გადაწყვეტილება №21397/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.05.2024
№ დოკუმენტი 21397/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21397/2/2023

22 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,---- 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 22.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21397/2/2023).

 

დავის საგანი:

1. მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირება;

2. ---- თვის შესრულებულ სამუშაოზე საწარმოს მიერ გახარჯული მასალების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. ქონების გადასახადში საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №094-49 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28062 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 629 918 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 353 927

დღგ - 113 582

საშემოსავლო გადასახადი - 237 650

ქონების გადასახადი - 2 695

ჯარიმა - 173 149

საურავი - 102 842

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 14.07.2023 წლის №17129 ბრძანება და №094-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28062 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მე-2 დავის საგნის ნაწილში (---- თვის შესრულებულ სამუშაოზე საწარმოს მიერ გახარჯული მასალების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28062 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ობიექტზე ასრულებს სარემონტო/სამშენებლო მომსახურებას, რისთვისაც იყენებს ქვეკონტრაქტორ საწარმოებს, ფიზიკურ პირებს და ასევე საკუთარი რესურსით (დაქირავებულების მეშვეობით) ასრულებს სამუშაოებს. პირის მიერ დაქირავებული თანამშრომლების ნაწილი (----), რომელთაც სამუშაოს შესრულებისთვის საწარმოდან ყოველთვიურად ერიცხებოდათ ხელფასი, დარეგისტრირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად. შედეგად, საწარმომ ანაზღაურებული კომპენსაციის თანხა აღარ დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მეწარმე პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე, მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ობიექტზე ასრულებს სარემონტო/სამშენებლო მომსახურებას. საწარმოს მიერ დაქირავებული თანამშრომლების ნაწილი, რომელთაც სამუშაოს შესრულებისთვის საწარმოდან ყოველთვიურად ერიცხებოდათ ხელფასი, დარეგისტრირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად. შედეგად, საწარმომ ანაზღაურებული კომპენსაციის თანხა აღარ დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების მიერ მეწარმე პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ ინდ. მეწარმის ნაწილში გადახდილი თანხების ნაწილში გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ნორმები. კერძოდ, ამ მუხლის ბ) პუნქტის საფუძველზე ამ მეწარმეზე გადახდილი თანხა განიხილა დაქირავებულ პირებზე ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კატეგორიულად არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს აღნიშნულ ქმედებას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამო:

ა) --- კომპანიას 2007-2022 წლებში არასოდეს არ გაუცია ხელფასის სახით ანაზღაურება და ის არასოდეს არ წარმოადგენდა კომპანიის დაქირავებულ თანამშრომელს. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა 2020 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მასზედ 2020 წლის დეკემბრის შედეგებით გადახდილი ავანსის თანხა პირიქით მის მიერ იქნა შეცდომით დაბეგრილი გადახდის წყაროსთან შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხით. ანუ აღნიშნულ პირთან მიმართებაში გადახდილი პირველი საკომპენსაციო თანხაც შეცდომით იქნა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან და ასეთ პირობებში აღნიშნულ პირზე შემდგომ პერიოდში გადახდილ მომსახურების თანხასაც შემმოწმებლები უთვლიან ხელფასის სახით გაცემულ თანხად და ეს იმ პირობებში, რომ აღნიშნულ პირთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება და ის არასოდეს ბოლო 15 წლის შედეგებით არ წარმოადგენდა კომპანიის დაქირავებულ თანამშრომელს და აღნიშნულ პირზე პირიქით ზედმეტად დააკავა და გადაიხადა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით 2500 ლარი. თუმცა აღნიშნული თანხის შემცირებას როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი არ ითხოვს, გარდა ამისა, აღნიშნულ პირთან მიმართებაში შემმოწმებლებს არანაირი დამატებითი დოკუმენტაციის ან/და ახსნა/განმარტების წარდგენა შემოწმების დროს არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა სრულიად აბსურდული და ალოგიკურია. ამასთან, გაურკვეველია, შემოსავლების სამსახურის ლოგიკით, თუ რატომ უნდა ხდებოდეს სხვა პირთან დაბეგრილი შემოსავლის მასთან დუბლირებულად დაბეგვრა, იმ პირობებში როდესაც ეს პირი არასოდეს ყოფილა მისი დაქირავებული თანამშრომელი და არც მომსახურება გაუწევია მისთვის 2022 წლის დეკემბრამდე.

შესაბამისად მასზე გაცემული თანხის ხელფასად დაბეგვრა ყოვლად დაუშვებელი და უკანონოა.

ბ) ---- კომპანიას 2007-2022 წლებში არასოდეს არ გაუცია არც ხელფასის სახით ანაზღაურება და არც თუნდაც ერთჯერადი რაიმე მომსახურების თანხა, შესაბამისად, ეს პირი საერთოდ არასოდეს არ წარმოადგენდა კომპანიის დაქირავებულ თანამშრომელს და ასეთ პირობებში აღნიშნულ პირზე გადახდილ მომსახურების თანხასაც შემმოწმებლები სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ უთვლიან ხელფასის სახით გაცემულ თანხად და ეს იმ პირობებში, რომ აღნიშნულ პირზე ბოლო 15 წლის შედეგებით დაქირავებით მუშაობას ადგილი არ ჰქონია. გაუგებარი მიზეზებით შემოსავლების სამსახურმა ამ პირთან მიმართებაში მიიღო აბსურდული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც ითხოვს, რომ შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინოს იმის მტკიცებულება, რომ ამ პირზე კომპანიის მხრიდან 2007-2022 წლებში გაცემული იყო შემოსავალი ხელფასის სახით, რომლის წარმოდგენასაც ის ვერ შეძლებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ინდ, მეწარმესთან შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებამდე მანამდე ურთიერთობა არასოდეს არ ჰქონია. გარდა ამისა, არც აღნიშნულ პირთან მიმართებაში შემმოწმებლებს არანაირი დამატებითი დოკუმენტაციის ან/და ახსნა/განმარტების წარდგენა არ მოუთხოვიათ. შესაბამისად. ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა სრულიად აბსურდული და ალოგიკურია.

ამასთან, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა ხდებოდეს სხვა პირთან დაბეგრილი შემოსავლის მასთან დუბლირებულად დაბეგვრა, რაც ასევე ყოვლად დაუშვებელი და უკანონოა.

გ) რაც შეეხება ---ს და ----ს, აღნიშნული პირებიდან პირველზე ხელფასის სახით ანაზღაურება გაცემული იქნა მხოლოდ 3-ჯერ, ხოლო მეორე პირზე 4-ჯერ. კერძოდ, ---ზე, რომელიც წარმოადგენს ---ის მკვიდრს და რომელიც ასრულებდა ---ში ტექნიკური უნივერსიტეტის ობიექტზე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებს, ხელფასის სახით ანაზღაურება გაიცა 2020 წლის დეკემბერში, შემდგომ 2021 წლის თებერვალ-მარტში, ხოლო საბოლოო კომპენსაცია გაიცა ივნისის თვეში. აღნიშნული პირი უკმაყოფილო იყო მის მიერ ხელზე აღებული ანაზღაურებით, ვინაიდან მოლაპარაკებული თანხიდან მას სრულად უკავდებოდა საშემოსავლო გადასახადი. ამის შემდეგ, იგი თავისი სურვილით და არა მისი თხოვნით ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში და მასთან 2021 წლის ოქტომბრამდე ურთიერთობა არ ჰქონია. შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მან მთვის შეასრულა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში, ასევე 2022 წლის იანვარ-თებერვალში. შესაბამისად, მასზე გაცემული იქნა შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომელიც დაიბეგრა მის მიერ და მის მიერ ამ პირის ინდ. მეწარმედ დარეგისტრირებაში არანაირი დაინტერესება არ ყოფილა. თუ ის არ იქნებოდა ინდ, მეწარმე და იქნებოდა მისი თანამშრომელი, მაშინ მის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასებაც და მასზე გადახდილი თანხაც სხვანაირი იქნებოდა (შემცირდებოდა ხელზე ასაღები თანხის ოდენობა). აღნიშნულ პირთან მის მიერ ხელშეკრულება გაწყდა იმ მიზეზის გამო, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობამ გადააჭარბა 100 000 ლარს, რომლის შემდეგაც მას მოსთხოვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რაზეც მან უარი განაცხადა და რის გამოც, მასთან ურთიერთობა აღარ გააგრძელა. ასე, რომ აღნიშნული პირთან მიმართებაში არანაირი კანონდარღვევა არ განუხორციელებია, ხოლო საგადასახადო ორგანოს კი პირიქით შემოწმების მასალებით ამ პირის მიმართ უნდა განეხორციელებინა შესაბამისი ქმედებები, თუმცა ამის ნაცვლად მისი გადასახდელი გადასახადები პრაქტიკულად გადააკისრეს, რას ასევე არაკონსტიტუციური ქმედებაა.

რაც შეეხება---- აღნიშნულ პირი მასთან 2011-2020 წლებში დასაქმებული საერთოდ არ ყოფილა, ის ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა 2021 წლის აპრილის თვეში. მასზე 2021 წლის მარტის თვეში გავეცით ანაზღაურება, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო შემდეგ როცა ინდ. მეწარმე გახდა მასზე გაცემული თანხები 2021 წლის აპრილში და ივნისის თვეში, პირიქით შეცდომით დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან და მასზე ზედმეტად დააკავა საშემოსავლო გადასახადი 1308 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, არც აღნიშნულ პირთან მიმართებაში შემმოწმებლებს არანაირი დამატებითი დოკუმენტაციის ან/და ახსნა/განმარტების წარდგენა არ მოუთხოვიათ. შესაბამისად. ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა სრულიად აბსურდული და ალოგიკურია. ამასთან, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა ხდებოდეს სხვა პირებთან საშემოსავლოს გადასახადით დაბეგრილი შემოსავლის მასთან დუბლირებულად დაბეგვრა, რაც ასევე ყოვლად დაუშვებელი და უკანონოა. ანუ ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ცალსახაა, რომ ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა ყოვლად უსაფუძვლო და უკანონოა, ვინაიდან ერთ პირზე --- რაიმე სახის ხელფასთან გათანაბრებული განაცემის გაცემას და ურთიერთობას მანამდე ადგილი საერთოდ არ ჰქონია, ერთ ინდ. მეწარმეზე (----) პირიქით შეცდომით არის დაკავებული ერთხელ საშემოსავლო გადასახადი, ხოლო დარჩენილ ორ პირთან მიმართებაში ერთზე ხელფასის სახით განაცემის ერთჯერადად გაცემის ფაქტის გამო, მასზე გაცემული მომსახურების თანხას სხვა კვალიფიკაცია არ უნდა მიენიჭოს.. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომპანიას რომ სდომოდა ამ კუთხით გადასახადებისგან თავის არიდება, მაშინ მასთან დასაქმებული ასეულობით პირის დიდ ნაწილს დააყენებდა აღრიცხვაზე, როგორც ინდ. მეწარმეებს და თანხებს ასე და არა ხელფასის, ან მომსახურების სახით გადაუხდიდა, რაც მის კონკრეტულ შემთხვევაში არ ფიქსირდება. უფრო მეტიც კომპანიაში დასაქმებული მუშა-პერსონალის დიდი ნაწილის წლიური სახელფასო ანაზღაურება 30-140 ათასი ლარის ფარგლებშია და ასეთი ლოგიკით, ამ თანამშრომლებსაც დააყენებდა მაშინ ინდ. მეწარმეებად და ისე გასცემდა მათზე ანაზღაურებას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არასოდეს არ მომხდარა. მოთხოვნაა, რომ სრულად გაუქმდეს ამ კუთხით დარიცხული გადასახადი 51505 ლარის ოდენობით და მასთან დაკავშირებული ჯარიმის თანხა 21937 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ობიექტზე ასრულებს სარემონტო/სამშენებლო მომსახურებას, რისთვისაც იყენებს ქვეკონტრაქტორ საწარმოებს, ფიზიკურ პირებს და ასევე საკუთარი რესურსით (დაქირავებულების მეშვეობით) ასრულებს სამუშაოებს. პირის მიერ დაქირავებული თანამშრომლების ნაწილი (---), რომელთაც სამუშაოს შესრულებისთვის საწარმოდან ყოველთვიურად ერიცხებოდათ ხელფასი, დარეგისტრირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად. შედეგად, საწარმომ ანაზღაურებული კომპენსაციის თანხა აღარ დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მეწარმე პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიას დასაქმებული ჰყავდა, როგორც დაქირავებული, ისე მომსახურების გამწევი ფიზიკური პირები. საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ დასახელებული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, 4 მეწარმეზე განხორციელებული გადახდები ჩაითვალა აღნიშნულ პირებზე გადახდილ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებისას შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, დასახელებულ მეწარმე ფიზიკურ პირზე განხორციელებული გადახდების ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირების შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ----თვის შესრულებულ სამუშაოზე საწარმოს მიერ გახარჯული მასალების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი მონაწილეობს ტენდერებში. გამარჯვების შემთხვევაში ასრულებს სხვადასხვა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებს. საწარმოს 2020 წელს საქართველოს ---თვის შესრულებული აქვს სამუშაოები, საიდანაც მიღებული შემოსავალი შეადგენს სულ 735 516 ლარს. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით პირს ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება 1 166 848 ლარის ღირებულების ხარჯი. საწარმოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ფორმა N2, შესრულების აქტები) შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ----დან გამოთხოვილ იქნა აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რისი დამუშავების შედეგადაც აღმოჩნდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულად ჩამოწერილ მასალასთან შედარებით ოფიციალური დოკუმენტებით (ფორმა N2, ფორმა N3) ჩამოსაწერი გახარჯული მასალა შეადგენს 631 010 ლარით ნაკლებს. ბუღალტრულად დაფიქსირებულ ხარჯსა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის სხვაობა 631 010 ლარი შემოწმების შედეგად შესაბამის პერიოდში ჩაითვალა საქონლის მიწოდებად და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით, ამასთან მიღებული საკომპენსაციო თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საჩივარში გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ ---ს ობიექტზე მასალები საწარმოს მიერ სრულად არის გახარჯული და შემოწმების მიერ შეცდომით არის პროგრამიდან ამოღებული ჩამოწერილი მასალების თვითღირებულება. ამასთან, განმარტავს, რომ ---ს სამხედრო ბაზის მოსაწყობი სამუშაოები არ იქნა ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს დახარვეზების გამო და ხელმეორედ მოხდა უკვე დაგებული ასფალტის დაგება. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

----ს ობიექტზე გახარჯულ მასალებს, ცალსახად და უპირობოდ ადასტურებს, რომ აღნიშნული მასალების სრულად არის გახარჯული ---ს ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების ანგარიშში. ამასთან, შემოწმების მიერ შეცდომით და ზედმეტად არის პროგრამიდან აღებული ჩამოწერილი მასალების თვითღირებულება. კერძოდ, ---ს ობიექტზე პროგრამულად 2020 წელს ჩამოწერილია 1156712 ლარის მასალა, მაშინ როცა შემმოწმებელი საუბრობს 1166848 ლარის მასალაზე. ამასთან, შემმოწმებლებს ამ კუთხით არანაირი შესაბამისი ახსნა-განმარტება შემოწმების მსვლელობისას არ მოუთხოვიათ, რამაც გამოიწვია აბსურდული და უსაფუძვლო დარიცხვა. შემოწმებას წარუდგინა 2019-2022 წლების საბუღალტრო პროგრამის სრული ბაზა, სადაც ჩანს --- თან შესრულებული სამუშაოების სრული მოცულობა, ასევე ამ შესრულებაზე ჩამოწერილი მასალების თვითღირებულება. კერძოდ, 2019 წლის შედეგებით ---თვის შესრულებული იქნა დღგ-ის გარეშე 2 884 871 ლარის სამუშაოები, რომელზეც საბუღალტრო პროგრამაში 2019 წლის შედეგებით ჩამოწერილი იქნა მხოლოდ დღგ-ის გარეშე 1239908 ლარის მასალა. ამასთან, 2020 წლის იანვრის შედეგებით საბუღალტრო პროგრამაში---ს ობიექტზე ჩამოწერილი იქნა დღგ-ის გარეშე 435607 ლარის თვითღირებულების მასალები, რომლებიც წარმოადგენს 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯულ მასალას, ძირითადად ელექტროგაყვანილობის მოსაწყობად გახარჯულ ელექტროსადენებს. გარდა ამისა, ამ ნაწილში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2020 წლის იანვრის თვეში ---თან არანაირი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ აქვს. შესაბამისად, 2020 წლის იანვარში ჩამოწერილი მასალა, სრულად წარმოადგენს 2019 წელში შესრულებულ ელექტროსამონტაჟო და სხვა სამუშაოებზე გახარჯულ მასალას. ამასთან, თავის მხრივ აღნიშნავს, რომ როდესაც 2019 წელს ---სთვის შესრულებული მშენებლობის სამუშაოების ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 2884871 ლარს, შეუძლებელია ამ სამუშაოებზე გახარჯული ყოფილიყო მხოლოდ 1239908 ლარის მასალა, ანუ 2019 წლის შესრულებაში მასალების ხვედრითი წილი 43%-ზე ნაკლები ვერანაირად ვერ იქნებოდა.

შესაბამისად, ამ კუთხით შემმოწმებლებმა არასწორად და უკანონოდ დაბეგრეს ---ს ობიექტზე 2019 წელში რეალურად და ფაქტიურად გახარჯული და 2020 წლის იანვრის თვეში ჩამოწერილი მასალების ღირებულება 435607 ლარის ოდენობით. ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ----სთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით 2019-2020 წლებში ხდებოდა კონკრეტულად ----ის სამხედრო ბაზის მშენებლობა, ასევე მისი მთლიანი ტერიტორიის კეთილმოწყობა, მოშანდაკება და მასზედ ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ დამკვეთზე 2019 წელს წარდგენილი იქნა შესრულების ფორმები (ფორმა 2 და ფორმა 3), რომლებიც ----ოს მიერ მიღებული არ იქნა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ამ ნაწილში ჩატარებული სამუშაოები დაბრაკული (დახარვეზებული) იქნა და არ ანაზღაურებულა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დამკვეთის მხრიდან მოთხოვნილი იქნა აღნიშნული სამუშაოების თავიდან ჩატარება, კონკრეტულად, უკვე დაგებული ასფალტ-ბეტონის საფარის მთლიანად აყრა, რის გამოც მის მიერ განმეორებით იქნა ჩატარებული აღნიშნული სამუშაოები, თავიდან იქნა შეძენილი 435089 ლარის ასფალტის მასალა და ბაზის ტერიტორიაზეც ახლიდან დაეგო ასფალტ-ბეტონის საფარი. შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო მასალები გახარჯული იქნა ორჯერ, ხოლო განმეორებით ჩატარებული სამუშაოების და მასზე გახარჯული მასალების ღირებულება ---ოს მხრიდან არ ანაზღაურებულა. ამასთან, სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო ამ სამუშაოებისათვის ასფალტის და ბეტონის მომწოდებელ კომპანიაზე გაგვაჩნია დიდი დავალიანება, რომლის გადახდასაც ჩვენ დღესაც ვერ ვახერხებთ. მხოლოდ აღნიშნულ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შედეგად ჯამურად მიღებული იქნა 700 000 ლარზე მეტი ზარალი. შესაბამისად, აღნიშნული მასალების სრულად იქნა გახარჯული --- ---ის ობიექტზე, რაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებითაც, მათ შორის განმეორებითი საექსპერტო დასკვნითაც დადასტურდება, თუმცა როგორც ითქვა განმეორებით, ახლიდან ჩატარებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება დამკვეთის მხრიდან არ მომხდარა.

ამასთან, იმის გამო, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ადევს „გრიფით საიდუმლო“, შეუძლია სათანადო დოკუმენტალური მტკიცებულებები გადავცეთ მხოლოდ შესაბამის დოკუმენტებთან დაშვების მქონე პირებს, ან/და აღნიშნული ფაქტის დადასტურება თავად ---აც შეუძლია. შესაბამისად, კატეგორიულად არ ეთანხმება ----ს ობიექტის ჩაბარებისათვის ორჯერ გახარჯული მასალების ღირებულების დღგ-ით დასაბეგრ ობიექტად განხილვას, მის ნაწილში დღგ-ის დარიცხვას, ხოლო დღგ-ის ჩათლით თანხის კი დირექტორის ხელფასის სახით ხელზე აღებულ შემოსავლად განხილვას და მის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

პირველი, ფაქტობრივი გარემოება ამ ნაწილში არის ის ფაქტი, რომ აღნიშნული ორჯერ მასალების გახარჯვა დასტურდება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით, რაც ამ დარიცხვის აბსურდულობის და უსაფუძვლობის ნათელი დადასტურებაა, ხოლო მეორეს მხრივ განმეორებითი მიწოდება მომხდარია ---ზე და თუ მას საგადასახადო ორგანო უსასყიდლო მიწოდებად განიხილავს, მაშინ საგადასახადო კოდექსის ნორმების მიხედვით ასეთი მიწოდება დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს არ წარმოადგენს და მითუმეტეს მის ნაწილში კომპანიას არანაირი კომპენსაცია არ მიუღია, რაც ამ ნაწილში დირექტორის მიერ დღგ-ს ჩათვლით თანხის ხელზე აღებულ ხელფასად განხილვის ალბათობასაც უპირობოდ გამორიცხავს.

გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მოხდეს ამ ნაწილში უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების გაუქმება. ასევე თანახმაა, რომ ამ ნაწილში დარიცხვის უსაფუძვლობის და უკანონობის დასადასტურებლად საკითხი შესასწავლად გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28062 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28062 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. ქონების გადასახადში საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება მრავალჯერ გამოსაყენებელი ხელსაწყოები, დანადგარები (ხარაჩოები, დგარები, ელექტრო ხელსაწყოები), რომელთაც იყენებს სხვადასხვა ობიექტებზე მშენებლობა/რემონტისთვის და არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით.

საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით აღნიშნული კატეგორიის ძირითადი საშუალებების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ქონების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვაზე, განმარტავს, რომ მართალია მისი დარიცხვა მომხდარია ძირითადი საშუალებების ტერმინის უგულველყოფით, მაგრამ მას ცნობს და ვაღიარებს. ამასთან, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი ითხოვს ამ ნაწილში არსებული ჯარიმის თანხის 1 347 ლარის პატიებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ამასთან, საგადასახადო კოდექსის არ ცოდნა ვერ გახდება სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირება;

2. შესრულებულ სამუშაოზე საწარმოს მიერ გახარჯული მასალების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. ქონების გადასახადში საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ობიექტზე ასრულებს სარემონტო/სამშენებლო მომსახურებას, რისთვისაც იყენებს ქვეკონტრაქტორ საწარმოებს, ფიზიკურ პირებს და ასევე საკუთარი რესურსით (დაქირავებულების მეშვეობით) ასრულებს სამუშაოებს. პირის მიერ დაქირავებული თანამშრომლების ნაწილი, რომელთაც სამუშაოს შესრულებისთვის საწარმოდან ყოველთვიურად ერიცხებოდათ ხელფასი, დარეგისტრირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად. შედეგად, საწარმომ ანაზღაურებული კომპენსაციის თანხა აღარ დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მეწარმე პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად.

საწარმოს 2020 წელს შესრულებული აქვს სამუშაოები, საიდანაც მიღებული შემოსავალი შეადგენს სულ 735 516 ლარს. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით პირს ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება 1 166 848 ლარის ღირებულების ხარჯი. საწარმოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ფორმა N2, შესრულების აქტები) შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოთხოვილ იქნა აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რისი დამუშავების შედეგადაც აღმოჩნდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულად ჩამოწერილ მასალასთან შედარებით ოფიციალური დოკუმენტებით (ფორმა N2, ფორმა N3) ჩამოსაწერი გახარჯული მასალა შეადგენს 631 010 ლარით ნაკლებს. ბუღალტრულად დაფიქსირებულ ხარჯსა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის სხვაობა 631 010 ლარი შემოწმების შედეგად შესაბამის პერიოდში ჩაითვალა საქონლის მიწოდებად და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით, ამასთან მიღებული საკომპენსაციო თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 269.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.