ბრძანება N 18520

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.08.2025
№ დოკუმენტი 18520
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18520

18 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---ის (პ/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 18 ივლისის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა ---ის (პ/ნ ---) №113908/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 ოქტომბრის №EL227275 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის სახელზე რიცხული ჯარიმა არასწორია, ვინაიდან არასდროს ჰქონია დარღვევა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ---, რომელიც საზღვრის კვეთისას გადააადგილებდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: 200 ღერ სიგარეტს. ვინაიდან ---მ 2023 წლის 20 სექტემბერს, საზღვრის კვეთისას უკვე ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, მასზე 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ, კერძოდ: 2023 წლის 14 ოქტომბერს კვლავ ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული შეღავათი. მას შემდეგ, რაც --- თვის ცნობილი გახდა ინფორმაცია საქონლის ჩამორთმევის შესახებ, ის არ დაემორჩილა უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და წინააღმდეგობას უწევდა მას, რითაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 14 ოქტომბერს შედგენილი №EL227275 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

2023 წლის 14 ოქტომბერს ჩამოერთვა 200 ღერი (10 კოლოფი) სიგარეტი, რაზეც შედგა „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშნდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმი N69601/10144“. --- ხშირად გადაადგილდებოდა (2022 წლის 12 თებერვლიდან 2023 წლის 14 ოქტომბრამდე – 550 გასვლა-შემოსვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე. სადავო ოქმის ადრესატის მიერ ჩაბარება არ დასტურდება.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით: საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო გამშვებ პუნქტში, რომელიც არის საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები; საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას. საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. აღნიშნული და სხვა ვალდებულებების განხორციელებაზე კონტროლის მიზნით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, საზღვარზე გადამაადგილებელი პირი ვალდებულია დაემორჩილოს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნებს და ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის მუხლი 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, - იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევის და მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფის ფაქტს, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --- ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის სახელზე რიცხული ჯარიმა არასწორია, ვინაიდან არასდროს ჰქონია დარღვევა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვრის კვეთისას გადააადგილებდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: 200 ღერ სიგარეტს. ვინაიდან პირმა საზღვრის კვეთისას უკვე ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, მასზე 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ, კერძოდ: 2023 წლის 14 ოქტომბერს კვლავ ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული შეღავათი. მას შემდეგ, რაც მომჩივნისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია საქონლის ჩამორთმევის შესახებ, ის არ დაემორჩილა უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და წინააღმდეგობას უწევდა მას, რითაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით, ჩამოერთვა 200 ღერი (10 კოლოფი) სიგარეტი, რაზეც შედგა „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშნდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმი “.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 177 (1).