გადაწყვეტილება №24175/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.12.2024
№ დოკუმენტი 24175/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24175/2/2024

25 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 23.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება;

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2024 წლის N 067-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის N 20530 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 282 503 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 379 577

დღგ - 537 364

საშემოსავლო გადასახადი - 842 213

ჯარიმა - 689 789

საურავი - 213 137

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 31.05.2024 წლის N 12928 ბრძანება და N 067-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის N 20530 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

კომპანია ფუნქციონირებს 2020 წლის იანვრის თვიდან და აწარმოებს მზა პროდუქციას (სარესტორნო კერძებს). კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში საწარმოო ნედლეულის (ყველი, ხორცი, და სხვა) დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებებით) შეძენა უფიქსირდება მცირე რაოდენობით. კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ხოლო საბუღალტრო აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირს არსებული შესყიდვის აქტები, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის მასალების არ წარუდგენია. ვინაიდან კომპანიას შეწყვეტილი ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა 2023 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდიდან, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიაში ვერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები.

ამდენად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2020 წლამდე იმავე რესტორანში მოქმედ კომპანიაში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის, ფიქსაციის აქტის (რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნა ფასნამატის გაანგარიშებისთვის), ასევე დათვალიერების, დაკვირვების და ქრონომეტრაჟის საფუძველზე, კერძოდ:

ა) შეძენილ საქონელზე, რომელსაც არ სჭირდებოდა დამუშავება ან კერძად მომზადება და პირდაპირ ხდებოდა მისი რეალიზაცია, გამოყენებული იქნა „ფასნამატის გავრცელების მეთოდი“. კერძოდ, დამუშავდა კომპანიის სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები და მიენიჭა შესაბამისი კატეგორიები. გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელსაც გამოაკლდა კატეგორია „ნედლეულის“ თვითღირებულება. დარჩენილ რპთ-ზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის (იმავე რესტორნის) აუდირებული ფასნამატი.

ბ) ცალკე გაანგარიშდა მზა პროდუქციის წარმოების პროცესიდან მიღებული შემოსავალი, რა დროსაც გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის (იმავე რესტორნის) აუდირებულ კომპანიაში ჩატარებული ქრონომეტრაჟის მონაცემები. დამუშავდა რესტორნის მენიუ ჩეკები და დადგინდა, რომ 1 ლარის ალკოჰოლურ სასმელზე მზადდებოდა და იყიდებოდა 2.08 ლარის მზა პროდუქცია. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კომპანიას საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოში 2024 წლის 25 ივლისს 14:00 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2024 წლის 5 სექტემბერს 15:20 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, იმავე რესტორანში მოქმედ კომპანიაში დადგენილი აუდირებული ფასნამატის და მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად დადგენილი ინფორმაციის გამოყენება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

შემოწმების პროცესში გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე აუდიტორს გამოყენებული აქვს პროპორცია 1/2.08, რაც ნიშნავს იმას რომ ერთი ლარის ღირებულების ალკოჰოლურ სასმელზე ხდებოდა 2.08 თვითღირებულების მზა პროდუქციის რეალიზაცია, რასაც ცალსახად არ ეთანხმება და დამატებით წარმოადგენს საბუღალტრო პროგრამის ჩანაწერებს და პირველად დოკუმენტაციას. აუდიტორი არასწორად განმარტავს საკითხს წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, კერძოდ წარმოების დაწყების მიბმას ბუნებრივი აირის დანახარჯებთან, ვინაიდან საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო 2020 წლის იანვარში, მოგეხსენებათ ეს არის ზამთრის პერიოდი, საწარმოს ობიექტზე, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული ჰქონდა ცენტრალური გათბობა და ორი დამოუკიდებელი გაზის გამათბობელი, რომლის შესყიდვის დოკუმენტიც გადამხდელს მიღებული აქვს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, გამათბობლებიც და ცენტრალური გათბობაც ობიექტის გასათბობად მუდმივად ჩართული ჰქონდა საწარმოს, გარდა იმ სეზონებისა როცა საწარმოს არ სჭირდებოდა გათბობის სისტემის გამოყენება, ამას ადასტურებს ბუნებრივი აირის ხარჯვაც მოცემული პერიოდებისთვის. დამატებით მტკიცებულებად წარმოადგენს ბუნებრივი აირის ღირებულებას, რაც წლების, თვეების ჭრილში გადახდილი აქვს საწარმოს, გადახდებითაც დეტალურად ჩანს, რომ ბუნებრივი აირის დანახარჯები სეზონურად იმატებს და იკლებს. ამიტომ წარმოების დაწყების დაკავშირებას ბუნებრივი აირის დანახარჯებთან არ ეთანხმება. შემოწმების აქტით დარიცხული შემოსავლები ცალსახად ეწინააღმდეგება საწარმოს მიერ გაღებული თუნდაც ბუნებრივი აირის ხარჯვის პროპორციას, ვინაიდან საწარმოს ამ რაოდენობის შემოსავლების მიღების პირობებში ბუნებრივი აირის ხარჯის ოდენობა დაახლოებით 10-ჯერ უნდა გაზრდილიყო. ასევე აღნიშნავს, რომ საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო 2020 წლის იანვარში და მაგ პერიოდისთვის დაიწყო პანდემია COVID-19, რომლის გამოც საწარმომ არამარტო 2020 არამედ შემდგომ წლებშიც (2021- 2022) ვერ შეძლო სრული დატვირთვით ფუნქციონირება. აუდიტორი აქტში არ განმარტავს რომ საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ორი კოდი გააჩნია, კერძოდ I.56.10.0 რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები I.56.30.0 სასმელებით მომსახურების საქმიანობების რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება აქტის გათვლებს, ვინაიდან საწარმო ეწევა როგორც საკვები პროდუქტების წარმოება-რეალიზაციას, ასევე ახდენს შესყიდული ალკოჰოლური სასმელების მაღაზიიდან რეალიზაციას, მაღაზია მდებარეობს საწარმოს მიერ იჯარით აღებული საკვები ობიექტის წინ და ამ მაღაზიიდან რეალიზაციაზე გადის ძირითადი ოდენობის ჩამოსასხმელი ლუდი და არამარტო, რასაც ადასტურებს საწარმოს მიერ შეძენილი წასაღებად საჭირო პლასტმასის ბოთლების ოდენობაც. რაც ნიშნავს იმას რომ საწარმოს საქმიანობაზე 1/2.08 პროპორციის გამოყენება შეუძლებელია. წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას და საბუღალტრო აღრიცხვას მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე განმარტავს, რომ საწარმოს საგადასახადო შემოწმება დაინიშნა მაშინ როდესაც საწარმოს შეწყვეტილი ჰქონდა ფუნქციონირება უკვე 6 თვის განმავლობაში. განვმარტავს, რომ გაურკვეველია რა ფასნამატი გაავრცელა აუდიტორმა 2020 წლამდე მოქმედი საწარმოს მონაცემებიდან გამომდინარე ან რა დოკუმენტაციას დაეყრდნო და რამდენად შეესაბამებოდა იმ მონაცემების გამოყენება ამ საწარმოს მდგომარეობას. შესაბამისად არ ეთანხმება ამ საკითხში მოყვანილ არცერთ პოზიციას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოწმებისას დადგინდა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, 2020 წლამდე იმავე რესტორანში მოქმედ კომპანიაში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის, ფიქსაციის აქტის (რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნა ფასნამატის გაანგარიშებისთვის), ასევე დათვალიერების, დაკვირვების და ქრონომეტრაჟის საფუძველზე, კერძოდ: ა) შეძენილ საქონელზე, რომელსაც არ სჭირდებოდა დამუშავება ან კერძად მომზადება და პირდაპირ ხდებოდა მისი რეალიზაცია, ამ ნაწილში გამოყენებული იქნა „ფასნამატის გავრცელების მეთოდი“, კერძოდ შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა კომპანიის სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები და მიენიჭა შესაბამისი კატეგორიები. გამოანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელსაც გამოაკლდა კატეგორია „ნედლეულის“ თვითღირებულება. დარჩენილ რპთ-ზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის (იმავე რესტორნის) აუდირებული ფასნამატი. ბ) ცალკე გაანგარიშდა მზა პროდუქციის წარმოების პროცესიდან მიღებული შემოსავალი, შემოწმებამ გამოიყენა მსგავსი საქმიანობის (იმავე რესტორნის) აუდირებულ კომპანიაში ჩატარებული ქრონომეტრაჟის მონაცემები, კერძოდ დამუშავდა რესტორნის მენიუ ჩეკები და დადგინდა, რომ 1 ლარის ალკოჰოლურ სასმელზე მზადდებოდა და იყიდებოდა 2.08 ლარის მზა პროდუქცია. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო 2020 წლის იანვარში, ამ პერიოდამდე სხვა კომპანია ოპერირებდა, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს მასთან, შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად 2020 წლამდე ამავე ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიის შემოწმებისას და ქრონომეტრაჟის შედეგად დადგენილი მონაცემების გამოყენების შესახებ. ამასთან, როგორც აღნიშნა, საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო 2020 წლის იანვარში და ამ პერიოდისთვის დაიწყო პანდემია COVID-19, რის გამოც საწარმომ არამარტო 2020 არამედ შემდგომ წლებშიც (2021- 2022) ვერ შეძლო სრული დატვირთვით ფუნქციონირება, რაც საგადასახადო ორგანოს შემოწმებისას არ გაუთვალისწინებია. ასევე, ეწევა როგორც საკვები პროდუქტების წარმოება-რეალიზაციას, ასევე ახდენს შესყიდული ალკოჰოლური სასმელების მაღაზიიდან რეალიზაციას, მაღაზია მდებარეობს საწარმოს მიერ იჯარით აღებული საკვები ობიექტის წინ და ამ მაღაზიიდან რეალიზაციაზე გადის ჩამოსასხმელი ლუდი, რასაც ადასტურებს საწარმოს მიერ შეძენილი წასაღებად საჭირო პლასტმასის ბოთლების ოდენობაც. გამომდინარე აქედან, მის საქმიანობაზე 5 1/2.08 პროპორციის გამოყენება საფუძველს მოკლებულია. შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია და შესაბამისი საბუღალტრო აღრიცხვა. მოითხოვა მიეცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დაევალოს შემმოწმებლებს მისი შესწავლა.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ზემოთ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

კომპანია აწარმოებდა მზა პროდუქციას (კერძებს), ხოლო ნედლეულის დოკუმენტური შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა არ განხორციელდა. კომპანიის მიერ გაწეული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით. გაანგარიშდა დამატებით მიღებული შემოსავლები (20% ხარჯის გათვალისწინებით), რაც განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია, რატომ არ აღნიშნა აუდიტორმა, რომ საწარმო ეწევა ასევე ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას და რატომ აღნიშნავს რომ საწარმო ეწევა მხოლოდ სარესტორნო საქმიანობას. საწარმოს გააჩნია დანახარჯების სრული აღრიცხვა, ასევე გააჩნია ხარჯთაღრიცხვა თითოეული მზა კერძისთვის, რასაც დამატებით წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ კომპანიის მიერ გაწეული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანების 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. დამატებით მიღებული შემოსავლები (20% ხარჯის გათვალისწინებით), ჩაითვალა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის განმარტებით, გააჩნია დანახარჯების სრული აღრიცხვა, ასევე გააჩნია ხარჯთაღრიცხვა თითოეული მზა კერძისთვის, რასაც დამატებით წარმოადგენს. მოითხოვს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულების და დოკუმენტების საფუძველზე, დამატებით შესწავლილ იქნეს საწარმოს მიერ 2021 - 2023 წელს მიღებული შემოსავლების ოდენობა და შესაბამისად მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით (ამასთან, პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად), სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ 2021 წლის იანვრისა და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებში მიღებული და ჩათვლილი იყო 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აგრეთვე, სრულყოფილად არ იყო დეკლარირებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო 7 კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმო წარმოადგენს დაზუსტებულ დეკლარაციებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

კომპანიის მიერ 2021 წლის იანვრისა და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებში მიღებული და ჩათვლილი იყო 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აგრეთვე, სრულყოფილად არ იყო დეკლარირებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რამაც, შემოწმების შედეგად გამოიწვია დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი საჩივარში არ წარმოადგენს და არც საჩივრის ზეპირ განხილვისას წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული/დასაბუთებული არგუმენტები ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის N 20530 ბრძანება;

3. პირველი და მე-2 დავის საგნების ნაწილში:

ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება;

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია აწარმოებს მზა პროდუქციას მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მოქმედ კომპანიაში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის, ფიქსაციის აქტის, ასევე დათვალიერების, დაკვირვების და ქრონომეტრაჟის საფუძველზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის (იმავე რესტორნის) აუდირებული ფასნამატი. გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა. გაანგარიშდა დამატებით მიღებული შემოსავლები (20% ხარჯის გათვალისწინებით), რაც განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. კომპანიის მიერ 2021 წლის იანვრისა და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებში მიღებული და ჩათვლილი იყო 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. აგრეთვე, სრულყოფილად არ იყო დეკლარირებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რამაც, შემოწმების შედეგად გამოიწვია დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მესამე სადავო საკითხთან დაკავშირბით საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 154; 179.