გადაწყვეტილება №18487/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 18487/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18487/2/2022

10.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს კომპანია კავკასიონის 20.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18487/2/2022).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №001-116 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31080 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 119 089 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 50 265

დღგ - (-10 190)

მოგების გადასახადი - 18 429

საშემოსავლო გადასახადი -41 936

ქონების გადასახადი - 90

ჯარიმა - 50 265

საურავი - 18 559

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 5 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში ფიქსირდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების სანაცვლოდ თანხის გაცემა. აღნიშნული განაცემები ჩაირთო მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში, შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

- გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი ჯამში შეადგენს 238 767 ლარს, მოგების ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული მოგების გადასახადი შეადგენს 106 383 ლარს. წარდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ბუღალტრული პროგრამა ორისის (პროგრამიდან განისაზღვრა სალაროდან გაცემული თანხები) და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა ხელფასის სახით განაცემები, ფიზიკურ პირებზე (რომლებიც არ წარმოადგენენ ინდ. მეწარმეებს და დღგ-ის გადამხდელ პირებს) მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხები და გაცემული დივიდენდი, საგადასახადო კოდექსის 154-ე და 130-ე მუხლების გათვალისწინებით, დადგინდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა (გათვალისწინებული იქნა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი), რაც შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის პერიოდში დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად გამოვლენილი სხვაობები გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადის სახით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლი საფუძველზე.

ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებული გაცემული დივიდენდის მიხედვით და საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 309-ე მუხლის 92 და 93 ნაწილების გათვალისწინებით, განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი და ჩასათვლელი ბრუნვები, რაც შეუდარდა დეკლარირებულს, გამოვლენილი სხვაობებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით;

- გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადი შეადგენს 4 575 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილის, რომელიც შედარებული იქნა შსს საინფორმაციოანალიტიკური დეპარტამენტიდან წარდგენილ ინფორმაციასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაც განსხვავდება დეკლარირებული მონაცემისგან. გამოვლენილი სხვაობა დაერიცხა გადასახადის სახით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №18396 ბრძანება და 14.07.2022 წლის №001-116 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31080 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განახორციელოს სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების და მასთან დაკავშირებული სანქციის შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31080 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, კერძოდ დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლებასთან დაკავშირებით, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან,მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრდება მხოლოდ ჯარიმის პატიების ნაწილში. ითხოვს, დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან არანაირად არ ყოფილა გადასახადის დამალვის მცდელობა.

ამასთან, შემოწმების აქტით ერთ-ერთი დარიცხვა გამოწვეულია მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის გამო. აღნიშნულ დარიცხვასთან დაკავშირებითაც ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან მათთვის უცნობი იყო რომ პირებს გააჩნდათ მიკრობიზნესის სტატუსი და შესაბამისად გააჩნდა მათი დაბეგვრის ვალდებულება.

მომჩივანი, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს შემოწმების აქტით დარიცხული სანქციის გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით .

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.

მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ვინაიდან, სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.