ბრძანება N 23504
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 23504
11/08/2020
შპს -------------------
(მის: -----------------)
2019 წლის 24 დეკემბრის და
2020 წლის 12 ივლისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი N50) განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 24 დეკემბრის 48192/1/2019 და 2020 წლის 12 ივლისის 51883/1/2020 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №045-9 და 2020 წლის 10 ივლისის N045-10 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელის განმარტებით, კომპანია ახორციელებს ლიფსიტების იმორტს, ხოლო შემდგომ მათ გაზრდას და რეალიზაციას. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია არ იქნა მიჩნეული საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტად და ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით.
გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტს და შესაბამისად, გათავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის №18424 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2019 წლის 20 დეკემბრის №44953 ბრძანება და ამავე თარიღის №045-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 19495 ლარი; მათ შორის: გადასახადი 7696 ლარი, ჯარიმა 10734 ლარი, საურავი 1065 ლარი.
ამავე შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 26 ივნისს ასევე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 10 ივლისის №19000 ბრძანება და ამავე თარიღის №045-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 258402 ლარი; მათ შორის: გადასახადი 136973 ლარი, ჯარიმა74345 ლარი, საურავი 47084 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტების თანახმად, სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კომპანია ახორციელებს თევზის (ზუთხი) ლიფსიტის (საშუალოდ 200-დან 300 გრამამდე) იმპორტს, გაზრდას და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სომხეთიდან შემოჰყავს ციმბირული ზუთხის ლიფსიტები, რომელსაც განათავსებს ღია ტიპის აუზებში.
გადამხდელის განმარტებით, თევზის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს განიხილავს როგორც საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად. მიუხედავად ამისა, 2017 წლის ივლისიდან კომპანია რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად და 2018 წლის იანვრიდან შპს -----ზე მიწოდებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს ბეგრავს დღგ-ით.
იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ ხორციელდება ზუთხის ლიფსიტის იმპორტი (სასაქონლო კოდით 0301 99), მისი გაზრდა და რეალიზაცია ისე რომ იმპორტირებული პროდუქტი არ იცვლის სასაქონლო კოდს, შემოწმებით აღნიშნული პროდუქტი არ ჩაითვალა საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტად ან საქართველოში მთლიანად წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტად. შედეგად შპს ----- ს მიერ ზუთხის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური საკითხის განხილვისას მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
შესაბამისად, ვინაიდან, კომპანიის მიერ ხდება ზუთხის ლიფსიტის იმპორტი, გაზრდა და რეალიზაცია ისე, რომ იმპორტირებული პროდუქტი არ იცვლის სასაქონლო ნომენკლატურის კოდს, აღნიშნული პროდუქტი არ წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მისი მიწოდება არ არის დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაცია. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო ნაწილში დარიცხვა კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური ასევე, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
21. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვ ლის თარიღიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმისაგან თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შპს ----- უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №045-9 და 2020 წლის 10 ივლისის N045-10 საგადასახადო მოთხოვნებში ასახული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2019 წლის 24 დეკემბრის და 2020 წლის 12 ივლისის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ----- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №045-9 და 2020 წლის 10 ივლისის N045-10 საგადასახადო მოთხოვნებში ასახული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი);
3. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ ახორციელებს ლიფსიტების იმპორტს, გაზრდას და რეალიზაციას და არ ეთანხმბა აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტების თანახმად, კომპანია ახორციელებს თევზის ლიფსიტის იმპორტს, გაზრდას და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. გადამხდელი თევზის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს განიხილავს როგორც საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად. იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტირებული პროდუქტი არ იცვლის სასაქონლო კოდს, შემოწმებით აღნიშნული პროდუქტი არ ჩაითვალა საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტად შედეგად საწარმოს მიერ ზუთხის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით სსკ-ს 161-ე მუხლის შესაბამისად და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან იმპორტირებული პროდუქტი არ იცვლის სასაქონლო ნომენკლატურის კოდს, მისი მიწოდება არ არის დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაცია. ამდენად, დარიცხვა კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, და სსკ-ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სანქციისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“); 168(4,,ფ“)