გადაწყვეტილება №18497/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18497/2/2022
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ---------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---------ის 20.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18497/2/2022).
დავის საგანი:
დარიცხული თანხებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №081-126 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ნოემბრის №29350 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 46 800 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 34 186
ჯარიმა - 9 496
საურავი - 3 118
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №17051 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 5 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 29 იანვარს (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის). შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმემ 2019 წლის 21 ივნისს შეიძინა კომერციული ფართი (ს/კ ----------------) 46 000 აშშ დოლარად, ხოლო აღნიშნული კომერციული ფართის რეალიზაცია განახორციელა 2021 წლის 28 დეკემბერს 73 000 აშშ დოლარად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 28 დეკემბერი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, კომერციული ფართის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19123 ბრძანება და №081-126 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 46 800 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 10 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 24 ნოემბრის №29350 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ უარყოფს, რომ იყიდა ფართი, მაგრამ იყიდა საბანკო სესხით, უნდოდა ორ ბინად გაყოფა და გაქირავება, რათა დაეფარა ბანკის სესხი და სიბერე ჰქონოდა უზრუნველყოფილი. არ იცოდა, რომ ეს ფართი იყო კომერციული და კომერციული ფართის შეძენა-რეალიზაციაზე სხვა ვალდებულებები არსებობს.
ფართი შეიძინა 2019 წელს, რა დროსაც დაიწყო კოვიდ პანდემია, რის გამოც ვერ მოახდინა ფართის გაყოფა, ვერ გადაიხადა ბანკის სესხი, ორჯერ გადავადება გააკეთა და დაერიცხა საბანკო ჯარიმები. 2020 წელს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რაზეც საქართველოში და თურქეთის რესპუბლიკაში გადის სხვადასხვა მკურნალობას.
ამდენად, იძულებული გახდა გაეყიდა აღნიშნული ფართი და საბანკო სესხი დაეფარა.
მართალია გაყიდვა მოხდა ნაზარდი თანხით, მაგრამ არანაირი მოგება არ მიუღია, ვინაიდან ბანკმა დაიტოვა ძირი, ჯარიმა და საურავი. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მომჩივნის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით. მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). არის პენსიონერი, ავადმყოფი, აქვს ერთი ბინა და ითხოვს არცოდნის გამო გათავისუფლდეს დარიცხული თანხებისგან. თუ ეს შეუძლებელია, გაეწიოს შუამდგომლობა, რათა შემოსავლების სამსახურმა მოახდინოს შეთანხმება ნაწილობრივ გადახდაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. ამავე კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 28 დეკემბერი და საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, კომერციული ფართის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
მომჩივანი სადავოდ არ ხდის დარიცხვის მართლზომიერებას, აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და ითხოვს, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დარიცხული თანხებისგან.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ეწევა კომერციულ საქმიანობას და ფართის რეალიზაცია განხორციელდა ერთჯერადად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმისგან;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.