სხვადასხვა რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება N 2631
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სხვადასხვა რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება N 2631
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“ დაფუძნებულია რეზიდენტი ფიზიკური პირის და რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, თანაბარი მონაწილეობით. საწარმო საქმიანობს სათამაშო ბიზნესის სფეროში. 2017 წლის განმავლობაში შპს „X“-ის მიერ ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებულმა მოგებამ შეადგინა - 400 000 ლარი, სათამაშო აპარატების სალონიდან - 100 000 ლარი და კვების მომსახურების გაწევიდან - 100 000 ლარი. საწარმომ გადაწყვიტა 2018 წლის 10 იანვარს დამფუძნებლებზე თანაბრად გაანაწილოს 2017 წლის მოგება 300 000-300 000 ლარი.
· შპს „X"-ს 2018 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 97-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში ამ საქმიანობის ნაწილში, განისაზღვრება ამავე კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად. სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება.
· საწარმოს სხვადასხვა საქმიანობიდან მიღებული მოგება პარტნიორებს მიეკუთვნება წილების პროპორციულად. მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს ეკუთვნის 300 000 ლარი, საიდანაც 200 000 ლარი მიღებულია სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი ტოტალიზატორიდან (სსკ-ის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად ყოველთვიურად იბეგრება საქმიანობის ამ ნაწილში დადებული ფსონების ჯამი 7%-იანი განაკვეთით), 50 000 ლარი სათამაშო აპარატების სალონიდან და 50 000 ლარი - კვების მომსახურების გაწევიდან. იურიდიულ პირს ეკუთვნის 300 000 ლარი, საიდანაც 200 000 ლარი მიღებულია სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი ტოტალიზატორიდან, 50 000 ლარი - სათამაშო აპარატების სალონიდან და 50 000 ლარი - კვების მომსახურების გაწევიდან. საწარმო ვალდებული იყო 2018 წლის იანვრის თვეში ფიზიკურ პირზე განაწილებული კვების მომსახურებიდან მიღებული მოგება 50 000 ლარი დაებეგრა და ბიუჯეტში გადაეხადა 8 823 (50 000/0,85*15%) ლარი მოგების გადასახადი.
ღონისძიებები
· შპს „X"-ს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ და მისი დამფუძნებელი იურიდიული პირი მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით