გადაწყვტილება №27238/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2026
№ დოკუმენტი 27238/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№27238/2/2026

11 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 25.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27238/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20837 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №005-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 31 მარტის №7255 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 20 271.69 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 9 978.71

დღგ - (-328.32)

მოგების გადასახადი - 9 542.78

საშემოსავლო გადასახადი - 764.25

ჯარიმა - 5 561.95

საურავი - 4 731.03

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №2857 და 10 აპრილის №6813 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 2025 წლის 12 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 10 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- შემოსავლების სამსახურში წარდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, განაწილებული მოგება შეადგენს ჯამში 96 947 ლარს, მოგების გადასახადი - 17 108 ლარს, ხოლო მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა - 9 543 ლარს. მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში ჩატარდა 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების ანალიზი, რისთვისაც გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი და ასევე, saras.gov.ge-ზე არსებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ 2022 წლის 1 იანვრისთვის კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში არსებულ გაუნაწილებელ მოგების ნაშთში 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა არის უსაფუძვლო. საგადასახადო ორგანოს მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, სხვაობები არ გამოვლინდა, თუმცა დადგინა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ეკუთვნის საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილებით გათვალისწინებული მოგების გადასახადის ჩათვლა. ამასთან, შემოწმებით, დივიდენდის ნაწილში გამოვლინდა პერიოდის ცვლილება. კერძოდ, საწარმოს 5 000 ლარის დივიდენდი უნდა დაებეგრა 2024 წლის იანვარში, ნაცვლად 2024 წლის მაისისა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 9 542 ლარით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- კომპანია საბანკო ანგარიშებს ფლობს სს „------ ბანკში“, სს „------ ბანკსა“ და სს „------ ბანკში“. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის სახელზე ფიქსირდება ორი საკონტროლოსალარო აპარატი და სამი საბანკო ტერმინალი. სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე თურქეთიდან იმპორტით. გადასახადის გადამხდელის მიერ ჯამში შეძენილია 628 941 ლარის თვითღირებულების საქონელი, საიდანაც 98% არის იმპორტის წილი. საწარმოს ჰყავს ერთი ძირითადი მომწოდებელი.გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით. შემოწმების პროცესში წარდგენილი შედარების აქტები და თურქული ჩარიცხვის ქვითრები საგადასახადო ორგანოს მიერ სარწმუნოდ და სანდოდ არ იქნა მიჩნეული. გადასახადის გადამხდელმა ასევე წარადგინა ანგარიშვალდებული პირის მიერ თურქეთში სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან განხორციელებული გზავნილის დოკუმენტები როგორც დასკანერებული ვერსია, ისე მატერიალური ფორმით, რომელიც არ ასახავდა საინვოისო ღირებულებების სრული ოდენობის გადახდას და ამავე დროს გზავნილის მიმღები იყო სხვადასხვა პირი, ხოლო თურქულ კომპანიასთან მათი კავშირის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება შემოწმების ეტაპზე ვერ იქნა მოპოვებული. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე, ინვოისის მიხედვით არსებული საქონლის ღირებულების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო საინვოისო ღირებულების ექვივალენტის (572 841 ლარი) 25%, კერძოდ, 143 210 ლარი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №15440 ბრძანება და 9 ივლისის №005-132 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 75 464.60 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 9 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 24.09.2025 წლის №20837 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

ა) პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ბ) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20837 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2026 წლის დასკვნა, 2.02.2026 წლის №1965 ბრძანება და №005-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 53 703 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 4 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 31 მარტის №7255 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, განაწილებული მოგება შეადგენს 96 947 ლარს, მოგების გადასახადი - 17 108 ლარს, ხოლო მიღებული ჩათვლა - 9 543 ლარს. მოგების ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში ჩატარდა 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების ანალიზი, კერძოდ, გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და ასევე, saras.gov.ge-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები და დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე მიღებული მოგება საკმარისი იყო ამ პერიოდში სმფ-ის ნაშთის 226 825 ლარის ზრდისთვის. შესაბამისად, 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა 2022 წლისთვის არალოგიკური და არარეალურია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ჯარიმის შესწავლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2017 წლის მოგებასთან დაკავშირებით კომპანიას აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნილი აქვს გაანგარიშების ბაზა, რომელშიც დაწვრილებით არის გაშიფრული წლების მიხედვით მიღებული მოგების თანხები. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №20837 ბრძანებით დათქმულ ვადებში აუდიტორს ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნა ჩაშლილი ბრუნვითი უწყისები, 2014 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ცალ-ცალკე წლების მიხედვით, სადაც ნათლად ჩანს ყველა ანგარიშზე არსებული საწყისი და საბოლოო ნაშთები, დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების ნაშთებიც წლების მიხედვით, რომლებიც ადასტურებს მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს. მომჩივანი ითხოვს ყველა ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადაიხედოს და სწორად მოხდეს მოგების გადასახადის დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20837 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2026 წლის დასკვნა, საიდანაც დგინდება:

- სადავო საკითხი დამატებით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში 2022 წლის 1 იანვრისთვის არსებულ გაუნაწილებელ მოგების ნაშთში 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა არის უსაფუძვლო. შესაბამისად, მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

- საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ უცხოელ მომწოდებლებზე გადახდილი საინვოისე თანხები სრულად იქნა გადახდილად მიჩნეული და საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) ჯამში 53 704 ლარით.

სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2026 წლის №------- წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია, რომ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, განაწილებული მოგება შეადგენს 96 947 ლარს, მოგების გადასახადი - 17 108 ლარს და მიღებული ჩათვლა - 9 543 ლარს. მოგების ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში ჩატარდა 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების ანალიზი, რისთვისაც გამოყენებულ იქნა გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემები, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და saras.gov.ge-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები. 2017 წლიდან 2022 წლამდე მიღებული მოგებები საკმარისი იყო ამ პერიოდში სმფ-ის ნაშთის - 226 825 ლარის ზრდისთვის. შესაბამისად, 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა 2022 წლისთვის არალოგიკური და არარეალურია.

ამასთან, დავების განხილვის საბჭოში საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა დავის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას და შესაბამისად მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20837 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ყველა ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადაიხედოს და სწორად მოხდეს მოგების გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში ჩატარდა 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების ანალიზი. დადგინდა, რომ 2022 წლის 1 იანვრისთვის კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში არსებულ გაუნაწილებელ მოგების ნაშთში 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა არის უსაფუძვლო.

საგადასახადო ორგანოს მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ნაწილში, სსკ-ის 97-ე მუხლის მიხედვით, სხვაობები არ გამოვლინდა, თუმცა დადგინა, რომ გადამხდელს არ ეკუთვნის საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილებით გათვალისწინებული მოგების გადასახადის ჩათვლა. ამასთან, შემოწმებით, დივიდენდის ნაწილში გამოვლინდა პერიოდის ცვლილება. კერძოდ, საწარმოს 5 000 ლარის დივიდენდი უნდა დაებეგრა 2024 წლის იანვარში, ნაცვლად 2024 წლის მაისისა. მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 9 542 ლარით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სახელზე ფიქსირდება ორი საკონტროლოსალარო აპარატი და სამი საბანკო ტერმინალი. სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე თურქეთიდან იმპორტით. გადამხდელის მიერ ჯამში შეძენილია 628 941 ლარის თვითღირებულების საქონელი, საიდანაც 98% არის იმპორტის წილი.გადამხდელი არარეზიდენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით. შემოწმების პროცესში წარდგენილი შედარების აქტები და თურქული ჩარიცხვის ქვითრები საგადასახადო ორგანოს მიერ სარწმუნოდ და სანდოდ არ იქნა მიჩნეული. გადამხდელმა ასევე წარადგინა ანგარიშვალდებული პირის მიერ თურქეთში სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან განხორციელებული გზავნილის დოკუმენტები როგორც დასკანერებული ვერსია, ისე მატერიალური ფორმით, რომელიც არ ასახავდა საინვოისო ღირებულებების სრული ოდენობის გადახდას და ამავე დროს გზავნილის მიმღები იყო სხვადასხვა პირი, ხოლო თურქულ კომპანიასთან მათი კავშირის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება შემოწმების ეტაპზე ვერ იქნა მოპოვებული. ინვოისის მიხედვით არსებული საქონლის ღირებულების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო საინვოისო ღირებულების ექვივალენტის 25%.სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს,სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20837 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

97,309(92,93).