გადაწყვეტილება №25277/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25277/2/2025
23 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ის“ 6.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25277/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მარტის №001-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №10055 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 238 669.24 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 126 547.87
ჯარიმა - 63 273.90
საურავი - 48 847.47
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მარტის №5025 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 26 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 2022 წლის მაისის და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე სს „--------გან“ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა------ დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და ეა----- დღგ-ის თანხით 146 374 ლარი, რომლებიც ასახული აქვს შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე სს „-----ის“ მიერ საწარმოზე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეკ ----, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 27 230 ლარი, ხოლო აღსადგენმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 41 689 ლარი, ამავე პერიოდზე ასევე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეკ ----, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----- დღგ-ის თანხით 146 374 ლარი და ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 61 516 ლარი, ხოლო აღსადგენმა დღგ-ის თანხამ - 84 858 ლარი. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის ასახული 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე აღდგენას ექვემდებარება დღგ-ის თანხა 126 547 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მარტის №5864 ბრძანება და №001-23 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 238 669.24 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 24 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 19 მაისის №10055 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 174-ე, 175-ე, 178-ე, 179-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას ჰყავდა ბუღალტერი, რომელსაც დირექტორისგან მიეცა შესაბამისი მითითება, აღსადგენი თანხები აესახა 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, თუმცა როგორც აქტიდან გახდა ცნობილი, აღნიშნული ოპერაცია მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, ვინაიდან არ არის აქ საწარმოს დირექტორის ბრალეულობა, არ ეთანხმებიან დარიცხულ თანხას.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მიხედვით:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის მაისის და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე სს „-------გან“ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა---- დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და ეა----- დღგ-ის თანხით 146 374 ლარი, რომლებიც ასახული აქვს შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე სს „-----გის“ მიერ საწარმოზე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეკ --- და ეკ ----, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და აღსადგენმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 126 547 ლარი, რომელიც მომჩივნის მიერ არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში. შესაბამისად, კომპანიას მართლზომიერად დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და მიუთითებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია საწარმოს ბუღალტრის ბრალეულობით, რაც არ შეიძლება გახდეს კომპანიის საგადასახადოს ვალდებულებებისგან გათავისუფლების საფუძველი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს არ უსარგებლია ამ შესაძლებლობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5025 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის მაისის და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე სალიზინგო კომპანიისგან მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და დღგ-ის თანხით 146 374 ლარი, რომლებიც ასახული აქვს შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე მომჩივანზე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 27 230 ლარი, ხოლო აღსადგენმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 41 689 ლარი, ამავე პერიოდზე ასევე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის თანხით 146 374 ლარი და ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 61 516 ლარი, ხოლო აღსადგენმა დღგ-ის თანხამ - 84 858 ლარი. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის ასახული 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე აღდგენას ექვემდებარება დღგ-ის თანხა 126 547 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №5864 ბრძანება და №001-23 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 238 669.24 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №10055 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174(1.2.3) ; 175(1 „ა“ ); 176(1 „ა“ ); 178(1 „დ“); 179(1.2.4);