გადაწყვეტილება №19396/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 19396/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19396/2/2023

19.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 11.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19396/2/2023).

 

დავის საგანი:

1. მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების შეძენისას გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, შედეგად დღგ-ში

განხორციელებული დარიცხვა;

2. საგადასახადო გირავნობა /იპოთეკის უფლების წარმოშობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2022 წლის №005-70 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 28.05.2022 წლის №005-8279 შეტყობინება საგადასახადო

გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ;

3. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6358 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 878 949 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 420 820

ჯარიმა - 210 410

საურავი - 247 719

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (----------) საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2022 წლის №13261 ბრძანება და №005-70

საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ 878 948.64 ლარი. ამასთან, აღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 მაისის №005-8279 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

გადასახადის გადამხდელმა ხსენებული ადმინისტრაციული აქტების გაუქმების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 30.09.2022 წლის №25053 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 9.12.2022 წლის გადაწყვეტილებით (№18014/2/2022) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6358 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების შეძენისას გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, შედეგად დღგ-ში განხორციელებული დარიცხვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელმა შეიძინა ქონება შპს „----------“-ისგან 3 349 642 ლარად დღგ-ის ჩათვლით (თავის მხრივ შპს „----------“-ის მიერ აღნიშნული ქონება შეძენილია აუქციონზე). აღნიშნულ ოპერაციაზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზე ქონების შემძენმა სრულად განახორციელა დღგ-ის ჩათვლა 510 962 ლარის ოდენობით.

საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ოპერაციის ანალიზი, შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებები, ინფორმაცია/პოზიცია გამოთხოვილი იქნა გადასახადის გადამხდელისგან, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მათ შორის ხელშეკრულებები და ქონების შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

შეძენილი ზემოაღნიშნული ქონება წარმოადგენს 3 636 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ 9 შენობა-ნაგებობას. აუქციონზე რეალიზაციის ეტაპზე, სარეალიზაციო ფასის დასადგენად განხორციელებულ იქნა ქონების შეფასება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ მიწაზე არსებული 9 შენობიდან 8 ამორტიზებულია და მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 14 545 ლარს, ხოლო დარჩენილი ერთი შენობის (132 კვ.მ.) შეფასების ღირებულება შეადგენს 173 316 ლარს, უშუალოდ მიწის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 1 527 120 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ, აღნიშნულ მიწაზე ხორციელდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა (განხორციელდება შეძენისას არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ქონების შემძენისა და ქონების რეალიზატორის ფაქტობრივ ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა შენობანაგებობები (რომელთა ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია). შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, გაიმიჯნა მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ღირებულებები და დღგ-ის ჩათვლა განხორციელდა მხოლოდ შენობა-ნაგებობების ღირებულებაზე (ღირებულებაში გათვალისწინებულია იმ მიწის ღირებულებაც, რომელზეც ეს შენობები დგას), ხოლო დანარჩენ ნაწილში მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის №18014/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა/შესწავლა და არ გამოვლინდა განსხვავებული გარემოებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქონების მყიდველისა და გამყიდველის ფაქტობრივ ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია, შემოწმების მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მიწისა და მასზე არსებული შენობანაგებობების ღირებულებების გამიჯვნა და შესაბამისად, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის კორექტირება მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას, ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ მიწაზე ხორციელდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა (განხორციელდება შეძენისას არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი), შეუძლებელია წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის შემძენის მიერ გამყიდველისათვის უკვე გადახდილი დღგ-ის და მის საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლის გაუქმების საფუძველი.

ასევე ის ფაქტი, რომ თურმე ქონების შემძენისა და ქონების რეალიზატორის ფაქტობრივ ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა შენობა-ნაგებობები (რომელთა ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია), შეუძლებელია წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის შემძენის მიერ გამყიდველისათვის უკვე გადახდილი დღგ-ის და მის საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლის გაუქმების საფუძველს. მით უფრო, როცა პირველ ეტაპზე შემძენის ინტერესს, მიწასთან ერთად უდავოდ წარმოადგენდა შენობა-ნაგებობები. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოიკვლია მოცემულ ოპერაციაზე მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, რაც ვერ/არ დადგინდა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ვერ დადგინდა შემძენის, გადასახადის გადამხდელის არაკეთილსინდისიერება.

იმის გამო, რომ გამყიდველი შპს „----------“ მოიქცა არაკეთილსინდისიერად, ნასყიდობის საგანზე მიღებული დღგ-ის თაობაზე წარადგინა შესაბამისი დეკლარაცია, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა შემძენის, გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი დღგ-ის თანხა, შემოსავლების სამსახურის მიერ პასუხისმგებლობის შემძენზე დაკისრება არაკანონიერია.

განსახილველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს საქონლის მიწოდებას და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შესაბამისად, აღნიშნულ ოპერაციაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რადგან:

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის (უძრავი ნივთის ცნება) თანახმად უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე;

2. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის (კარი VI, დამატებული ღირებულების გადასახადი - ტერმინთა განმარტება) „თ“ ქვეპუნქტის თანახმად უძრავი ნივთი არის: „თ.ა“ მიწის ზედაპირზე ან მის ქვეშ არსებული ნებისმიერი ადგილი, რომელზედაც შესაძლებელია წარმოიშვას საკუთრების ან მფლობელობის უფლება; „თ.ბ“ მიწაზე ან მის ქვეშ განთავსებული ნებისმიერი შენობა/ნაგებობა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის;

3. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

4. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება. გადასახადის გადამხდელს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა და მისი გაუქმება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით დადგენილ წესს, რადგან:

1. საგადასახდო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს;

2. საგადასახდო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

3. საგადასახდო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია: ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა;

გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების მართებულობა, გასაჩივრებულ ბრძანებაში არ არის მითითებული გადასახადის გადამხდელმა საგადასახდო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი ვალდებულება არ შეასრულა/ან არაჯეროვნად შეასრულა, რაც შეიძლება გამხდარიყო მისთვის საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორმაც და შემოსავლების სამსახურმაც არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, რამაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიმართ გადასახადის უკანონოდ დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია მიწის ნაკვეთის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ შეძენილი ქონება წარმოადგენს 3 636 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ 9 შენობა-ნაგებობას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი სარეალიზაციო ფასის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ მიწაზე ხორციელდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ქონების მყიდველისა და გამყიდველის ფაქტობრივ ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია, შესაბამისად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, გაიმიჯნა მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ღირებულებები და დღგ-ის ჩათვლა განხორციელდა მხოლოდ შენობა-ნაგებობების ღირებულებაზე (ღირებულებაში გათვალისწინებულია იმ მიწის ღირებულებაც, რომელზეც ეს შენობები დგას), ხოლო დანარჩენ ნაწილში მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.

აღსანიშნავია, რომ საბჭომ 9.12.2022 წელს მიღებული №18014/2/2022 გადაწყვეტილებით, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად წარმოდგენილი არგუმენტების ანალოგიურია, მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი მოითხოვდა დამატებით შესწავლას და ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახური სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის №18014/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა/შესწავლა და არ გამოვლინდა განსხვავებული გარემოებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, 2022 წლის 28 მაისის გამოიცა №005-8279 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, 238- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის 28 მაისის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 მაისის №005-8279 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №005-8279 შეტყობინების, როგორც კანონსაწინააღმდეგოდ გამოცემული აქტი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

დადგენილია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის 28 მაისის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2022 წლის 28 მაისის №005-8279 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

პირველ სადავო საკითხზე საბჭოს მიერ 9.12.2022 წელს მიღებული №18014/2/2022 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გამოცემის მართლზომიერების საკითხი ასევე მოითხოვდა დამატებით შესწავლას და ამდენად, საჩივარი ამ ნაწილშიც ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის 28 მაისის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 მაისის №005-8279 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, გამოცემულია კანონშესაბამისად. ამდენად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების შეძენისას გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, შედეგად დღგ-ში განხორციელებული დარიცხვა;

2. საგადასახადო გირავნობა /იპოთეკის უფლების წარმოშობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეალიზაცია.

გადასახადის გადამხდელმა ადმინისტრაციული აქტების გაუქმების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 30.09.2022 წლის №25053 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 9.12.2022 წლის გადაწყვეტილებით (№18014/2/2022) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6358 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

8(23);238(1ა);239(1);265