ბრძანება N 13279
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13279
05 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უსფ(წ) „----ს --- ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 8 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა უსფ(წ) „--- ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 8 მაისის №89545/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აპრილის №006-144 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას, განმარტავს, რომ კომპანია მუშაობდა ქვეკონტრაქტორებთან რომლებიც შესრულებულ სამუშაოებზე უწერდენ მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, დღგ-ის დავალიანება კომპანიას არ გააჩნია, გარდა ავანსების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვისა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ სახელფასო განაცემებიც ცოტაა რადგან ქვეკონტრაქტორები ასრულებდენ სამუშაოებს. ფიზიკურ პირებზე დარიცხული თნხები საქონლის შესაძენად არის ჩარიცხული და ნაწილი დამფუძნებლის მიერ შეტანილის უკან გატანაა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 სექტემბრის №22932 და 19 ოქტომბრის №25909 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა უსფ(წ) „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 22 მარტიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 აპრილის №7823 ბრძანება და ამავე თარიღის №006-144 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 216 700 ლარი, მათ შორის, გადასახადი 130 660 ლარი, ჯარიმა 71 284 05 ივნისი 2024 N 13279 ლარი, საურავი 14 756 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა წყალგაყვანილობის სისტემების მოწყობა ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების გზით. სამუშაოებს რიგ შემთხვევებში უსრულებენ ქვეკონტრაქტორები. საწარმოს ასევე უფიქსირდება მასალების რეალიზაცია კერძო პირებზე. გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტება, საიდანაც დგინდება სმფ-ების ნაშთები და ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების ბაზებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული აქვს ავანსები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი, ასევე უფიქსირდება შესრულებული სამუშაოები (მ.შ მიღება-ჩაბარებები) რომლებზედაც არ არის განხორციელებული დეკლარირება, ასევე საბანკო ამონაწერებიდან დგინდება კერძო იურიდიული პირებისაგან მიღებული თანხები გაწეულ მომსახურებასა და რეალიზებულ პროდუქციაზეც, რომლებიც ასევე არ არის დაბეგრილი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 160-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს გაცემული აქვს ხელფასები, ასევე შეძენილი აქვს ფიზიკური პირებისაგან სხვადასხვა სახის მომსახურებები, რომლების არ არის დაკავებული გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და 154-ე მუხლების შესაბამისად გაიზარდა შესაბამის პერიოდებში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირდა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასე განაცემები, საბანკო ხარჯები, დოკუმენტურად გაწეული ხარჯებით). გათვალისწინებულია გადამხდელის განმარტება დებიტორული მოთხოვნების, კრედიტორული დავალიანების, სალაროსა და სმფ-ების ნაშთის არ არსებობაზე. შედეგად პირს გამოუვლინდა განკარგვადი თანხები 220 690 ლარის ოდენობით. აღნიშნული შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის მიერ მიღებულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლებით აღნიშნული დაკვალიფიცირდა სახელფასე განაცემად და შესაბამისად გაიზარდა კომპანიის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტება, საიდანაც დგინდება სმფ-ების ნაშთები და ინფორმაცია დებიტორკრედიტორების შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების ბაზებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული აქვს ავანსები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი, ასევე უფიქსირდება შესრულებული სამუშაოები (მ.შ მიღება-ჩაბარებები) რომლებზედაც არ არის განხორციელებული დეკლარირება, ასევე საბანკო ამონაწერებიდან დგინდება კერძო იურიდიული პირებისაგან მიღებული თანხები გაწეულ მომსახურებასა და რეალიზებულ პროდუქციაზეც, რომლებიც ასევე არ არის დაბეგრილი. შედეგად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს ხელფასები, ასევე, შეძენილი აქვს ფიზიკური პირებისაგან სხვადასახვა სახის მომსახურებები, რომლების არ არის დაკავებული გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გარდა ამისა, პირს გამოუვლინდა განკარგვადი თანხები, რომლის გაანგარიშებისას შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირდა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასე განაცემები, საბანკო ხარჯები, დოკუმენტურად გაწეული ხარჯებით) და გათვალისწინებულია გადამხდელის განმარტება დებიტორული მოთხოვნების, კრედიტორული დავალიანების, სალაროსა და სმფ-ების ნაშთის არ არსებობაზე. განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უსფ(წ) „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების ბაზებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული აქვს ავანსები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი, ასევე უფიქსირდება შესრულებული სამუშაოები (მ.შ მიღება-ჩაბარებები) რომლებზედაც არ არის განხორციელებული დეკლარირება, ასევე საბანკო ამონაწერებიდან დგინდება კერძო იურიდიული პირებისაგან მიღებული თანხები გაწეულ მომსახურებასა და რეალიზებულ პროდუქციაზეც, რომლებიც ასევე არ არის დაბეგრილი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 160-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოწმების შედეგად პირს გამოუვლინდა განკარგვადი თანხები 220 690 ლარის ოდენობით. აღნიშნული შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის მიერ მიღებულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლებით აღნიშნული დაკვალიფიცირდა სახელფასე განაცემად და შესაბამისად გაიზარდა კომპანიის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 73 (4,9); 101; 154; 105; 72.