ბრძანება N 12191
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12191
11 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------------)
(იურ. მის.: ---------------------------------)
2025 წლის 5, 15, 17 და 28 მაისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------------) 2025 წლის 5 მაისის №----/1/2025, 15 მაისის №---/1/2025, 17 მაისის №----/1/2025 და 28 მაისის №---/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის №002-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი ითხოვს მიღებული/მისაღები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.
2. მომჩივანი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინოს: გადახდილი სესხის ძირი თანხა, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი (1 500 ლარი), დებიტორული დავალიანებები. ასევე, იჯარით აღებულ ფართზე ჩატარებული კაპიტალური რემონტის ხარჯები. მიუთითებს, რომ 2022-2024 წლებში კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ფართს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, რაზეც გაიწია სხვადასხვა ოდენობის ხარჯი, რომელთა ძირითადი ნაწილის დოკუმენტური დადასტურება ვერ ხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააჩნია დოკუმენტაცია (ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე, მეიჯარის ახსნა-განმარტება), ასევე, ქონების შემფასებელ ექსპერტთან გაფორმებულია ხელშეკრულება და მიმდინარეობს მუშაობა კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ფართში განხორციელებული კაპიტალური რემონტის ნამდვილობისა და ღირებულების დადგენის მიზნით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინების შემდგომ, მომჩივანი ითხოვს მეთოდური მითითების გამოყენებას და ხელფასად განხილული თანხების ნაწილის დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად, ნაწილის დივიდენდად, ხოლო დარჩენილი ნაწილის დირექტორზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2021 და 31 მარტის №6024 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის - 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი აპრილის №6198 ბრძანება და ამავე თარიღის №002–30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 159 296 ლარი, მათ შორის გადასახადი 100 105 ლარი, ჯარიმა 52 312 ლარი და საურავი 6 879 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 08.12.2020 წელს. კომპანიის საქმიანობაა სამედიცინო სახარჯი მასალების შეძენა-რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს უფიქსირდება როგორც 18%-ით დასაბეგრი დღგ-ის ბრუნვები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დაკორექტირდა როგორც 18%-ით დასაბეგრი დღგ-ის ბრუნვები, ასევე, დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. ამასთან, კორექტირებას დაექვემდებარა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიც.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 6 თებერვლის №1918 ბრძანებით, 2025 წლის 7 თებერვალს სალაროში ჩატარდა ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საწარმოს მიერ მიღებული ნაღდი ფულის გასაანგარიშებლად გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ შემოსავლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომჩივანი ითხოვს მიღებული/მისაღები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შეძენა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირებისგან. შესაბამისად, კომპანიას უფლება აქვს მიიღოს ჩათვლა მომწოდებლებისგან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე (მაგ.: დეზობარიერის შეძენა-რეალიზაცია).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და დღგის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. 2025 წლის 7 თებერვალს სალაროში ჩატარებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა მომჩივნის პოზიციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილ ინფორმაციას, კერძოდ:
. სესხი აღებული იყო შესამოწმებელ პერიოდში და დაფარვაც შესამოწმებელ პერიოდში მოხდა. შემოწმების მიერ სესხის თანხა არ ყოფილა გათვალისწინებული განკარგვადი თანხის დათვლის დროს შემოსავალში და შესაბამისად, არც სესხის ძირი თანხის გადახდა იქნა გათვალისწინებული ხარჯების ნაწილში.
. გადასახადის გადამხდელთან 2025 წლის 7 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ ფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი.
. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნა, რომ არ გააჩნდა დებიტორული დავალიანება.
. შემოწმების პროცესში გადამხდელმა შემმოწმებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ არ გააჩნდა იჯარით აღებული ფართი და არ საჭიროებდა საოფისე ფართს, ვინაიდან შეკვეთის შესაბამის საქონელს იძენდა და შემდგომ ყიდდა. შესაბამისად, სასაქონლო ნაშთის რაოდენობის გათვალისწინებით, ოფისის საჭიროება არ დამდგარა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ნაღდი ფულის გაანგარიშებისას სესხის ძირი თანხის, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის (1 500 ლარი), დებიტორული დავალიანებებისა და იჯარით აღებულ ფართში ჩატარებულ რემონტზე გაწეული ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინოს დამფუძნებლის შენატანები, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალში განხორციელებული შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი განკარგვადი თანხის ოდენობის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალში განხორციელებული შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს:
1. მიღებული/მისაღები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.
2. არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინოს: გადახდილი სესხის ძირი თანხა, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი (1 500 ლარი), დებიტორული დავალიანებები. ასევე, იჯარით აღებულ ფართზე ჩატარებული კაპიტალური რემონტის ხარჯები. ასვე, მეთოდური მითითების გამოყენებას და ხელფასად განხილული თანხების ნაწილის დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად, ნაწილის დივიდენდად, ხოლო დარჩენილი ნაწილის დირექტორზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2021 და №6024 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის - 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6198 ბრძანება და №002–30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 159 296 ლარი, მათ შორის გადასახადი 100 105 ლარი, ჯარიმა 52 312 ლარი და საურავი 6 879 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვვა,რომ:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით გადამხდელს უფიქსირდება როგორც 18%-ით დასაბეგრი დღგ-ის ბრუნვები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დაკორექტირდა როგორც 18%-ით დასაბეგრი დღგ-ის ბრუნვები, ასევე, დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. ამასთან, კორექტირებას დაექვემდებარა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიც.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1918 ბრძანებით, 2025 წლის 7 თებერვალს სალაროში ჩატარდა ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საწარმოს მიერ მიღებული ნაღდი ფულის გასაანგარიშებლად გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ შემოსავლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ნაღდი ფულის გაანგარიშებისას სესხის ძირი თანხის, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის (1 500 ლარი), დებიტორული დავალიანებებისა და იჯარით აღებულ ფართში ჩატარებულ რემონტზე გაწეული ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
ხოლო, დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და დღგის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინოს დამფუძნებლის შენატანები, აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალში განხორციელებული შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“2„ა“ და „ბ“); 174(1.2); 175(1„ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 „ა“ და „ბ“); 180(1);