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვით იმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო აახუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

 

საქმეზე არსებული მასალებით და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე დაადგინა, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთანავე შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას (ს.ფ. 18-19).

ზემოაღნიშნული ბრძანება (19.06.2019 წლის N19974) შპს „--------” წარმომადგენელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „--------” კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაზე საერთო დისტრიბუციის ზედნადები ელ-0452275779, თანხით 454.5 ლარი „გააქტიურეს" 2019 წლის 21 მაისს 08 საათსა და 11 წუთზე. აღნიშნული საერთო ზედნადებით იმავე დღეს სულ გაიწერა 21 ქვე-ზედნადები საერთო ღირებულებით 513.25 ლარი. ამასთან ერთად ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ პირველი ქვე- ზედნადები მყიდველს ჩაბარდა 21.05.2019 წელს 09:34 საათზე, მეორე 12.05.2019 - 10:02 საათზე, მესამე 21.05.2019 - 10:11 საათზე და ა.შ. შემოსავლების სამსახურის ოფიცრების მიერ ბორტის ინვენტარიზაციის ჩატარების დრომდე 2019 წლის 21 მაისი 12:46 საათი მყიდველზე სულ 22 ერთეული ქვე-ზედნადებიდან ჩაბარებული იყო უკვე 18 ქვე- ზედნადები.

 

ოფიცრებთან ე.წ. „პრობლემა" შექმნა იმ გარემოებამ, რომ საერთო და ქვე-ზედნადებებს ყველას ტრანსპორტირების დაწყების თარიღად უფიქსირდება 21.05.2019 წელი 19:17 საათი. ის რომ ზედნადების გამომწერმა თანამშრომელმა დაუშვა უნებლიე შეცდომა მონაცემთა კოპირების ან დროის აღნიშვნისას, არ გაითვალისწინეს ოფიცრებმა. ამდენად საჩივრის ავტორის აზრით ეს იყო შეცდომა, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.5 მუხლის შესაბამისად არსებითი გავლენა არ შეიძლებოდა ჰქონოდა შედეგზე.

 

დავების განხილვის საბჭოს 08.08.2019 წლის N8696/2/19 გადაწყვეტილებით, შპს „--------” საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010

წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

 

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივნის მიერ მითითებული ელ-0452275779 სასაქონლო-ზედნადები შექმნილია 21.05.2019 წელს 08:11 საათზე, ხოლო გააქტიურებულია იმავე თარიღში 19:17 საათზე.

 

ზემოაღნიშნული ზედნადების ქვე-ზედნადებები გააქტიურებულია 21.05.2019 წელს 19:17 საათზე, ხოლო შექმნის დროები განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ავტომობილის გადამოწმება დაიწყო 21.05.2019 წელს 12:46 საათზე, ხოლო ოქმი შედგა 21.05.2019 წელს. ის ფაქტი, რომ ზედნადების შექმნის თარიღი უსწრებდა გადამოწმებას, ვერ ჩაითვლება ფაქტის სამართალდარღვევის ბათილობის საფუძვლად, რადგან შემმოწმებელთა მხრიდან ზედნადები არსებულად ჩაივლებოდა მხოლოდ მისი აქტივაციის დროიდან ანუ 19:17 საათიდან.

 

პალატა მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 24.1 მუხლზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), (საათი, მე-3 სტრიქონში ამოქმედების დრო (გააქტიურების) წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადების ატვირთა და მისი გააქტიურება არ არის ერთმანეთის იდენტური ქმედება. სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, მისი შემადგენელი ყველა სტრიქონის შევსება, ავტომატურად არ გულისხმობს მის გააქტიურებას. ამასთან, საგადასახადო მიზნებისათვის, სამეწარმეო საქმიანობისთვის განმსაზღვრელია სწორედ განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას -სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დრო.

 

ზემოაღნიშნულ ბრძანებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც გულისხმობს, როგორც სასაქონლო ზედნადების არარსებობას, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და მისი სათანადო წესით აუმოქმედებლობას.

 

ამდენად, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „--------” (ს/ნ.--------) მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლის მოთხოვნა, შესაბამისად სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.2 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემადგენლობა სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ჩადენილი განმეორებით, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ 2019 წლის 21 მაისს სრულიად კანონიერად იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი NCB990673 შპს „--------” მიმართ და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის N19974 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს N8696/2/2019 გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიუთითა იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტებს. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს/ შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო სარჯები:

აპელანტს, შპს „--------” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.შპს „--------” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი;

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N°32).

 

მოსამართლეები:

შოთა სირაძე

ხათუნა ხომერიკი

ლერი თედორაძე