გადაწყვეტილება №21180/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21180/2/2023
13 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 27.10.2023 და 12.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21180/2/2023, №21566/2/2023).
დავის საგანი:
1. საბანკო ანგარიშზე მიღებული შემოწმების შედეგად დადგენილი ზედმეტი შემოსავლის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით;
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
3. საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯის და ჩათვლილი დღგ-ის, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, შემცირება;
4. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხის კორექტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №006-425 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.10.2023 წლის №24825 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 144 984.09 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 84 054.5
დღგ - 34 543
მიწის გადასახადი (სასოფლო) – (-86)
საშემოსავლო გადასახადი - 49 608.5
ქონების გადასახადი - (-11)
ჯარიმა - 38 315
საურავი - 22 614.59
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო გადაზიდვები საქართველოში, ძირითადად საკუთარი სატვირთო ავტომობილებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 19.10.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 15.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №20273 ბრძანება და ამავე თარიღის №006-425 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 7.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.10.2023 წლის №24825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საბანკო ანგარიშზე მიღებული შემოწმების შედეგად დადგენილი ზედმეტი შემოსავლის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმე შესრულებული მომსახურების ღირებულებაზე წერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომლის მიხედვითაც შედგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტირებისა და საბანკო მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწარმეს საბანკო ანგარიშებზე ერიცხება სატრანსპორტო მომსახურების თანხები, რაზეც დოკუმენტი არ არის გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში არ აქვს ასახული.
შემოწმების შედეგად ბანკით მიღებული ზედმეტი შემოსავალი დაექვემდებარა დაბეგვრას. გამოვლენილ სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება საქართველოში. მეწარმე შესრულებული მომსახურების ღირებულებაზე წერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომლის მიხედვითაც შედგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. მის მიერ გამოწერილი საფ-ებისა და საბანკო მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწარმეს საბანკო ანგარიშებზე ერიცხება სატრანსპორტო მომსახურების თანხები, რაზეც დოკუმენტი არ არის გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში აქვს ასახული. ამასთან, გადამხდელმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. ამ გარემოების საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც გადამხდელს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად დეკლარირებულ მონაცემებში. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად პირველ რიგში გამოყენებულია სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებში მითითებული გადაზიდვის ღირებულება, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი იმავე პერიოდებში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები, გადაზიდვის დისტანციების მიხედვით, რის საფუძველზეც გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. ასევე, შემოწმების შედეგად განხორციელდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება. შედეგად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა შესაბამისი გადასახადები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ასევე გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებით. თითოეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრილია შესაბამის პერიოდში. შემმოწმებამ, საგადასახადო ორგანოს ბაზაში არსებული ინფორმაციით, კერძოდ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით, რომელთა მიხედვითაც კონკრეტულ ადგილმდებარეობებს შორის გადაადგილება განხორციელდა, მეწარმის საკუთრებაში არსებული სატრანრანსპორტო საშუალებებით, დაიანგარიშა აღნიშნული გადაადგილებით მიღებული შემოსავალი და შესაბამისად მოახდინა შემოსავლის გაზრდა.
ტვირთების გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდა საკუთრებაში არსებული 2 სატვირთო ავტომანქანის მეშვეობით. მაღალი დატვირთვის პირობებში, გაიზრდა სატვირთო მანქანების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. იმისთვის, რომ კლიენტებთან ურთიერთბა არ გაფუჭებულიყო (ამ სფეროში მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორობა), უწევდა სხვა სატვირთოების ქირაობა. უმეტეს შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანებს ქირაობდა მისი ოჯახის წევრებისგან. ასეთ შემთხვევებში ანგარიშსწორება ცხადია საბაზრო ფასით ხდებოდა, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი სარგებლობდნენ მისი მომსახურებით. ანგარიშსწორება ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, დანიშნულებაში კი მიეთითებოდა „ტრანსპორტირების ღირებულება“. როგორც აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებს (ისევე როგორც ინტერნეტ ბანკით მოსარგებლეთა უმრავლესობას) შექმნილი ჰქონდათ გადარიცხვის შაბლონი, რათა ერთი ტიპის გადარიცხვები სწრაფად მომხდარიყო, რომლის დანიშნულებაშიც მითითებული იყო „ტრანსპორტირების ღირებულება“, რომელიც უნდა გამოეყენებინათ მომსახურების ღირებულების ჩარიცხვის დროს. თუმცა აღმოჩნდა რომ ეს შაბლონი გამოყენებული აქვთ პირადი გადარიცხვის შესრულების დროსაც ანუ არასწორი დანიშნულებით მის ანგარიშზე სულ ჩარიცხულია 11 780 ლარი.
აღსანიშნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში ოჯახის წევრებისგან პირადი დანიშნულებით ჩარიცხული აქვს 50 000 ლარამდე თანხა, რაზეც შემოსავლების სამსახურს კითხვები არ ჰქონია. გადასახადისგან თავის არიდება და შემოსავლების დამალვა რომ ჰქონოდა განზრახული, ერთ ჭერ ქვეშ მცხოვრები ოჯახის წევრები ამ თანხებს საბანკო ანგარიშზე კი არ ჩაურიცხავდნენ, არამედ მისცემდნენ ხელზე და კითხვებიც არ იქნებოდა. აღნიშნულ ნაწილში ითხოვს შემმოწმებელთან ერთად საკითხის შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, როგორც აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებს ინტერნეტ ბანკში შექმნილი ჰქონდათ გადარიცხვის შაბლონი, რათა ერთი ტიპის გადარიცხვები სწრაფად მომხდარიყო, რომლის დანიშნულებაშიც მითითებული იყო „ტრანსპორტირების ღირებულება“, რომელიც უნდა გამოეყენებინათ მომსახურების ღირებულების ჩარიცხვის დროს. თუმცა, აღმოჩნდა რომ ეს შაბლონი გამოყენებული ჰქონდათ ასევე, პირადი გადარიცხვის შესრულების დროსაც ანუ არასწორი დანიშნულებით მის ანგარიშზე სულ ჩარიცხულია 11 780 ლარი.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით და აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №129500-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების მიმდინარეობის დროს გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა, საგადასახადო ორგანოს მიერ მაქსიმალური სიზუსტით განხორციელდა მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის იდენტიფიცირება. გადამხდელს ყველა გადაზიდვაზე გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები და აღნიშნულის შესაბამისად ანგარიშობს მიღებულ შემოსავალს. საბანკო ამონაწერების მიხედვით განხორციელებული ჩარიცხვები შედარდა ანგარიშფაქტურებს. შემოწმების შედეგად პირადი გადარიცხვები ამოღებულია, მიუხედავად იმისა ეწერა თუ არა დანიშნულებაში სატრანსპორტო მომსახურება. რაც შეეხება, ოჯახის წევრის მიერ ჩარიცხვას, აღსანიშნია, რომ ფიქსირდება სამი შემთხვევა, რომლის გადმორიცხვის დანიშნულებაში მითითებული იყო სატრანსპორტო მომსახურება, რაც ჯამურად შეადგენდა 6 150 ლარს და ვინაიდან ამ პერიდოში მეწარმეს არ ჰყავდა საკუთარი სატრასპორტო საშუალება და მომსახურებას სრულად ეწეოდა დაქირავებული ავტომობილებით, ამიტომ მიჩნეულია დამატებით შემოსავლად სატრანსპორტო მომსახურებიდან, რაზეც არ არის გამოწერილ საგადასახადიო ანგარიშ-ფაქტურა. დანარჩენი ყველა შემთხვევა (ჩარიცხვები) იშიფრება ჩამრიცხავის დასახელებით, საიდენტიფიკაცი კოდებით და თანხებით.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი საქმიანობისთვის 2020 წლის ოქტომბრიდან (რეგისტრაციის თარიღი) 2021 წლის მარტამდე იყენებდა სხვადასხვა ავტომობილებს, ხოლო 2021 წლის თებერვალში შეიძინა ორი სატვირთო ავტომობილი მისაბმელით, რის შემდეგაც ძირითადად გადაზიდვის მომსახურებას ასრულებს მის საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილებით.
გადასახადის გადამხდელმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. ამ გარემოების საფუძველზე, საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მათ შორის მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მეშვეობით სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ გადაზიდვებს. შედარებით გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც ვერ განიმარტა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები ძირითადად ეყრდნობოდა გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც გადამხდელს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად, დეკლარირებულ მონაცემებში. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად პირველ რიგში გამოყენებულია სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებში მითითებული გადაზიდვის ღირებულება, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოყენებულია იმავე პერიოდებში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები გადაზიდვის დისტანციების მიხედვით.
შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადაწყვეტილების შინაარს მოიცავს პირველი დავის საგანი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომსახურების გაწევა ხდებოდა ინვოისებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გზით. საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა გარკვეული ტიპის ცდომილებები. კერძოდ, არის შემთხვევები, როდესაც ტვირთის გადაზიდვის დამკვეთი არის ერთი კომპანია, ხოლო ტვირთის გადაზიდვისას ზედნადებში მიმღები ან გამზავნი არის სხვა პირი. მაგალითად 2021 წლის 10 ივნისის №------- სასაქონლო ზედნადების მიხედვით შპს „-------“-მ (ს/ნ -------) (მყიდველი) მიიღო ტვირთი შპს „-------“-სგან (ს/ -------), ტრანსპორტირება დაიწყო -------, --------დან და დასრულდა -------. აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია შპს „-------“-ზე (ს/ნ -------), თანხა კი ჩარიცხული აქვს ------- (პ/ნ -------), დამატებით დანიშნულებაში მითითებული აქვს შპს „-------“
სასაქონლო ზედნადებში მონაცემებს ავსებს საქონლის გამყიდველი და ადრესატია საქონლის მიმღები. აღნიშნულის გამო მოკლებულია შესაძლებლობას გაიგოს ხომ არ მომხდარა სასაქონლო ზედნადების გამოწერისას რაიმე შეცდომა. ასევე, სავსებით შესაძლებელია მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრის მითითება სასაქონლო ზედნადებში ისე, რომ მისთვის ეს არასოდეს გახდება ცნობილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია რომ აღნიშნული საკითხის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისად. მზად არის პირადად მიიღოს მონაწილეობა თითოეული გადაზიდვის სადავო ოპერაციის შესწავლაში საგადასახადო შემოწმების ჯგუფთან ერთად, მისი წარმომადგენლის, საგადასახადო აუდიტორის ჩართულობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
გადამხდელის განმარტებით არის შემთხვევები, როდესაც ტვირთის გადაზიდვის დამკვეთი არის ერთი კომპანია, ხოლო ტვირთის გადაზიდვისას ზედნადებში მიმღები ან გამზავნი არის სხვა პირი. სასაქონლო ზედნადებში მონაცემებს ავსებს საქონლის გამყიდველი და ადრესატია საქონლის მიმღები. აღნიშნულის გამო მოკლებულია შესაძლებლობას გაიგოს ხომ არ მომხდარა სასაქონლო ზედნადების გამოწერისას რაიმე შეცდომა. ასევე, სავსებით შესაძლებელია მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრის მითითება სასაქონლო ზედნადებში ისე, რომ მისთვის ეს არასდროს გახდეს ცნობილი.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით და აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №129500-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, მომჩივნის მიერ მითითებული შემთხვევები შემოწმების დროს მინუმუმადეა დაყვანილი, რადგან გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შედარება ხდებოდა არა მხოლოდ გადაიზდვაში მონაწილე მხარეებთან, არამედ თვის ჭრილში მისამართების მიხედვით. მაგალითად, გადაზიდვის ზედნადებში თუ ფიქსირდებოდა პირობითად გადაზიდვა ქუთაისიდან თბილისში და იმავე თვეში ანგარიშ-ფაქტურა ჰქონდა გადამხდელს გამოწერილი, სადაც დაფიქსირებული იყო იგივე მიმართულებები, ასეთი გადაზიდვა არ გამხდარა პრობლემა, მიუხედავად იმისა, ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი იყო თუ არა გადაზიდვაში მონაწილე რომელიმე მხარეზე.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯის და ჩათვლილი დღგ-ის, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. შემოწმებისთვის წარდგენილი ფრაგმენტული მონაცემებით ცნობილი გახდა მხოლოდ გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის შესახებ (45ლ 100 კმ-ზე). ამ და სხვა (მ.შ. გადამხდელის მიერ გამოწერილ საფებში მითითებული სატრანსპორტო გადაზიდვების დისტანციების შესახებ) მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება.
საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, დაექვემდებარა ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას დაექვემდებარა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ვერ დადასტურდა შეძენილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, მართლზომიერად განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის შემცირება. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების შედეგად საწვავის ხარჯის გაანგარიშება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მანძილის მიხედვით. აღნიშნული მიდგომით შეუძლებელია სრული სურათის აღდგნა, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტირების საწყის ადგილამდე მისვლის მანძილი. მაგალითად - ტრანსპორტირება დაიწყო 1.06.2021 წელს -------, -------დან და დასრულდა -------, -------ში. 2.06.2021 წელს ამავე სატვირთო ავტომობილით შესრულებულია რეისი ქ-------, -------დან -------, --------ში. მოცემულ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გაანგარიშებული -------, -------დან -------, -------მდე გავლილი მანძილი. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა მოხდეს სადავო საკითხის შესწავლა. მზად არის გაანგარიშებები წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს და აუდიტორებთან ერთად მოხდეს მათი ანალიზი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დამტკიცებული „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:
2. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულია სრულად აღრიცხოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაცია.
3. ერთობლივი შემოსავლიდან საწვავის ხარჯის გამოსაქვითად აუცილებელი პირობაა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფილ იქნეს ქვემოთ მოყვანილი პირობების დაცვა და მისი დოკუმენტურად დადასტურება, კერძოდ:
ა) საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა;
ბ) საწვავის შესაბამის ძირითად საშუალებაზე გაცემის დადასტურება;
გ) შეძენილი და გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის:
ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთზე;
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:
ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საწვავის ხარჯის გაანგარიშება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მანძილის მიხედვით. აღნიშნული მიდგომით შეუძლებელია სრული სურათის აღდგნა, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტირების საწყის ადგილამდე მისვლის მანძილი.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით და აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №129500-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, საწვავის ხარჯის ანალიზის დროს გამოვლინდა საწვავის ხარჯის დიდი ოდენობით დეკლარირების ფაქტი, რომელსაც თუ დაემატება ხელფასის ხარჯი (რომელსაც მეწარმე არ ადეკლარირებდა, თუმცა ფაქტია რომ მძღოლების დაქირავების გარეშე ვერ განახორციელებდა საქმიანობას) ვერ მიიღებდა შემოსავალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამოწმდა იყო თუ არა ეს ხარჯი დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა საწვავის ჩამოწრის აქტები. საწვავის ხარჯი დათვლილია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლი მეწარმის შემოწმების პროცესში წარდგენილი ჩამოწერის აქტის მიხედვით, რომლითაც 100 კმ-ზე ჩამოწერილია 45 ლიტრი საწვავი. ასევე, ხარჯად განხილულია ყველა გადაზიდვაზე აღნიშნული მეთოდით დათვლილ ხარჯს დამატებული 10% გაუთვალისწინებელი ხარჯი ანუ ის შემთხვევები რაზეც გადამხდელი მიუთითებს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხის კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია გამოქვითვები. მეწარმემ შემმოწმებელს არ წარუდგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე განხორციელდა გამოქვითვების კორექტირება, რამაც გამოიწვია სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადაწყვეტილების შინაარს მოიცავს პირველი დავის საგანი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სხვადასხვა პერიოდში მცირე მეწარმეებისგან მიღებული აქვს სატვირთო ავტომობილების შეკეთების მომსახურებები, რაზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის გამოწერილი. უახლოეს დღეებში წამოადგენს მიღება-ჩაბარების აქტებსა და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ასევე, გამოქვითვას ექვემდებარება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გადახდილი ჯარიმები, რომელსაც ასევე, წარმოადგენს უახლოეს დღეებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საჩივრებში მითითებულია, რომ სხვადასხვა პერიოდში მცირე მეწარმეებისგან მიღებული აქვს სატვირთო ავტომობილების შეკეთების მომსახურებები, რაზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის გამოწერილი. ასევე, გამოქვითვას ექვემდებარება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გადახდილი ჯარიმები. შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.10.2023 წლის №24825 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. საბანკო ანგარიშზე მიღებული შემოსავლის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით;
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
3. საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯის და ჩათვლილი დღგ-ის, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, შემცირება;
4. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხის კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო გადაზიდვები საქართველოში, ძირითადად საკუთარი სატვირთო ავტომობილებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 7.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 6.10.2023 წლის №24825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 80; 102; 105; 106; 159; 163; 164; 175; 176; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160(ა); 161(1); 173; 174;