ბრძანება N 4785
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4785
14.03.2023
შპს „------ს“ (ს/ნ -------------------)
(ფაქტ. მის.:-------------------------)
(იურ. მის.: -------------------------)
2023 წლის 9 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -------------------)№77835/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ნოემბრის №078-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის სახელფასო განაცემად განხილვას. აცხადებს, რომ ექსპორტზე გაშვებული და უკან მობრუნებული საქონელი, ------ის საზღვრიდან ხელმეორედ იქნა გატანილი ექსპორტზე ------აში, რაც ასახული აქვს შემოსავალში. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ, ერთი და იგივე საქონლის რეალიზაცია შემოსავალში ორჯერ არის ჩართული და შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №19347 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ს“ (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის - აპრილიდან 2022 წლის - ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 17 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 22 ნოემბრის №29284 ბრძანება და №078-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 20 300 ლარი, მათ შორის, გადასახადი 12 838 ლარი, ჯარიმა 6 519 ლარი, საურავი 943 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს ექსპორტის რეჟიმით რეალიზებული აქვს მწვანილი (-----, -----, ----) საზღვარგარეთ. გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაწეულ ხარჯებთან და მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით, კერძოდ: შესყიდვის აქტები, საბანკო ამონაწერები, შედარების აქტები საზღვარგარეთ მყოფ პარტნიორებთან (კრედიტნოტები) და ახსნა-განმარტება. 2020 წლის -------ში კორონა ვირუსის პანდემიის დროს სახელმწიფო რეგულაციების შედეგად უკან მობრუნებულია 110 070 ლარის საქონელი, რომლის ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტური რეალიზაცია ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ ჩამოწერა არ ფიქსირდება. შემოწმების მიერ, აღნიშნული საქონელი რეალიზებული იქნა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასებით. შესაბამისად, გაწეული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით მიღებული იქნა ფულადი ნაშთი 64 191 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების პროცესში არ არის მოწოდებული ინფორმაცია ფულადი სახსრების ნაშთის შესახებ, აღნიშნული ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირისთვის (დირექტორი - ------- --------------) გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული მასალებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ექსპორტის რეჟიმით რეალიზებული აქვს მწვანილი, რომელიც 2020 წლის ------ი, კორონა ვირუსის პანდემიის დროს სახელმწიფო რეგულაციების შედეგად უკან არის მობრუნებული. უკან მობრუნებული 110 070 ლარის საქონლის ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტური რეალიზაცია ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ ჩამოწერა არ ფიქსირდება. შესაბამისად, ექსპორტზე გატანილი და უკან მობრუნებული საქონელი, შემოწმების მიერ, შეძენების გათვალისწინებით, ჩაითვალა სრულად რეალიზებულად, გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასებით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებდა შესყიდვის აქტების საშუალებით. ამასთან, საკითხის განხილვისას, შემმოწმებლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით ირკვევა, რომ შემდეგი უახლოესი ექსპორტი გადასახადის გადამხდელს განხორციელებული აქვს ერთი თვის შემდეგ, 2020 წლის -- აპრილს -----ის რესპუბლიკაში, ხოლო საწარმოს მიერ საქონლის ექსპორტისას წარდგენილი შესყიდვის აქტები განსხვავდებოდა 2020 წლის -- თვეში ექსპორტის დროს თანდართული შესყიდვის აქტებისგან. შესაბამისად, გადამხდელის სახელზე არსებული შესყიდვის აქტების საფუძველზე პირს გააჩნდა საქონლის სარეალიზაციოდ საკმარისი პროდუქცია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საწარმოს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ექსპორტზე გატანილი და უკან მობრუნებული საქონელი, შეძენების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასებით, მართლზომიერად ჩაითვალა რეალიზებულად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან კომპანია არ აწარმოებს ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვა-ანგარიშგებას და არ არის წარმოდგენილი თანხის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სალაროს ნაშთების შესახებ, მართლზომიერია შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებია და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ს“ (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.